აზერბაიჯანში მცხოვრები, ისტორიული ჰერეთის მკვიდრი ქართველები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებენ, სათაურით: "ჩვენს ღმერთივით ლამაზ და მოწყალე პატრიარქს ვემშვიდობებით - ჰერელების (ინგილოების) მადლიერების წერილი".
"საყოველთაოდ ცნობილია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიმართ. მათ რიცხვში ვართ ჩვენ მადლიერი ჰერელებიც. უწმინდესისა და უნეტარესის მიერ ნახევარი საუკუნის განმავლობაში გაღვივებული მარცვალი, შემდგომ ასწლეულებშიც ძლიერ ეროვნულ ნაყოფს უხვად გამოისხამს.
ჩვენი მიწიერი ცხოვრების სისავსეც თანამედროვეობის წმინდანთან დაკავშირებული ნათელი მოგონებებისგან შედგება.
ჯერ კიდევ 90-იანებში ჰერელი ბავშვების საქართველოში დასასვენებლად წამოსაყვანად ყველაზე მეტად საპატრიარქო გვეხმარებოდა - სულიერი აღმზრდელებით, შორ გზაზე ტრანსპორტირებით, მომარაგებით და ა.შ. ყოველი ჩამოსვლა-დაბრუნებისას მთავარ რეზიდენციაში კათოლიკოს-პატრიარქი უდიდესი სიყვარულით გვხვდებოდა - თითოეულ ინგილო ბავშვს თავზე ხელს ადებდა, კითხვებს უსვამდა, ტკბილად ესაუბრებოდა, მთელი გულით ლოცავდა; უხვ საგზალსაც გვატანდა.
წლებთან ერთად ეს გოგო-ბიჭები გაიზარდნენ და ცხოვრებამ ისინი სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანა. სადაც კი შეგვხვედრიან, ერთს გვეუბნებიან - ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და შთაბეჭდილება თბილისში ილია მეორესთან შეხვედრა-დალოცვა იყო, რომლის გასაოცარი ძალა სულ თან მოგვყვება გვეხმარება და ეულად არასოდეს გვტოვებსო.
პატარები როცა იყვნენ, ყოველ ჩამოსვლაზე ხომ უწმინდესს ახლად მომზადებულ ქართულ ლექსებსა და სიმღერებს აბარებდნენ - მისგან დაუვიწყარ შეფასებებს ისმენდნენ.
მაშინ საინგილოში ადგილობრივი აზერბაიჯანელები და ლეკებიც რომ გაიგებდნენ, თბილისში პატრიარქს უნდა შევხვედროდით, მას დიდი პატივისცემით ღმერთის კაცად მოიხსენიებდნენ. ჰერეთში ისტორიული ვიზიტების დროსაც ხომ ილია მეორეს ადგილობრივმა მუსულმანებმა ღვთის კაცი (ჭეშმარიტი უფლის ხატება ასე უნდა გამოიყურებოდესო) შეარქვეს მასობრივად.
საინგილოში დღესაც გავრცელებულია ასეთი გამოთქმა "ლამაზ ღმერთის მადლმა (ლამაზი ღმერთის მადლმა)“, ისევე როგორც "პურის მადლმა“ და ასე შემდეგ. ბავშვების ჩამოყვანის დროს ერთ-ერთმა თეთრწვერიანმა უხუცესმა დიდი მოწიწებით დაგვაბარა - "მონატრებული სამშობლოს ღმერთივით ლამაზ და მოწყალე პატრიარქს სულიერი შვილებისგან მადლიერება შესწირეთო“.
ერთ-ერთმა გზააბნეულმა ჩვენებურმა სასჯელი რომ მოიხადა და გარეთ გამოვიდა, პირველი რაც გააკეთა, კათოლიკოს-პატრიარქის საეკლესიო საგალობლები ჩაიწერა - დღემდე ამ საოცრებამ გამაძლებინა მომიყვანაო. ასევე გვთხოვა, თუ შეგიძლიათ ილია მეორესთან შემახვედრეთ - საპყრობილეში ხომ ღვთის რწმენამ გადამარჩინა, თორემ მოვკვდებოდიო.
ისევ ჩვენებურ დედაო მართას (ტარტარაშვილს) დავუკავშირდით და ყოფილ მსჯავრდებულთან ერთად დაგვიძახეს საპატრიარქოში. მონაზონთა გუნდის სასწაულებრივი გალობისას, იდგა კუთხეში ჩვენი ეს მეგობარი და უჩუმრად ტიროდა, სინანულის ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. პატრიარქმა მოგვიხმო, გულისყურით მოგვისმინა და დაგვლოცა. მეგობარი კი ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ცხადი იყო და არა სიზმარი.
უწმინდესმა მას სასულიერო აკადემიაში სწავლა და ღვთიურ გზაზე სიარული, ყველა ეტაპზე მამობრივი მფარველობა აღუთქვა. დღეს ყოფილი პატიმარი ჰერეთშია და ლოცვას კახის ქართულ ეკლესიებში აღავლენს.
ასეთი გასახსენებელი უამრავია და ყველა მათგანს ერთი მადლიანი ხაზი გასდევს - ილია მეორის გამორჩეული სიყვარული და ზრუნვა დაკარგული შვილების ერის წიაღში დასაბრუნებლად. დღესაც ჰერეთში მართალი სიტყვით და საქმით საქართველოს საპატრიარქო არის წარმოდგენილი.
ჰერელები ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ძლიერი ნაბიჯები ქართველების საშვილიშვილოდ შერიგებისა და ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობის გზაზე. ეს იქნება პასუხი და გამოძახილი ჯერ კიდევ ახლად არჩეული პატრიარქ ილია მეორის სიონში, პირველ წირვაზე წარმოთქმული სიტყვებისა - "ერთმანეთი გიყვარდეთ, ქართველებო“!
გვიყვარხარ, პატრიარქო ... მსუბუქი იყოს შენთვის ქართული, მათ შორის ბიჭვინთიდან და ჰერეთიდან ჩამოტანილი მიწა...
იშვიათმა დიდმა ადამიანმა და წმინდანმა შეაბიჯა მარადისობაში, ნათელი და სანთელი გზად აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე!
ლამაზი ღმერთი იყოს სრულად საქართველოს და დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის მფარველი!
იხილეთ ასევე: