საზარელი დანაშაული მოხდა თბილისში - 55 წლის მამაკაცმა დედა და ძმა მოკლა. ის დაკავებულია, მას ბრალდება უკვე წარუდგინეს და წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ლ“ და “კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ტვ პირველს" კი მეზობლებმა უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, მან თვითონ დარეკა 112-ში.
როგორც ცნობილი ხდება, დაკავებული დავით რატიანია. ოჯახის მეზობლები "პირველებთან" ამბობენ, რომ დედა ღრმად მოხუცი იყო და თვითონ გადაადგილება არ შესაძლოა. ისინი ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ქალი შვილმა მძინარე მოკლა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა.
"ხმაური არ გამიგია. დილას გავიგე. სასწრაფო რომ მოვიდა, ვიფიქრე, რომ ბიჭების დედას გამოუძახეს, რადგან ავად იყო. ქალი გარეთ საერთოდ ვერ გამოჰყავდა, მოხუცი იყო. კონფლიქტის შესახებ არაფერი გამიგია. ახლაც შოკში ვარ, არც ხმაური გამიგია და არც რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ ვიცი. პოლიციელები რომ დავინახეთ, მაშინ გავიგეთ, რომ დავითმა დედა და ძმა მოკლა. დედა მწოლიარე იყო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მეზობლები ამბობენ, რომ დედას ეძინა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა დანა. დავითი ადგილზე დააკავეს, ამბობენ, რომ თვითონ გამოიძახა პოლიცია", - ამბობს "პირველებთან" დაკავებულის ერთ-ერთი მეზობელი.
"დაკავებულს ძალიან უჭირს ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი, ძნელად აღიქვამს მოვლენებს. გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია ბრალთან მიმართებაში. უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. რაც შეეხება დაკავებას, მისი დაკავება პოლიციის სამმართველოში მოხდა. პოლიციას როგორც ასეთი, თავად არ ჩაჰბარებია. 112-ზე დარეკა, მას ხელი აქვს დაზიანებული, შესაბამისად, როცა მივიდა სასწრაფო, შემდეგ გამოცხადდა პოლიცია და პოლიციის სამმართველოში დააკავეს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა", - აცხადებს "პირველებთან" ადვოკატი ირაკლი ბენია. წყარო