ავტორი:

10 ქართველი მილიარდერი: ვინ შედის სიაში და ვის რა ოდენობის ქონება აქვს? - Forbes Georgia

10 ქართველი მილიარდერი: ვინ შედის სიაში და ვის რა ოდენობის ქონება აქვს? - Forbes Georgia

Forbes Georgia-მ, თავისი 15-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი წარადგინა. ეს არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდა.

"ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი", - წერს გამოცემა.

რეიტინგის მიხედვით, ასეულში შემავალი ადამიანების ჯამური ქონება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 60%-ია. საინტერესოა, რომ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ სიის სათავეშია - პირველი ხუთეული მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს ფლობს.

Ambebi.ge უმდიდრესი ქართველების სიიდან 10 მილიარდერის შესახებ გიამბოთ, რომელთა გავლენა ქართულ ბაზარზე ძალიან დიდია:

1. მიხეილ ლომთაძე - უპირობო ლიდერი

სიის სათავეში 15.8 მილიარდი ლარით მიხეილ ლომთაძე მოექცა. ყაზახური ციფრული გიგანტის, "კასპის" (Kaspi) CEO და თანადამფუძნებელი, გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს. ბათუმში დაბადებულმა ბიზნესმენმა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო, კაპიტალი ყაზახეთში დააგროვა. საინტერესოა, რომ ის ახლა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "უიკომბ უონდერერსსაც" ფლობს.

2. ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი

მეორე ადგილზე 7.2 მილიარდი ლარით ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონება, რომელიც ძირითადად ინვესტიციებიდან მოდის, გლობალურ სიაში 1362-ე პოზიციას შეესაბამება. სტატიაში ნახსენებია მისი ცნობილი ფრაზაც: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება. ორასი მილიონი საკმარისია. დანარჩენი მხოლოდ სპორტია".

3. გიორგი ჯოხთაბერიძე - 2.76 მილიარდი ₾

"მაგთიკომის" დამფუძნებელი მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ტელეკომუნიკაციების სფეროს ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის სიძე, ბიზნესის გარდა, ხელოვნების უმსხვილესი კოლექციონერია. მისი ოჯახის კოლექციიდან 3500-მდე ნამუშევარი მის მიერვე დაფუძნებულ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.

4. ირაკლი რუხაძე - 2.22 მილიარდი ₾

"ლიბერთი ბანკის", "მაგთის" წილისა და "რუსთავის ფოლადის" მფლობელი მეოთხე ადგილზეა. რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია, კაპიტალს მრეწველობასა და ფინანსურ სექტორში აკონტროლებს. რუხაძე 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ "იმედს“, რომელიც დღემდე წაგებაზე მუშაობს

5. თემურ ჭყონია - 1.74 მილიარდი ₾ (კოკა-კოლა და მაკდონალდსი)

თემურ ჭყონია ერთადერთი ბიზნესმენია, რომელმაც მოახერხა და Gen-Z თაობისთვის "ქულ" ტიპად იქცა. ის ფლობს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 87%-ს და "მაკდონალდსის“ 90%-ს. მისი ბიზნესი 1993 წლიდან იწყება, როცა საქართველოში პირველი "კოკა-კოლა" ჩამოასხეს. ჭყონია იმდენად პოპულარულია, რომ 2024 წელს TikTok-ზე სიმღერაც კი მიუძღვნეს: "ყველაზე მაგარი კაცი არი თემური / Gen-Z თაობისგან ასიანი ქებული“.

6. პაატა კურტანიძე - 1.56 მილიარდი ₾ (ავერსი)

"ავერსის“ დამფუძნებელი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. მისი იმპერია მოიცავს ქვეყნის მე-10 ყველაზე შემოსავლიან სააფთიაქო ქსელს, ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი რაციონალს“ და კლინიკების ქსელს, რომელიც მოგების მიხედვით საქართველოში მესამე ადგილზეა.

7. გიორგი რამიშვილი - 1.48 მილიარდი ₾ (სილქ როუდ ჯგუფი)

გიორგი რამიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის“ მმართველია. მის პორტფელშია "სილქნეტი“, რომელმაც თავის დროზე "ჯეოსელი“ შეიერთა, ასევე ფეშენებელური სასტუმროები: "რედისონ ბლუ ივერია“ და "ტელეგრაფი“. საინტერესო ფაქტი: 2010-იანებში ის დონალდ ტრამპთან ერთად საქართველოში "ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, თუმცა პროექტი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუქმდა.

8. კახაბერ ოქრიაშვილი - 1.14 მილიარდი ₾ (PSP)

ოქრიაშვილი PSP-ს აქციების 95%-ს ფლობს. გარდა წამლების ბიზნესისა, ის პოლიტიკური "რეკორდსმენია" - 20 წლის განმავლობაში პარლამენტის ხუთი მოწვევის წევრი იყო. საინტერესოა მისი პოლიტიკური გზა: ის დეპუტატის მანდატს ფლობდა ჯერ "ნაციონალური მოძრაობიდან“, შემდეგ "ქართული ოცნებიდან“, ბოლოს კი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა.

9. ხვიჩა მაქაცარია - 1.13 მილიარდი ₾ (თელასი, თბილისი ენერჯი)

ხვიჩა მაქაცარიასთან ფლობს წილებს "თბილისი ენერჯისა“ და "თელასში“, რომლებიც დედაქალაქის ენერგომომარაგების მონოპოლისტები არიან. 2022 წელს მან მობილური ოპერატორი "სელფი მობაილიც“ (ყოფილი "ბილაინი“) შეიძინა.

10. გია გორგოშაძე - 1.04 მილიარდი ₾ (გორგია)

გია გორგოშაძე "გორგიას“ ერთადერთი მფლობელია - რეგიონის უმსხვილესი კომპანიისა მშენებლობისა და რემონტის დარგში, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ჯამში 13 ფილიალს მართავს. წაიკითხეთ კვლევა სრულად

იხილეთ ასევე: