ამ დღეებში XX საუკუნეში მოღვაწე საქართველოს 8 კათოლიკოს-პატრიარქი არაერთხელ გაიხსენეს, პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები. ერთ-ერთი მათგანი კალისტრატე ცინცაძეა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932–1952 წლებში იყო.

რატი ამაღლობელი:
- რაც თავი მახსოვს, ჩვენთან სახლში, მნიშვნელოვან კუთხეში სულ იყო გამოფენილი ძალიან სათნო კაცის ერთი ფოტო (ბუნებრივია, ახლაც არის). ეს იყო ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) კალისტრატე ცინცაძე. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის ეკლესიური ოჯახი ვიყავით. უბრალოდ, საბჭოთა დროს რელიგიურ რიტუალებს ვიცავდით. ჩვენთვის შობა, აღდგომა მნიშვნელოვანი დღესასწაულები იყო. ეკლესიაში მაშინ დავდიოდით, როცა იქ თითქმის არავინ დადიოდა (ბავშვობაში არ მინახავს გადავსებული ტაძრები). ეს რაღაც ტრადიციის, კულტურის ნაწილი იყო და ბუნებრივია, ეს ყველაფერი კალისტრატეს უკავშირდებოდა.
- სანამ ეპისკოპოსი გახდებოდა, მანამდე, ცხადია, ჰყავდა მეუღლე და ეს იყო გერმანელი ქალი ოტილია ტომასი. კალისტრატემ ის რიგაში გაიცნო, 6 შვილი ჰყავდათ. ოჯახი გერმანული გახლდათ, იქ ყველაფერი ქალის გარშემო იყო. მათ ყოფაში დისციპლინა, მოწესრიგებულობა, გერმანული ატმოსფერო იგრძნობდა. ამ ტრადიციამ დედაჩემამდეც კი მოაღწია. დედა და ბებია ერთმანეთში რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანულად ლაპარაკობდნენ, მამაჩემს ეს საუბარი არ ესმოდა.
- ამდენად, რელიგიურობა ოჯახის ტრადიცია იყო, ოღონდ, გერმანული ფორმით. ჩემთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა ფილოსოფია... ენათმეცნიერი, ისტორიკოსი კალისტრატე, ისტორიულ წყაროებში საქართველოს გაქრისტიანების პერიოდს იკვლევდა. არაერთი კვლევა მიუძღვნა "ვეფხისტყაოსანს“ და დაამტკიცა მისი ქრისტიანული, ნეოპლატონური სული. ის ამბროსი ხელაიასთან და კირიონ საძაგლიშვილთან ერთად, საქართველოს ავტოკეფალიის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი იყო. ხანდახან მას წარმოადგენენ, როგორც საბჭ,ოთა სისტემასთან დაახლოებულ ადამიანს. არადა, არ დაგვავიწყდეს, რომ სამი წელიწადი მეტეხის ციხეში ამბროსი ხელაიასთან ერთად იჯდა, - საქართველოს ავტოკეფალიის ფაქტმა მის მხრებზე გადაიარა. ამიტომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია, რადგანაც კალისტრატე რუსული სულის გამძევებელი იყო. რუსიფიკაციის წინააღმდეგ იბრძოდა. იმ რუსეთის, რომელიც კირით ღებავდა ფრესკებს, ახშობდა ქართულ წირვა-ლოცვას, კრძალავდა ქართულ გალობას, - სამივე ფრონტზე ძალიან მაგრად იბრძოდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართულ ეკლესიას მსოფლიო ეკლესიათა საპატიო რიგში თავისი ადგილი დაუბრუნა.
თუმცა ის, რომ კალისტრატე დიდი კაცი იყო, ეს ვიღაცისთვის დივიდენდი არ არის, იმიტომ, რომ ქრისტიანობა არსებობს აწმყოში, ახლა და ამ წუთას. ის, რომ ადამიანს ბაბუა კარგი ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს... ახლა ვიღაც-ვიღაცას სასულიერო პირი ბიზნეს ან საარჩევნო სიას უკურთხებს, შესაწირს გააკეთებს და ეს ქრისტიანობა ჰგონიათ.
- თავიდან ქაშვეთში დეკანოზი იყო და სამთავისის ტაძრის პროექტის მიხედვით, კალისტრატეს აშენებულია ქაშვეთის ტაძარი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა მოხატა. ერთი ასეთი ჩვევა ჰქონდა - მაშინ რა შემოსავალი ჰქონდა ეკლესიას, დღეში რამდენიმე ხურდა. კალისტრატე ძველი კაცი იყო, იმ ვერცხლის ფულს გამოხარშავდა და დილას, ცისკრის ლოცვების შემდეგ, თავისი ხელით რუსთაველზე მოწყალებას გასცემდა. ასეთი იყო მისი დილა.
1937 წელს, აღდგომას მასთან ტაძარში 2 ადამიანი იდგა. ამას ჩანაწერებშიც იხსენებს. იმ ადამიანებიდან ერთი - 82 წლის ქალბატონი დაიჭირეს, გადასახლება მიუსაჯეს, მატარებელში ჩასვეს, მაგრამ გზაში გაიყინა და გარდაიცვალა. მეორე - მამაკაცი კი დახვრიტეს.
***
მამა მიხეილ ცინცაძე მღვდელი იყო, დედა - ეკატერინე გოგორიშვილი გახლდათ. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე. 1878-1882 წლებში სოფელ გომმუხაყრუას ტაძარში წირავდა. კალისტრატეს ძმა ამფილოქე კორმაღალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში მედავითნე იყო.
კალისტრატეს წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრონამ შეასწავლა, ხოლო "ჟამნის“ შესწავლაში მამის შეგირდი დიაკვნები დაეხმარნენ. 1875 წელს ოჯახმა კალისტრატე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. იმავე წელს, 1882 წლის 8 თებერვალს მამა 47 წლის ასაკში გარდაეცვალა.

1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი იყო. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისთვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა. ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს.
1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. მან იქ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. ის საქართველოში 1892 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.
1893 წლის 11 აპრილს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, 18 აპრილს - მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ, თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღო. 1903 წელს ქაშვეთში გადაიყვანეს. 1909 წელს დეკანოზი გახდა. 1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში - საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა.
1925 წლის მარტში ამნისტიით გათავისუფლდა. 1925 წლის 1 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზი კალისტრატე ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში აკურთხა.
იმავე დღეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიანიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა.

ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. განახლებისა და რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს - დავითსა და ქრისტეფორეს. მათ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში საეკლესიო ყრილობა მოიწვიეს და გადაწყვეტილება მიიღეს უწმინდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. '
1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშვეთის ეკლესიაში წინამძღვრად. კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე. 1927 წელს გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.
მეორე მსოფლიო ომის დროს კალისტრატეთი გესტაპო დაინტერესდა და მის გადაბირებას ცდილობდა, რადგან მას გერმანელი მეუღლე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, კალისტრატე სსრკ-ის რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შორის პირველი იყო, რომელიც ანტიფაშისტურ კოალიციას შეუერთდა. 1948 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების - უწმინდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.
კალისტრატე ცინცაძე ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.
1894 წელს ჟურნალ "პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატეს სტატია "საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. 1906 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია,“ რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა.
მას ეკუთვნის "შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან“, "ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი“, "ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია“, "ივერიის საეკლესიო წესი“. "ქართული ოდიკისათვის“. მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930–1952 წლებში. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
კიევში გაიცნო მომავალი მეუღლე ოტილია ტომასი. ყმაწვილ კალისტრატეს პირველად მეგობართან ერთად სეირნობისას უნახავს მეუღლე, მეორედ კი საკუთარი პროფესორის ოჯახში სტუმრობისას, სადაც ოტილია პროფესორის შვილების აღმზრდელად მუშაობდა. ოტილიას მამა, ფერმერი, იოჰან ტომასი ძალიან მკაცრი კაცი ყოფილა. ყველა შვილს მისცა განათლება და სრულწლოვანები რომ გახდნენ, შინიდან გაუშვა, - თქვენი გზა თქვენვე მონახეთო. ასე მოხვდა ოტილია კიევში.
კალისტრატემ სამშობლოში ჩამოიყვანა ლუთერანი მეუღლე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს.
გაუჩნდათ ექვსი შვილი: ნინო, ეკატერინე, ანგელინა, მიხეილი, მარინე და მელანია. სამი შვილი ახალგაზრდა მოუკვდათ. შთამომავლები მხოლოდ სამი შვილისგან დარჩათ. უფროსი ქალიშვილი - ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი (1895-1937 წლები) შემდგომში ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის მდივნად მუშაობდა და სტალინისტური რეპრესიების დროს დახვრიტეს.