საქართველოს ვეტერინარიისა და ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც ის წერს, აღნიშნული დანაკლისი სცდება ეკლესიის ინსტიტუციურ საზღვრებს და ეხება მთლიანად ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ვეტერინარულ სფეროს.
"ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით ვეხმაურებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, სრულიად საქართველოს სულიერი წინამძღოლის გარდაცვალებას. საქართველოს ვეტერინარიისა და ერთიანი ჯანმრთელობის ასოციაციის სახელით, როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს სრულიად საქართველოსადმი — სამღვდელოების, მრევლისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთვისაც აღნიშნული დანაკლისი პიროვნულად და სულიერად მტკივნეულია.მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პროფესიული საზოგადოება — ვეტერინარი ექიმები — ერთიანი პოზიციითა და სოლიდარობით იზიარებს ამ საერთო ეროვნულ მწუხარებას.

აღნიშნული დანაკლისი სცდება ეკლესიის ინსტიტუციურ საზღვრებს და ეხება მთლიანად ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ვეტერინარულ სფეროს, რომლის მიმართაც მისი უწმინდესობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და კეთილგანწყობას ავლენდა. ვეტერინარიული პროფესიის წარმომადგენელთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის დამოკიდებულებას ცოცხალი სამყაროსადმი. მისი უწმინდესობა ცხოველებს აღიქვამდა, როგორც ღვთის ქმნილებებს, რომელთა მიმართ ზრუნვა, პატივისცემა და ჰუმანური დამოკიდებულება ადამიანის სულიერი პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. ამ კონტექსტში, გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება ქართული ნაგაზის მიმართ, რომელიც ეროვნულ ფასეულობასა და ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს.

განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავ პირად გამოცდილებას, მიმეღო მონაწილეობა მის მფარველობაში მყოფი ცხოველების მოვლაში და სხვა...მისი სულიერი მემკვიდრეობა — სიკეთე, თანაგრძნობა და ყოველი ცოცხალი არსებისადმი ზრუნვის იდეა — დარჩება მნიშვნელოვან ღირებულებით საფუძვლად როგორც საზოგადოებრივი, ისე პროფესიული ეთიკის განვითარებისათვის.ვეტერინარი ექიმები კიდევ ერთხელ უსამძიმრებს საქართველოს.მარადიული ხსოვნა" - წერს ლალი ვაშაკიძე.