Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მხატვარი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა. მან ჩვენი მკითხველის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს. "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი სტატიის ბოლოს ნახავთ.

ნინი:
- ქალბატონო მაკა, მოგესალმებით. მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, მშობლებზე. როგორი ბავშვი იყავით და როგორი ბავშვობა გქონდათ?
- დავიბადე საბჭოთა პერიოდში, 70-იანი წლებში ვიზრდებოდი. ეს დროს პრინციპში ბოლო ეტაპი იყო საბჭოეთის... ძალიან კარგი, საყვარელი ბავშვობა მქონდა. მაშინ არც ვიცოდი თუ კიდევ სადმე სხვანაირი ცხოვრება არსებობდა... დედა პროფესიით მხატვარია, მამა - არქიტექტორი. მამასთან ურთიერთობა დიდად არ მქონია, ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ. თუმცა შემოქმედებითმა გენეტიკამ "იმუშავა“ და მეც ერთი წლიდან ხელში ფუნჯი და ფანქარი მეჭირა, - სულ რაღაცებს ვხატავდი. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე. დედა არასოდეს მიშლიდა, რომ კედელზე ან იატაკზე დამეხატა. სადაც გინდა დახატე, ოღონდაც შენი საყვარელი საქმე როგორც გინდა და რა დროსაც გინდა აკეთე - ასეთი იყო დედის პოზიცია. ასე რომ, ჩემი ბავშვობა პრინციპში კარგად და თბილად მახსენდება. სიყვარულით გავიზარდე...

ნელიკო:
- პროფესიით მხატვარი ხართ. ამ ეტაპზე ამ კუთხით რას საქმიანობთ?
- სულ ვცდილობ, რომ ვხატო, მუდმივად მაქვს მცდელობა, მივიდე მოლბერტთან, მაგიდასთან ან ფურცელთან... ახლაც, ნებისმიერ დროს რისი შესაძლებლობაც მეძლევა და რა დროც შემიძლია გამოვიყენო შემოქმედებისთვის, ვცდილობ, რომ ეს დრო არ დავკარგო. როგორც კი ჩერდები, იქიდან მერე თავიდან იწყებ რაღაცას. ამიტომ ერთი დღის ჩაგდებაც წარმოუდგენელია, არ შეიძლება. საჭიროა მუდმივი მეცადინეობა და ვარჯიში. როგორც პიანისტები ამბობენ, ფორტეპიანოზე მუდმივად რვა საათი ყოველდღე უნდა იმეცადინო, თორემ მერე თითები უკვე ისე აღარ მუშაობსო. ასევეა ხატვაში და ალბათ ნებისმიერ პროფესიაში ასე ხდება - სულ უნდა იმუშაო.
კინომანი:
- ფილმებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რომელი როლი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი, სადაც ითამაშეთ და რომელ რეჟისორთან იყო ყველაზე კომფორტული გადაღების პროცესი?
- პატარ-პატარა როლები იყო... გამორჩეულად სულ პირველი ფილმი ლევან კიტიას "ტრასა“ აღმოჩნდა. დღეს იმ კადრებს რომ ვუყურებ, ძალიან პატარა ვარ. 15 წლის ვიყავი, ლევანმა როცა მიპოვა და თავის ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. ძალიან კარგი გუნდი იყო, დიდხანს ვიღებდით, რადგან ფირზე ხდებოდა გადაღება... მაშინ ნაკლები შესაძლებლობები იყო, პატარა ფილმი გამოვიდა. შემდეგ რეჟისორმა ლიკა ციხისელმა თავის ბიოგრაფიასთან ასოცირებულად პატარა, შავ-თეთრი, უხმო, საინტერესო ფილმი შექმნა. "გაიღიმე“ რუსუდან ჭყონიამ გადაიღო, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. თუმცა იქ ჩემი თავი ბოლომდე არ მომწონს, მაგრამ გამოცდილების კუთხით არ იყო ურიგო. თან ყველა ისეთი მსახიობი ქალი თამაშობდა, პროფესიონალი, რომ ბევრი რაღაცის დანახვა შევძელი, თუნდაც ის როგორც მუშაობდნენ ისინი... გოდერძი ჩოხელთან პატარა ეპიზოდი იყო...
გვანცა:
- 2 მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდით? მოგვიყევით თქვენს ბიჭებზე - თემოსა და თომაზე...

- ორი ბიჭი სახლში ეს რთული ამბავია. მართლა ინგრევა ხოლმე სახლი, მაგრამ რა უნდა გააკეთო მაგ დროს?! როცა ბავშვები თამაშობენ, ყველაფერს ვერ ავუკრძალავ. როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც დედაჩემი მაძლევდა უფლებას, ყველაფერზე დამეხატა, ასევე ვაძლევ უფლებას, რომ ბურთი ითამაშონ და დალეწონ... მერე კი გავბრაზდები ხოლმე, მაგრამ ხომ მივეცი უფლება... დამხმარეები ყოველთვის მყავდა, ახლა სულ მარტო ვარ. გიორგის იმდენი საქმე აქვს, რომ ასე აქტიურად არ არის ჩართული, თუმცა ბავშვების მეტ-ნაკლებად მართვაში მეხმარება. ისე, ვიმეორებ, ძალიან რთულია ორი მცირეწლოვანი ბიჭი და მე უკვე ხანშიშესული ქალი მათთან...

თინათინი:
- უფროსი შვილის - მაშოს დაბადების ემოციები განსხვავდებოდა თემოსა და თომას დაბადებით გამოწვეული ემოციებისგან (რადგან მათ შორის ასაკობრივი სხვაობაა)... მაშოს - უფროს შვილს მარტო ზრდიდით?
- მე და მაშო, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. წელს უკვე 35 წლის გახდება... იმდენად ერთად ვიზრდებოდით, რომ სულ მგონია, უკვე ტოლები ვართ. ამასობაში შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ შორის განსხვავება აღარ არის. საერთოდ, ბედნიერება და საოცრებაა, როცა ახალ სიცოცხლეს პირველად შობ და ამ პლანეტაზე შენ აძლევ სიცოცხლეს... მაშოს გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა დედა, რომელიც მაშინ ჯერ ახალგაზრდა იყო. ახლა ბიჭების გაზრდაში დედა ისე აქტიურად ვერ დამეხმარება, უკვე ხანშიშესულია. გიორგის დედა 90-ს არის გადაცილებული, რაღაც ფანტასტიკური გონების ადამიანია, რომელიც სამ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციას კითხულობს. წარმოიდგინეთ ეს არის ქალი, რომელიც მუდმივად ვითარდება, მაგრამ ბიჭების მოვლას ფიზიკური ძალა სჭირდება, ეს მისთვის ცხადია, რთულია. ამიტომ ჩემზე ტყდება მთელი ეს ამბები, მარტო ვზრდი.
მაშო როცა გავაჩინე, საოცარი სიამაყის შეგრძნება იყო, რომ 20 წლის მაკამ ბავშვი გააჩინა. ეს პირადად ჩემთვის სასწაული ამბავი იყო... ორი ბიჭის შემთხვევაში ალბათ, სხვანაირი აღქმაა, მაგრამ შვილს რომ აჩენ, მგონია, რომ მარტო ეს განცდა გაქვს, რომ ბედნიერი ხარ, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ დიდი განსხვავებაა და რაღაც სხვა ემოციებია. არც იმას აქვს მნიშვნელობა ძალიან ახალგაზრდა თუ ხანშიშესული გააჩენ... შვილი, უბრალოდ, ბედნიერებაა.
ნუცა:
- თემოს დიაგნოზი როცა გაიგეთ, რთული იყო ამის გაანალიზება? რა სტრატეგია შეიმუშავეთ... საკუთარი გამოცდილებიდან რისი თქმა შეგიძლიათ ამ გამოწვევის წინაშე მყოფი მშობლებისთვის?

- თემოს დაბადება იყო, ფაქტობრივად, მართლა მეხივით. ვფიქრობდი, რატომ მოხდა, რა გავაკეთე არასწორად, - ძალიან ბევრი კითხვა დაიბადა... მაგ დროს ხარ სევდიანი, თითქოს სასოწარკვეთილი, მაგრამ ძალიან სწრაფად გავიცანი ფანტასტიკური ადამიანები, ესენი იყვნენ დედები, "დედების თემი,“ არაჩვეულებრივი პედიატრები და პედიატრი ირაკლი რცხილაძე, რომელმაც დიდი სიმშვიდე მოიტანა. ძალიან სწრაფად დავიწყე იმის მართვა, როგორც უნდა იმართოს დაუნის სინდრომის ბავშვის ჯანმრთელობა. ეს არის ამერიკული პროტოკოლი, რის მიხედვითაც დავიწყეთ ეს პროცესი. მერე იყო ადრეული განვითარების ცენტრი, ნინო ცინცაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც თვითონაც ჰყავს დაუნის სინდრომის მქონე შვილი... იყო პირველი ნაბიჯები საოცარი სპეციალისტებით... ახლა ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ბავშვს მუდმივად ჰქონდეს კომუნიკაცია, ადაპტირდეს, მისი სოციალიზაცია მოხდეს. დღესდღეობით დაუნის სინდრომი არცერთ ცივილურ ქვეყანაში პრობლემად აღარ ითვლება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ ნელი ტემპით განვითარება, მაგრამ ფანტასტიკურად ვითარდებიან. უბრალოდ, უნდა აღმოაჩინო მათში ის ნიჭი, როგორც ტიპურ ბავშვებში. ასევეა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში... არტისტულები არიან და აქვთ სხვადასხვა უნარი. უბრალოდ, კარგად უნდა დავუკვირდეთ და მათი მონაცემების მიხედვით ვიმოქმედოთ.
გული მწყდება, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გაიყინა, თორემ საკმაოდ წინ ვიყავით წასულები. მეშინია, უკუსვლა არ განვიცადოთ, რადგანაც, სამწუხაროდ, აღარ ვითარდება ამ მიმართულებით არაფერი ისევე როგორც ბევრი სხვა მიმართულებით. ჩემი დარდი ახლა ჩემი შვილია, თემო, რომელსაც ძალიან სჭირდება დახმარება იმაში, რომ არ დავკარგოთ ის, რაც აქამდე შევიძინეთ. თემო უკვე 11 წლის არის.
ელენე:
- ქალბატონო მაკა, ძლიერი ქალი ხართ, ლამაზი, არაჩვეულებრივი პიროვნება - რთულ სიტუაციებში რა გაძლევთ ძალას, რომ ის დაძლიოთ? რა მეთოდი გაქვთ ამისთვის შემუშავებული?
- ჩვენ გამოვიარეთ 1989 წლის 9 აპრილი და ისევ იქ დავბრუნდით... ეს კატასტროფაა. იყო სამოქალაქო, შიდა ომი, მძიმე 90-იანები, რევოლუციები, მუდმივად რაღაც ხდებოდა და ისეთი გამოცდილება მივიღეთ, ისეთ რთულ პერიოდებს გავუძელით, გადავიტანეთ, რომ არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რასაც ვერ დავძლევთ ან შეგვეშინდება?!. ბოლო 30-40 წელია, უკვე კარგად გამობრძმედილი თუ ფოლადივით გამოწრთობილები ვართ, რთული ბარიერების დაძლევამ, ბრძოლისუნარიანები გაგვხადა... ქალების დიდი არმია სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წავიდა, ოჯახებს იქიდან ეხმარებიან. კარგი გამოცდილება გვაქვს იმის, როგორ ვიაროთ ისე, რომ არ დავეცეთ. ეს შეუპოვრობა, რაც დღესდღეობით გვაქვს, ბევრი წლის ნაგროვებია და იმის მაჩვენებელი, რომ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე, სანამ ცოცხლები ვართ!
უცნობი:
- ყოველთვის ძალიან სადად გამოიყურებით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხს არ უწყობთ საყოველთაო "პლასტიკურ მანიპულაციებს“. თუ ასეა, რატომ?
- არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ვისაც როგორ უნდა თავისი გარეგნობის წარმოჩენა, ისე მოიქცეს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ადამიანმა გარეგნობა უნდა შეიცვალოს რაღაც ინიექციებით ან სკალპელის ჩართვით. მგონია, შინაგანად უნდა იყო შენს თავში დარწმუნებული და შეგეძლოს შენი თავის საზოგადოებისთვის საინტერესოდ მიწოდება. ისე უნდა იყო განწყობილი, რომ ბუნებისგან მიიღო ის, რაც ღმერთმა მოგვცა. ამას თუ შეძლებ, მგონი, აღარ მოგინდება, რომ მაინცდამაინც შენი სხეული აწვალო - რაღაც აითალო, მოიჭრა. და თუ მაინცდამაინც ეს შენთვის საჭიროა, რა ვიცი, რატომაც არა, ვისაც როგორ უნდა, ისე წარმოაჩინოს თავისი თავი და გარეგნობა.
არტისტი:
- თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე მოხდა ის, რომ გახდით საქართველოს პირველი ლედი... ამაზე ოდესმე სადღაც გულში მაინც თუ გიფიქრიათ?
- ამაზე არასოდეს მიფიქრია, რომ საქართველოს პირველი ლედი გავხდებოდი. არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკასთან ისე ახლოს, რომ ჩემი კარიერა ან ჩემი მომავალი მისთვის დამეკავშირებინა. ასე რომ, მსგავსი ფიქრი არ მქონია, მაგრამ ამ ყველაფერს იღებ როგორც ახალ გამოწვევას, ახალ როლს და შემდეგ ასრულებ.
ფიქრობ, ამ როლიდან რით და როგორ შეგიძლია დაეხმარო თანამოქალაქეებს, ვისთანაც ერთად ამდენი წელი იცხოვრე, ვისთან ერთადაც ამდენი ჭირ-ვარამი გვაქვს გამოვლილი. რა დგას დღეს დღის წესრიგში პრობლემად?! მე ავირჩიე შშმ პირების დახმარება და ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ შევძელი და რაღაც საქმეები ვაკეთე... დღეს რომ ვუყურებ, რამდენი ნაბიჯია მაგ მიმართულებით წინ გადადგმული. ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი, რომ მენანება, არ დაიკარგოს თუნდაც განათლების სამინისტროში თუნდაც ინკლუზია, რომელიც ასე მუშაობდა და ვითარდებოდა... ძალიან გული დამწყდა ბოლო დროს "ილიაუნიში“ მეტყველების თერაპიის კათედრაზე პრობლემები რომ შეიქმნა. რასაც იმდენი ხანი ვაშენებდით და რაშიც ვიყავი ჩართული იმ პერიოდში, რატომღაც შეფერხდა. თუ რატომ შეფერხდა, ეს კიდევ ცალკე თემაა... არ მინდა, რომ ამ ყველაფერმა უკუსვლა განიცადოს იმიტომ, რომ თუ ყოველდღიურ რეჟიმში არ აშენებ, მერე ფუჭდება საქმე.
დავითი:
- ცხოვრება დუშეთში - თქვენთვის ესეც გამოწვევა მგონია, რადგან თბილისელი ქალბატონისთვის ცხოვრება დედაქალაქის მიღმა მარტივი არ უნდა იყოს. არ მეთანხმებით?
- დუშეთი არის ქალაქი, მაგრამ ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სულ ბოლო სახლია, ზემოთ უკვე ტყე იწყება. აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა. ერთადერთი აქაურობის ნაკლი ისაა, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მაინც არ არსებობს. ვინაიდან ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მინდა, რომ მათთვის მეტი რამ კეთდებოდეს, რომ არ მოიწყინონ, ჰქონდეთ გასართობი. ეს იქნება დასასვენებელი პარკი, თუ რაღაც შესაბამისი ადგილი. უფრო კეთილმოწყობილი იყოს. არ გვაქვს კინო-თეატრიც. თუმცა არის აფთიაქები, ბანკები, მარკეტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის გამო შეზღუდული ვარ, მაინც ვარჩევდი, რომ აქ მეცხოვრა, ვიდრე თბილისში. ბუნებრივია, მენატრება თბილისი, თუმცა ისეთი თბილისი არა, რომელშიც ჩავდივარ და ბუღსა და უბედურებაში ამოვყოფ ხოლმე თავს. მაგრამ მიყვარს მე თბილისი და ჩემი ქალაქი მენატრება. დამიყენონ საკითხი ცხოვრება სად მინდა, - აქ, იმიტომ, რომ გავიხედავ და ცას ვხედავ მთელი რადიუსით. ისეთ ცას, რასაც თბილისში ვეღარ დავინახავ. ისეთ ბუნებას ვხედავ, რასაც თბილისში ვერ დავინახავ, ისეთ ადგილებში შემიძლია ვისეირნო, სადაც საოცარი ჟანგბადით, სუფთა ჰაერით შემიძლია ფილტვები დავიტუმბო და სახლში სავსე მოვიდე. თბილისში ვეღარავინ ვეღარ იღებს ამხელა სიამოვნებას, მაგრამ თავისთავად მენატრება ის ჩემი თბილისში.
