ავტორი:

“ვაღიარებ, მსგავსი რამ არ უნდა მეთქვა“ - ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს, რომელსაც მეტროში დაუპირისპირდა (ვიდეო)

“ვაღიარებ, მსგავსი რამ არ უნდა მეთქვა“ - ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს, რომელსაც მეტროში დაუპირისპირდა (ვიდეო)

22 მარტს ინტერნეტში გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეტროთი მგზავრობის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის მგზავრს - მთიანი ყარაბაღის ყოფილ მკვიდრს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისათვის ფაშინიანი განსაკუთრებით ემზადება, ის წინასაარჩევნო კამპანიას უკვე აწარმოებს და სოციალურ პლატფორმებზე საკმაოდ ორიგინალურ ვიდეოებსაც აზიარებს. ქვეყნის პრემიერი თანაგუნდელებთან ერთად ხშირად მგზავრობს ავტობუსით და საზოგადოებასთან პირისპირ საუბრობს სხვადასხვა თემებზე.

ფაშინიანი ავტობუსით მგზავრობისას, თანაგუნდელთან ერთად ჩურჩხელას მიირთმევს

კვირას ფაშინიანმა ერევნის მეტროთი იმგზავრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას სომხეთის მინიატიურული რუკები დაურიგა.

კონფლიქტი ფაშინიანსა და ახალგაზრდა ყარაბაღელ ქალს შორის, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად მგზავრობდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა მას გულსაბნევის ფორმის რუკა საჩუქრად გაუწოდა. თუმცა, იყო ერთი დეტალი: რუკის ფორმის გულსაბნევები ასახავდა სომხეთს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - მთიანი ყარაბაღის გარეშე.

სწორედ ამის გამო თქვა უარი ქალმა საჩუქრის მიღებაზე და უპასუხა, რომ “ის ყარაბაღის ნაწილიდან, არცახიდან (ყარაბაღიის სომხური სახელი) და მათ სხვანაირი რუკა აქვთ“.

ქალის პასუხმა ფაშინიანი გააღიზიანა და მას “ყარაბაღიდან გამოქცეული“ უწოდა.

“რატომ არ დარჩით იქ?.. თქვენ ვაჟს ამ რუკაზე მოუწევს ცხოვრება, გაითვალისწინეთ ეს“, - უპასუხა პრემიერმა.

“თითის ქნევით ნუ მელაპარაკებით“, - უპასუხა მოქალაქემ.

სომხური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა 1990-იან წლებში კონფლიქტისას დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის, მერუჟან მოსიანის შვილი, არმინე მოსიანი.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს გავრცელებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია სომხურ საზოგადოებაში. ფაშინიანი ომბუდსმენმა ანაჰიტ მანასიანმა და ოპოზიციამ გააკრიტიკა.

  • მოგვიანებით ნიკოლ ფაშინიანმა ქალს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

“კოლეგების კრიტიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ჩემს ნათქვამში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ბოდიშს გიხდით თქვენ და თქვენს ვაჟს ამისთვის. იმედი მაქვს, რომ მეტროში ან სადმე შევხვდებით და მშვიდად ვისაუბრებთ.

ვაღიარებ, მსგავსი რამ არ უნდა მეთქვა...“ - დაწერა ფაშინიანმა “ფეისბუქზე“.

წყარო

იხილეთ ასევე: