ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ბევრად აღემატებოდა ფართობით ლონდონსა და ბერლინს, ქრება -  რას ამბობენ მეცნიერები?

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ბევრად აღემატებოდა ფართობით ლონდონსა და ბერლინს, ქრება -  რას ამბობენ მეცნიერები?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი აისბერგის დასასრული ახლოვდება. 40 წლის განმავლობაში ის ოკეანეში დრეიფობდა და მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა.

სულ ცოტა ხნის წინ, აისბერგი A23a პლანეტაზე ყველაზე დიდი აისბერგი იყო: მისი ფართობი ორჯერ და მეტჯერ აღემატებოდა ლონდონის ფართობს, ოთხჯერ ბერლინს და დაახლოებით სამ ნახევარჯერ - მოსკოვს.

თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში A23a ჩრდილოეთისკენ შორს გადავიდა, თბილ წყლებში მოხვდა, ნაწილობრივ დნება დაიწყო, ბზარები გაუჩნდა და საბოლოოდ შთამბეჭდავად დაიშალა.

თბილი ოკეანე აგრძელებს იმის განადგურებას, რაც მისგან დარჩა. მისი დასასრული ახლოსაა - მას, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

ყველა აისბერგი ბოლოს და ბოლოს დნება, მაგრამ A23a-ს დაშლას მეცნიერები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ, რათა გაერკვიათ, რას ამბობს მისი ბედი იმაზე, როგორ რეაგირებს ანტარქტიდა კლიმატის ცვლილებაზე.

  • როგორ დაიწყო ყველაფერი

ამისთვის 1986 წელს უნდა დავბრუნდეთ - იმ წელს ჩერნობილის ატომური რეაქტორი აფეთქდა, გარი ლინეკერი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო უიტნი ჰიუსტონმა პირველი "გრემი“ მიიღო.

ამავე პერიოდში, ადამიანთა თვალთახედვისგან შორს, სწრაფად იცვლებოდა ფილჰნერის შელფური მყინვარის ფორმა - გიგანტური ყინულის მასივი ანტარქტიდიდან უედელის ზღვაში იშლებოდა. სწორედ მაშინ მოწყდა მას ერთ-ერთი აისბერგი - A23a, უზარმაზარი "ყინულის კუნძული“ დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრის ფართობით.

მალევე ის უედელის ზღვაში მეჩეჩზე დაჯდა და იქ 30 წელზე მეტი გაატარა. მხოლოდ 2020 წელს შენიშნეს მეცნიერებმა, რომ ის კვლავ ამოძრავდა.

  • გრძელი მოგზაურობა

2022 წლიდან აისბერგმა ანტარქტიდის ნახევარკუნძულის გასწვრივ მოძრაობა დაიწყო. ოკეანის დინებებმა ის "აისბერგების გზაზე“ გადაიყვანა სამხრეთ ორკნეის კუნძულების მიმართულებით.

იქ იგი მოხვდა უზარმაზარ მორევში - ე.წ. ტეილორის სვეტში და დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ერთ ადგილზე ტრიალებდა.

შემდეგ აისბერგმა სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ გადაინაცვლა, სადაც კვლავ გაჩერდა რამდენიმე თვით. ბევრი ანტარქტიდული აისბერგი სწორედ აქ ასრულებს გზას, თუმცა A23a-მ შეძლო გათავისუფლება და გზა განაგრძო ჩრდილოეთისკენ.

  • ნელ-ნელა დაშლა

2025 წლის დასაწყისშიც კი, 39 წლის ასაკში, A23a კვლავ გიგანტური იყო - მას შეეძლო თითქმის მთლიანად გადაეკეტა ლა-მანშის სრუტე.

თუმცა იმავე წლის განმავლობაში მისი ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა. წლის პირველ ნახევარში მან ფართობის დაახლოებით მეოთხედი დაკარგა და დაკარგა "მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის“ სტატუსიც.

შემდგომში მისგან რამდენიმე დიდი ნატეხი გამოეყო - A23g, A23h და A23i.

დეკემბერში, სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულის პერიოდში, აისბერგზე გაჩნდა ლურჯი დნობადი წყლის ტბები. ეს იყო ნიშანი, რომ ის არა მხოლოდ ქვემოდან, არამედ ზემოდანაც დნებოდა.

წყალი აღწევდა ბზარებში, აფართოებდა მათ და იწვევდა ე.წ. ჰიდროდაშლას.

  • კლიმატის კონტექსტი

დიდი აისბერგების დაშლა ბუნებრივი პროცესია და ყოველთვის პირდაპირ არ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. თუმცა მეცნიერებისთვის A23a მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის საშუალებას აძლევდა დაჰკვირვებოდნენ, როგორ იქცევა ანტარქტიდის ყინული უფრო თბილ პირობებში.

შელფური მყინვარები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანტარქტიდის ყინულის საფარის სტაბილურობაში, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად სწრაფად შემცირდებიან ისინი გლობალური დათბობის პირობებში.

  • ბოლო ეტაპი

2026 წლის მარტისთვის A23a-ს ზომა დაახლოებით 16×13 კილომეტრამდე შემცირდა, მისი ფართობი კი დაახლოებით 180 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ბოლო კვირებში აისბერგმა თითქმის სრული წრე გააკეთა ოკეანეში, სავარაუდოდ, ეს მისი "ბოლო წრე“ იყო.

მეცნიერების პროგნოზით, უახლოეს კვირებში ის მთლიანად გაქრება.

"ის სრულიად გაქრება, ყოველგვარი კვალის გარეშე", - აცხადებენ მკვლევრები.

ეს ისტორია არა მხოლოდ ერთ აისბერგზეა - ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივმა პროცესებმა და კლიმატურმა ცვლილებებმა ერთად განსაზღვროს ჩვენი პლანეტის მომავალი. წყარო