რუსეთში მცხოვრები, ცნობილი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მოგონებას აქვეყნებს, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-თან პირად შეხვედრებსა და იმ უცნობ დეტალებზე საუბრობს, რამაც მის ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა:
"გადაღებების დროს ჩემი ჯგუფის წევრი მძიმედ დაშავდა - მთაში ის სიკვდილის პირამდე სცემეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, გადავწყვიტე, ჩემი მეგობარი დეპრესიიდან გამოსაყვანად სამების საკათედრო ტაძარში, წირვაზე წამეყვანა. მინდოდა, საპატრიარქო გუნდის ღვთიური გალობა მოესმინა.
ტაძრის წინამძღვარმა რომ დაგვინახა, იკითხა, - რა სჭირდა ჩემს დასახიჩრებულ მეგობარს. სულ მალე კი დაბრუნდა და გვითხრა, რომ საკურთხეველში თავად პატრიარქი გველოდებოდა.
უწმინდესმა ჩემს მეგობარს ღიმილით უთხრა: "ნუ გეწყინებათ... მეც იქიდან ვარ წარმოშობით, სადაც თქვენ გცემეს“.
შემდეგ საპატრიარქოში ტრაპეზზე დაგვპატიჟა. მეგობარს ვისკი შესთავაზა - მაშინვე მიხვდა, რომ ეს დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარებოდა. იქიდან სითბოთი სავსენი და დასაჩუქრებულნი წამოვედით.
გავიდა დრო. სამი წელი ფესტივალებზე დავდიოდით და ეს ამბავი თითქოს დამავიწყდა. მოულოდნელად, ოთხი წლის შემდეგ, საპატრიარქოდან ჩემი ძებნა დაიწყეს. მაღალი იერარქები და მეც თავგამოდებით ვცდილობდით გაგვეხსენებინა, ვინ იყო ის "ნაცემი ადამიანი“, რომელიც წლების წინ პატრიარქთან მივიყვანე. მე უკვე აღარ მახსოვდა.
მაშინ უწმინდესმა ჩუმად მკითხა: "რეზო, შენ ჩემთან ნაცემი კაცი მოიყვანე... მინდა ვიცოდე, განვაგრძო თუ არა მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა?“
აი, ასე: ის, რაც ჩვენთვის მხოლოდ წამიერი ტრაგედია იყო და შემდეგ ცხოვრების ეპიზოდად იქცა, პატრიარქისთვის მუდმივ სულიერ ღვაწლად და ზრუნვად დარჩენილა. რაც ჩვენ დავივიწყეთ, მას ახსოვდა და ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ლოცულობდა ჩვენთვის.
ხშირად მახსენდება მისი იუმორიც. ერთხელ მის მარანში ვიყავით. ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, უწმინდესის მუსიკით აღფრთოვანებული, დაუღალავად საუბრობდა გლობალურ პროექტებზე, მართლმადიდებლურ ექსპანსიასა და მსოფლიო მასშტაბის შოუებზე. უწმინდესმა მამობრივად გაუწოდა ხელი მოლაპარაკეს და პირიდან ჩურჩხელის ძაფი ფრთხილად ამოაცალა. პატრიარქმა გაიღიმა და თქვა: "ამაოება ამაოებათა“, - ყველას გაგვეცინა.
მასთან მივდიოდი სასოწარკვეთილებისას თუ სიხარულისას - ოჯახთან და ბავშვებთან ერთად. ის ყოველთვის მშობლიურად და თბილად მხვდებოდა. ერთხელ მამასთან ერთად ვესტუმრე. ორივემ ვიცოდით, რომ მამას სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი. ნუგეშის სიტყვებს ველოდი, ის კი დუმდა. მაშინ გამიჭირდა ამის მიღება, რადგან მეგონა, რომ ის ყოვლისშემძლე იყო.
ახლა მესმის: მისმა დუმილმა და მამაჩემისადმი მისმა ჩახუტებამ უფრო მეტი თქვა, ვიდრე ნებისმიერ სიტყვას შეეძლო. მან მამა მარადისობასთან მშვიდი შეხვედრისთვის მოამზადა.
მე ყოველთვის მემახსოვრება ეს გრძნობა - რომ თქვენი საშუალებით შევეხე მარადისობას, ჩემო საყვარელო უწმინდესო ილია“.