ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, რომლის სამიზნეც „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით რაკეტები ისროლა.
„თავდაცვითი სისტემები საფრთხის მოსააგერიებლად მოქმედებენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზების და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების მე-80 ტალღა დაიწყო.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე გახდა სამხედრო ბაზა ისრაელის ქალაქ საფადში, ასევე ობიექტები თელ-ავივში, კირიათ-შმონასა და ბნეი-ბრაკში.
ირანის სამიზნე ასევე გახდა აშშ-ის სამხედრო ბაზები ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში.