ავტორი:

პოლონეთში შრომითი ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს - მსხვერპლთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც: რა დეტალებია ცნობილი

პოლონეთში შრომითი ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს - მსხვერპლთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც: რა დეტალებია ცნობილი

პოლონეთის სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს "შრომით მონობაში" ამყოფებდა. ინფორმაციას პოლონური მედია აქვეყნებს.

  • პოლონეთის პროკურატურის ცნობით, შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა 150-მდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეები.

დანაშაულებრივი სქემა და "შრომითი მონობა“

გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებისგან შედგებოდა, უცხოელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ იბირებდა. მათ ჰპირდებოდნენ ლეგალურ დასაქმებას, მაღალ ანაზღაურებას და კარგ სამუშაო პირობებს, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული იყო.

პროკურატურის განცხადებით, დამსაქმებლები მუშაობის პროცესში შემდეგ მეთოდებს იყენებდნენ:

დოკუმენტების ჩამორთმევა: მსხვერპლებს ართმევდნენ პასპორტებსა და სხვა პირად საბუთებს;

ფინანსური კონტროლი: დასაქმებულებს არ უხდიდნენ კუთვნილ ხელფასს, რის გამოც მათ გადაადგილების საშუალებაც კი არ ჰქონდათ;

დეზინფორმაცია: მუშებს ატყუებდნენ სამუშაო საათების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ;

იზოლაცია: ენის ბარიერის, ფინანსების და საბუთების არქონის გამო, ადამიანები ვერ ახერხებდნენ ვერც სამსახურის შეცვლას და ვერც სამშობლოში დაბრუნებას.

  • გამოძიების მიმდინარეობა და დაკავებები

საქმეზე სულ 9 პირია ბრალდებული. მათ წარედგინათ 19 სხვადასხვა ბრალდება, მათ შორის ორგანიზებულ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა, ტრეფიკინგი და ქვეყანაში უცხოელთა უკანონო ყოფნის ხელშეწყობა.

ამ ეტაპზე სასამართლომ ორი ფიგურანტის მიმართ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, დანარჩენებს კი აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება შეეფარდათ (გირაო 2 000-დან 500 000 ზლოტამდე და პოლიციის ზედამხედველობა). საქმეში ფიგურირებს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ერთი თანამშრომელიც, რომელიც უკვე ჩამოცილებულია მოვალეობის შესრულებას.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 400 000 ზლოტზე მეტი ნაღდი ფული. გამოძიება კატოვიცეს პროკურატურის ზედამხედველობით გრძელდება.