მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს ემშვიდობება და “ფეისბუქზე“ ამაღელვებელ სიტყვებს წერს.
“მე არ მოვესწარი ილია ჭავჭავაძეს, არც ვაჟას ან გალაკტიონს, არც ზაქარია ფალიაშვილს…
მე მოვესწარი მერაბს, ზვიადის, მოვესწარი მერაბ მამარდაშვილს და გურამ დოჩანაშვილს, მოვესწარი ძმებ ჭილაძეებს და შენგელაიებს, მიშა კობახიძეს, ოთარ იოსელიანს, გია ყანჩელს, რომელთანაც ვიყავი ძალიან ახლოს… მე მოვესწარი ილია მეორეს, საოცარი ენერგიის და ძალის მქონე პატრიარქს, რომელთანაც ღმერთმა მარგუნა პირადი ურთიერთობის ბედნიერება…
ჩემს ყველაზე ძვირფას დედას, მორწმუნეს, ეკლესიურს, ეს უხაროდა ყველაზე მეტად… და მეც მიხარია, რომ რამდენჯერმე შევძელი მისი უწმინდესობისთვის სიხარულის მინიჭების მიზეზი გავმხდარიყავი…
ყველას გვაქვს უფლება ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ აგრეთვე ყველას გვაქვს უპირობო სიყვარულის უფლება, მით უფრო იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ისტორიას შესძინა გამორჩეული დიდებულება!
ილია მეორე თავისი ღვაწლითა და თვისებებით იყო ისეთი, როგორიც არც მანამდე ყოფილა და არც მერე იქნება!!! ილია პირველი ჩვენ ვერ გვეხსომება, დიდი დროა გასული, მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ ამ მეორეობაშიც რამხელა სიდიადეა…“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.