ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილით ადრე ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ლიბანში ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება.
“მოსალოდნელია, რომ ირანისა და “ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გველის“, - აღნიშნა დეფრინმა.
მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა და მისმა მისმა მოკავშირეებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს.
“ყოველი დღის განმავლობაში ჩვენ სულ უფრო და უფრო ვასუსტებთ ტერორისტულ რეჟიმს. არ დავუშვებთ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა და მისმა პროქსებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მიზანმიმართულად, სამოქალაქო სამიზნეებს 300-ზე მეტჯერ შეუტიეს“, - განაცხადა ბრედ კუპერმა Iran International-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ რეგიონზე თავდასხმების გაგრძელება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
კუპერის განცხადებით, აშშ და ისრაელი რაკეტებისა და დრონების წარმოების ობიექტებს ესხმიან თავს.
“ჩვენს სამიზნეს ასევე წარმოება წარმოადგენს. ასე რომ, საქმე მხოლოდ დღევანდელ საფრთხეს არ ეხება. ვახორციელებთ მომავალი საფრთხის აღმოფხვრას, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე საზღვაო ძალების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კუპერმა.
მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები “ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, ხოლო მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკისა და ისრაელის მომავალი საჰაერო დარტყმებისგან.