თბილისში, სასტუმრო "Panorama 360 Hotel“-ში ნაპოვნი 22 წლის რუსეთის მოქალაქის, ალინა კამბაროვას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ambebi.ge-სთან განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, დადგენილია, რომ ა.კ. საქართველოში 16 მარტს ჩამოფრინდა. გამოძიების ამ ეტაპზე ჩნდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ვერსიაც:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა.
ა.კ.-ს თანხმლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა.
ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ა.კ. - ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა".
ვიდრე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების ვერსიაზე მუშაობს, გოგონას მამა რუსულ მედიასთან შვილის ბოლო საათებს იხსენებს და ამბობს, რომ ალინას ქცევაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. მისი თქმით, ალინა საქართველოში ადრეც ცხოვრობდა და აქ დაბრუნება ძალიან უხაროდა.
ბოლო კონტაქტი: 16 მარტს, 23:00 საათზე, ალინამ ოჯახს მისწერა, რომ სასტუმროში იყო, დაიღალა და დასვენება სურდა.
წაიკითხეთ ასევე: