იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, წირვის დროს მცირე კორიდორი იქნება დატოვებული სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად მრევლს კვლავ შეეძლება შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება, - ამის შესახებ ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლიანად ჩაკეტილი არ იქნება და მოქალაქეებს შეეძლებათ მსახურების დროს ტაძარში შევიდნენ.
„დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების მდინარე არ წყდება. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა იმ შესაძლებლობის გარეშე, რომ აქ დამშვიდობებოდა თავის საყვარელ მოძღვარს. დღეს 15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს მცირე კორიდორი იქნება დატოვებული სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. რა თქმა უნდა, შეზღუდვა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა მთლად ჩაკეტილი არ იქნება და შეეძლებათ მსახურების დროს შემოვიდნენ“, - განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.
ჯღამაიძის თქმით, სიონის საკათედრო ტაძრისკენ იმ მარშრუტით გაემართება პროცესია, რომლითაც მოხდა საპატრიარქოდან სამებაში გადასვენება.
„მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კორიდორის მიღმა დადგნენ, მარჯვნივ და მარცხნივ. იმ მარშრუტით, რომლითაც მოხდა ამოსვენება, სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება პროცესია და მათ შეეძლებათ რომ ასე მიაგონ ბოლო გზაზე პატივი პატრიარქს“, - აღნიშნა ანდრია ჯღამაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.