ნიკოლოზი:
- როგორია თქვენი თვალით დანახული, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?

- გიორგი მარგველაშვილი არის უსაზღვროდ ინტერესიანი ადამიანი. წარმოიდგინეთ, მისი აკადემიური განათლების მიღმა, ინტერესი უჩნდება, როგორ კეთდება სიტყვაზე, სკამი. შეიძლება დაიწყოს ამის შესწავლა და შექმნას სკამი. გიორგის თვალსაწიერი არის საკმაოდ ფართო და საკმაოდ შორს ხედავს. ამიტომ მასთან საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ჩინური სწავლაც კი დაიწყო, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ჩინელებთან მოუწია ურთიერთობამ და არ მოეწონა, როგორ უთარგმნიდნენ. ამოუწურავი ადამიანია, რომელსაც ყველაფერზე დაელაპარაკები, იმიტომ, რომ მუდმივად აფართოებს თავის ინტერესებს. მუდმივად ვითარდება. ადამიანში ეს არის, ხომ მთავარი. როგორც კი ხედავ, რომ საკონტაქტო თემა ადამიანთან გბეზდება, ის უინტერესო ხდება, გიორგისთან ეს გამორიცხულია. მუდმივ რეჟიმში შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ესაუბრო და მას აქვს ყველაფერზე პასუხი, მოსაზრება... მუდმივ რეჟიმში განვითარებადი ადამიანია, ამიტომ გიორგიზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო პიროვნებაა.
ნია:
- რა გაბრაზებთ?
- უსამართლობა ძალიან მაბრაზებს, იმიტომ, რომ უსამართლობის შედეგად შეიძლება ბევრი ნიჭიერი, წესიერი კარგი ადამიანი დაიჩაგროს.
ნანიკო:
- როგორია თქვენი საოცნებო ქვეყანა, სადაც იცხოვერბედით?
- კეთილდღეობა, სიხარული ჰქონდეთ ადამიანებს, ჰქონდეთ იმედის და სილაღის შეგრძნება, რომ მათი მომავალი უკეთესი და უკეთესი იქნება. ადამიანებს, ვინც შრომობს, დაუფასდეთ, მეტი და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, იყოს სამართლიანი გარემო. პენსიონერებმა ისე იცხოვრონ, როგორც ევროპაში მინახავს, კაფეში როგორ სხედან 80 და მეტი წლის ხანდაზმული ადამიანები და როგორ გეგმავენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნაში, ან მიდიან სასრიალოდ თუნდაც, ალპებში. მინდა, ჩვენმა ხანდაზმულმა თანამოქალაქეებმა ზუსტად ისევე ბედნიერად იგრძნონ თავი, როგორც ეს განვითარებულ, ცივილურ ქვეყნებში მინახავს. ბავშვებს ჰქონდეთ კარგი მომავალი და არ გარბოდნენ სადღაც უკეთესი ცხოვრების საძიებლად. სამედიცინო სფერო მინდა, იყოს ისეთი, როგორც თუნდაც თურქეთშია - ამ ქვეყანამ 40 წელიწადში ამ კუთხით საოცარი შედეგები და მიღწევები აჩვენა. მინდა, ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილ, ნათელ მომავალზე... ამ ყველაფერს ყველას გულით გისურვებთ.