ავტორი:

როგორ მივიდა ბაშის ეკლესიის კურთხევაზე ილია მეორე, მსოფლიო პატრიარქთან ერთად - რას იხსენებს მამუკა ხაზარაძე?

როგორ მივიდა ბაშის ეკლესიის კურთხევაზე ილია მეორე, მსოფლიო პატრიარქთან ერთად - რას იხსენებს მამუკა ხაზარაძე?

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება ჩატარდა.

მსახურება კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, აღასრულა. ის დელეგაციასთან ერთად დღეს ჩამოფრინდა თბილისში და სამებაში პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა. მსოფლიო პატრიარქთან დაკავშირებით პარტია "ლელო" - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე იხსენებს:

  • "ბაშის ეკლესია

28 აგვისტოს სოფელში დიდი აურზაური და ჟრიამული იწყებოდა, ბავშვები ჭიაკოკონობისთვის ვემზადებოდით. სინამდვილეში, არავინ იცოდა, რა ტრადიცია იყო ეს, თუმცა ის, რომ ანთებულ კოცონს უნდა გადახტომოდი, დიდ ინტერესს და საბრძოლო ჟინს იწვევდა პატარებში და დიდებიც მშვენივრად ერთობოდნენ.

შინ რომ დავბრუნდებოდით, სოფიო ბებია იმ დღისთვის გამომცხვარ კვერებში სანთლებს ჩაარჭობდა, საკურთხის სუფრას გაშლიდა, საკმეველს მოაკმევდა და ჩურჩულით, რუდუნებით კითხულობდა ლოცვებს. ჩემს ბავშვობაში ხომ ეკლესიაში სიარული გვეკრძალებოდა და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, გავიგე ღვთისმშობლობის დღესასწაულის მნიშვნელობა. ისიც გავიგე, რომ ჩემს სოფელში ბოლშევიკებს ხუთი ეკლესია დაენგრიათ და ხალხი ჩუმად, მაგრამ მთელი გულით, ასეთი რიტუალებით აღნიშნავდა დღესასწაულებს.

ეტყობა, არ მასვენებდა ამაზე ფიქრი და 2002 წელს სოფელში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენება გადავწყვიტე. ავიღე კურთხევა მეუფე საბასგან, დავუკავშირდით ნიჭიერ არქიტექტორს, დათო სვანიძეს და საუკეთესო მშენებელს, დათო ლაცაბიძეს. მამაჩემს ვთხოვე ორგანიზება და შევუდექით საქმეს. რაღაც გამორჩეულის გაკეთების სურვილი გვქონდა და ავაშენეთ ტაძარი ძველი ქართული მეთოდით, დიდი, ნახევარტონიანი ლოდებით, ულამაზესი ჩუქურთმებით, რომელთა ასლები თითქმის ყველა ისტორიული ტაძრიდან გადმოვიღეთ, გადავხურეთ ძველებურად, ლორფინით. ძალიან ლამაზი გამოვიდა. დაინიშნა ტაძრის კურთხევის დღეც, ბევრ სტუმარს ველოდით, მეუფეებს, მღვდლებს, მეგობრებს...

ამ დროს საპატრიარქოდან მირეკავენ და მეკითხებიან, როდის არის კურთხევაო. ვუპასუხე, ამა და ამ დროს-მეთქი. პატრიარქს დასავლეთ საქართველოში ვიზიტი აქვს, სტუმართან ერთად მოფრინავს და დაელოდეთო (როგორც მერე გავარკვიე, ბათუმში მიფრინავდა უწმინდესი და ბოლო წუთებში შეცვალა გეგმა). გახარებული ვუსმენდი, ასე როგორ დაემთხვა ეს ამბავი-მეთქი. თან ჩემი სოფელი ბაში ხომ კოპიტნარის აეროპორტის უკანაა, ლამის ფეხით მიხვალ. რა თქმა უნდა, ავფორიაქდი კიდეც. ახალი ამბავი მაშინვე გავუზიარე სტუმრებსაც. ყველა სიხარულით მოემზადა ჩვენი პატრიარქის დასახვედრად. ტაძრის ეზოს მანქანების ესკორტი მოადგა და კიდევ უფრო დაუჯერებელი რამ მოხდა - მანქანიდან ორი პატრიარქი გადმოვიდა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.

გაოგნებული დავხვდით ამ დიდ სიურპრიზს და სიხარულს. ალბათ აღარც ღირს იმის მოყოლა, თუ როგორ ჩატარდა ამ პატარა ტაძრის კურთხევის ცერემონია.

რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მქონდა ბედნიერება, მსოფლიო პატრიარქს ვწვეოდი კონსტანტინოპოლში და მანაც დეტალურად გამომკითხა ჩვენი ტაძრის ამბები".

იხილეთ ასევე: