“ბიძინა ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით - ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“გუშინ, ქართულ მიწას ჩვენი სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიაბარეს. ის იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე, ასევე ჩემი მეგობარი.
გუშინ, გასვენებაში იყო ფარისევლების შემოსევა. ივანიშვილს ორი ადამიანი - პატრიარქი და მე ვეზიზღებოდით, პატრიარქი განსაკუთრებით. ივანიშვილი საუბარს ყოველთვის იწყებდა და ამთავრებდა პატრიარქის ლანძღვით.
გუშინ რაღაც სიტყვა დაუწერეს. პატრიარქს ბოლო წლები ივანიშვილმა ჯოჯოხეთად უქცია. ჯერ ე.წ. “ციანიდის“ სკანდალი აუგორეს, რომელიც სპეცოპერაცია იყო. ამ ამბის შემდეგ პატრიარქი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ივანიშვილმა საპატრიარქოში დაუნიშნა მაყურებელი. შემდეგ იყო “კრებსების“ სკანდალი, სადაც აღმოჩნდა, რომ პატრიარქს უსმენდნენ, ეს წარმოუდგენელია. ჩემს დროს სპეცსამსახურები ახლოს არ ეკარებოდნენ და უკიდურესად ფრთხილები იყვნენ ეკლესიის საკითხებში. ეს სფერო სრულიად ხელშეუხებელია. ესენი მთელი აზარტით და აქტიურად უსმენენ. პატრიარქი მოაქციეს სრულ იზოლაციაში. ამის უამრავი მაგალითი მაქვს, პრაქტიკულად მისი სახელით ჩადიოდნენ იმას, რაც მათ სურდათ და რუსებს.
ახლა ამ სპეცოპერაციის საბოლოო ეტაპი დგება - ეკლესიის განადგურება, რადგან საქართველოს ეკლესია არის, ქვეყნის იმუნიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თუ ქართულ ეკლესიას გაანადგურებ, ასევე ანადგურებ ერის იდენტობასა და იმუნიტეტს. ივანიშვილისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი მიუღებელია - სახელმწიფო და ეკლესიის ავტორიტეტი ქვეყანაში. არსებობს მხოლოდ პუტინი, ის და მისი კერძო საკუთრება.
პატრიარქის ანდერძიც ალბათ სადღაც გააქრეს, სუს-ში პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 საათში შეიქმნა შტაბი, მეუფეები გადანაწილებულები ჰყავთ. მზადდება ეკლესიაში ეგზარქოსის დასმა და ეკლესიის განადგურება.
მე ახლა მოვაწერ ხელს მიმართვას, რომ მისი კანონიზაცია დაიწყოს და მისი წმინდანად გამოცხადების პროცესი.
მადლობა გიულის [გიული ალასანია], რომ ბლოკადა გაარღვია და მივიდა პატრიარქის გასვენებაში. მე და გიული ბოლოჯერ 2017 წელს ვიყავით პატრიარქთან, ბერლინში, საავადმყოფოში. მიმეორებდა - “ბატონო მიხეილ დაბრუნდი უკან, დაბრუნდი უკან“ და დავბრუნდი და ხმა არ ამოაღებინეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“არაფერი ჩიხში არ ვართ. სინამდვილეში ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე... არ შეიძლება ამ ბრძოლაში მხოლოდ უცხოელების იმედად ვიყოთ, გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური, გაბედული, გმირული მოქმედება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გარისკვა...
გამოდიან ტელევიზორში ვიღაც ქალები და იძახიან, “იმ მთავრობამ საუკეთესო ბიჭები დაგვიხოცა 2008 წლის ომში.“ ის ბიჭები დაიხოცნენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩენილიყო. თავისუფლებას აქვს ფასი და თუ ამ ფასის გადახდისთვის მზად არ ხარ, შენ აღარ ხარ ერი და არ გეღირსება თავისუფლება.
“ჩახოცა მთავრობამ“ - ეგრე შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინამ ჩახოცა თავისი შვილები, ეგრე შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთმა ჩახოცა თავისი შვილები მეორე მსოფლიო ომში, ამერიკამ ჩახოცა თავისი შვილები და ყველა სხვა ქვეყანამ. რას ნიშნავს ჩახოცა?! ჩვენ ვიცავდით თავისუფლებას და გადავარჩინეთ ჩვენი თავისუფლება. უფრო მეტიც, ეს იყო ჰიბრიდული ომი და ჰიბრიდული ომის ის ბრძოლა ჩვენ თავიდან ბოლომდე მოვიგეთ. საქართველო გადარჩა, საქართველო აღმოჩნდა ისტორიის სწორ მხარეს, შემდეგ უკვე წავაგეთ 2012-ში. ეს იყო, რაც მოხდა მაშინ.
ამიტომ ახლა ბევრს აქვს განცდა, რომ რაღაც ჩიხში ვართ, არაფერი ჩიხში არ ვართ. სინამდვილეში ჩვენ ვართ ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე. მსოფლიოში ისტორიული პროცესი დაჩქარებულია. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეული გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არ შეიძლება ამ ბრძოლაში მხოლოდ უცხოელების იმედად ვიყოთ. უცხოეთს მაქსიმუმ რისი მიღწევაც შეუძლიათ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაღაცების გაცვლაა. მეგობრებო, ნუთუ ამდენი წელი იმისთვის ვიბრძოლეთ, იმისთვის ვიჯექი მე ამდენი წელი, რომ როგორც საქონელი ისე გაგვცვალონ რაღაც ფერად დაპირებებში? მაშინ რა აზრი აქვს ამ ბრძოლას და აქ ყოფნას?! ჩვენ აქ უნდა შეცვალოთ სიტუაცია. გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური, გაბედული, გმირული მოქმედება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გარისკვა. რისკის გარეშე არ არსებობს საერთოდ არაფერი მთელ ქვეყანაზე,“ - განაცხადა სააკაშვილმა.