ავტორი:

80-კაციანი დელეგაცია: მათ შორის პუტინის სპეცწარმომადგენელი და ბელარუსი ეგზარხოსი - ვინ დაესწრო რუსეთიდან ილია მეორის დაკრძალვას?

80-კაციანი დელეგაცია: მათ შორის პუტინის სპეცწარმომადგენელი და ბელარუსი ეგზარხოსი - ვინ დაესწრო რუსეთიდან ილია მეორის დაკრძალვას?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკანასკნელ გზაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა დელეგაციებმა გააცილეს.

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსული იყო ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, დაკრძალვას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

რუსეთის დელეგაცია

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

  • უნეტარესის წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.

“რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ვენიამინის ხელმძღვანელობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესობის კირილის, ლოცვა-კურთხევით ჩავიდა,“ - წერს ოკუპანტი ქვეყნის მედია.

  • დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და ბელორუსის ეგზარქოსის ორგანიზაციული სამუშაოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მღვდელი რომან ლარკოვი.

“დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სიწმინდეებს მცხეთასა და თბილისში.

დელეგაცია ეწვია წმინდა სამების საკათედრო ტაძარს (სამება), სადაც მიტროპოლიტმა ბენიამინმა გადაიხადა პანაშვიდი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდაცვლილი წინამძღვრის სასახლესთან. დელეგაციის ხელმძღვანელს ეხმარებოდნენ მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და თბილისის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • სამების საკათედრო ტაძარში გამართულ, ილია II-ის გაცილების ცერემონიას ასევე დაესწრო სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი.

“2026 წლის 22 მარტს, თბილისის სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გაცილების ცერემონია, რომელიც 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თითქმის 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და გახდა მთელი ქართველი ხალხის ნამდვილი მოსიყვარულე მამა და სულიერი მფარველი.

ახლად შესვენებულის სასახლე ტაძარში ხუთი დღის განმავლობაში იდო. ამ ხნის განმავლობაში მორწმუნეთა უწყვეტი ნაკადი დღე და ღამე მოდიოდა საყვარელი მთავარეპისკოპოსისთვის პატივის მისაგებად.

გაცილების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქართველი ეპისკოპოსები, სასულიერო პირები და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მრავალი უცხოური დელეგაცია. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესობის პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით, დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სრულიად ბელორუსიის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ვენიამინი,“ - ავრცელებს ბელარუსული მედია.

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II-ე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობით გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესიას ათასობით ადამიანი მიჰყვებოდა. მსვლელობა სვანური ზარით დაიწყო, მტელი დღის განმავლობაში ისმოდა გალობა.პატრიარქი მრევლმა ტაშით და ცრემლებით გააცილა.

გარდა დელეგაციებისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი დაესწრო. ის საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის გავრცელებული ცნობის თანახმად, იყო რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შვიდკოიმ რუსეთის ლიდერის სამძიმარი გადასცა ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს".

“რუსეთმა ღრმა მწუხარებით მიიღო მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა. ის იყო ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი ლიდერი და ეკლესიისა და ხალხისადმი უანგარო მსახურების მაგალითი. პატრიარქი ილია II მთელი ძალით იბრძოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შესანარჩუნებლად და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამოქალაქო პანაშვიდი გასული დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

იხილეთ ასევე: