სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობით გადაასვენეს.
ილია II-ს სიონის ტაძარში დაკრძალავენ, სადაც საქართველოს რვა პატრიარქი განისვენებს.
სამგლოვიარო მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი იყო ცოცხალი დერეფანი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატივი მიეგოთ ქვეყნის სულიერი მამისთვის.
მრევლი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა, რათა პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ.
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
ცერემონიას უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
უნეტარესის წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
ტაძრის ეზოში მდგარ მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა ეზოში დამონტაჟებული მრავალი მონიტორიდან თვალი ედევნებინა მსახურებისთვის.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამოქალაქო პანაშვიდი გასული დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.