რა არის ცნობილი მსოფლიო პატრიარქზე, რომელმაც წესი აუგო ილია II-ს - რატომ მოიხსენიებენ ბართოლომეოს I-ს "მწვანე პატრიარქად" და რა გამოწვევები ახლავს მის მოღვაწეობას?

რა არის ცნობილი მსოფლიო პატრიარქზე, რომელმაც წესი აუგო ილია II-ს - რატომ მოიხსენიებენ ბართოლომეოს I-ს "მწვანე პატრიარქად" და რა გამოწვევები ახლავს მის მოღვაწეობას?

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება ჩატარდა.

მსახურება კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I- მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, აღასრულა. ის დელეგაციასთან ერთად დღეს ჩამოფრინდა თბილისში და სამებაში პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.

  • რა არის ცნობილი მსოფლიო პატრიარქზე?

ბართოლომეოს I ( ერისკაცობაში დიმიტრიოს არქონტონისი) - კონსტანტინოპოლის 232–ე მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს, თურქეთის კუნძულ იმბროსზე. დაწყებითი სკოლა დაამთავრა იქვე, ხოლო საშუალო - სტამბოლში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961–1963 წწ. მსახურობდა თურქეთის არმიაში.

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. 1961 წლის 13 აგვისტოს აკურთხეს ბერდიაკვნად. 1963-1968 წწ. მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე "წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად.

1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმინდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბოლის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის - თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა; ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.

მისი სრული ტიტულია:

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი.

თურქეთის მთავრობა არ აღიარებს მის მსოფლიო პატრიარქობას და მას აღირებენ მხოლოდ როგორც თურქეთის ქრისტიანული თემის ხელმძღვანელს.

  • ეკლესიური და საერთაშორისო როლი

ბართლომეო I აქტიურად მუშაობს მართლმადიდებელი ეკლესიების შორის ერთიანობის შენარჩუნებაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

  • პან-მართლმადიდებლური დიალოგის გაძლიერებაში
  • ეკლესიებს შორის კონფლიქტების მედიაციაში
  • ავტოკეფალიის საკითხებში (მაგალითად, უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში)
  • საერთაშორისო რელიგიურ დიალოგში
  • იგი აქტიურად საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე.

  • "მწვანე პატრიარქი“

ბართლომე I განსაკუთრებით ცნობილია გარემოს დაცვის თემებზე აქტიურობით. სწორედ ამიტომ მას ხშირად "მწვანე პატრიარქსაც“ უწოდებენ. იგი ერთ-ერთი პირველი რელიგიური ლიდერია, რომელმაც ეკოლოგიური პრობლემები სულიერ და ეთიკურ საკითხად წარმოაჩინა. ის ხაზს უსვამს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას მართლმადიდებლურ თეოლოგიაში. ბართლომეოს I-მა ეს წოდება 1990-იანი წლებიდან, ეკოლოგიური აქტივიზმის გამო დაიმსახურა - ის მრავალი საერთაშორისო ეკოლოგიური კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ინიციატივის ორგანიზატორია, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას.

ეკო-თეოლოგია: პატრიარქი ბართლომეოსი ავითარებს იდეას, რომ ბუნების განადგურება ცოდვაა და ეკოლოგიური კრიზისი, პირველ რიგში, სულიერი პრობლემაა. იგი ხაზს უსვამს რელიგიური ლიდერების პასუხისმგებლობას შექმნილი სამყაროს (ბუნების) დაცვაზე.

  • გამოწვევები და კრიტიკა

მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად არ აღიქმება. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რამაც დაძაბულობა გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ამასთანავე, ბართლომე I-ს უწევს საქმიანობა რთულ პოლიტიკურ გარემოში - თურქეთში, სადაც ქრისტიანული ინსტიტუტების ფუნქციონირება გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

მიუხედავად შეზღუდული იურიდიული ძალაუფლებისა, ის რჩება მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ სულიერ ავტორიტეტად. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური დიალოგის, ეკლესიის ერთიანობისა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირების თვალსაზრისით.

იხილეთ ასევე: