ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების მხრიდან მოსალოდნელი სავარაუდო საფრთხეების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კვირას გაფრთხილება გაავრცელა გლობალური განგაშის შესახებ და მთელს მსოფლიოში მყოფ თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკელებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე და ფრთხილად იყვნენ ხალხმრავალ ადგილებში.
“სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. მოვუწოდებთ, საზღვარგარეთ მყოფმა ამერიკელებმა დაიცვან მოცემული რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია მათთან უახლოესი აშშ-ის საელჩოს ან საკონსულოს მიერ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გაფრთხილებას წინ უძღოდა ირანის სამხედრო წრეების მიერ გავრცელებული მწვავე განცხადებები.
ირანის გენერალმა, აბოლფაზლ შეკარჩმა პარასკევს გაავრცელა მუქარა, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო - მისი თქმით, “ირანელმა მებრძოლებმა შესაძლოა ყურადღება პოპულარულ ტურისტულ ადგილებზე გადაიტანონ“.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რიტორიკა ზრდის გლობალური უსაფრთხოების რისკებს და აძლიერებს შიშს, რომ დაძაბულობა შესაძლოა სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს.

კვირას ირანმა კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა და განაცხადა, რომ მზად არის “ნულოვანი თავშეკავების“ პოლიტიკის გასატარებლად. თეირანის თქმით, შესაძლო სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში სამიზნე გახდება როგორც სპარსეთის ყურის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-თან თანამშრომლობენ.
დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ჰორმუზის სრუტეში - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტზე, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადაადგილდება. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბახერ კალიბაფიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა მსგავს დათმობაზე არ წავა. მისივე თქმით, ნებისმიერი დამატებითი ზეწოლა საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს. წყარო
იხილეთ ასევე: