სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, რამაზანის ლოცვასთან ერთად, მუსლიმმა თემმა ილია მეორისთვისაც ილოცა და პანაშვიდსაც დაესწრებიან. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
"ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა.რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში.
დღეს, როცა რამაზანის ბოლო დღე და ბოლო ლოცვა სრულდება ეს კიდევ უფრო ძლიერ სიმბოლოდ იქცევა რწმენის, ერთიანობის და იმ სითბოს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, მიუხედავად განსხვავებებისა. ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა" - წერს ბაირამოვა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II 17 მარტს გარდაიცვალა. ის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდზე არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
წაიკითხეთ ასევე: