ავტორი:

სამი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მილიონერი - ვინ არიან ისინი

სამი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მილიონერი - ვინ არიან ისინი

Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის, სამი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერია. მე-19 ადგილზე გიორგი დიასამიძე მოხვდა. 27 წლის ბიზნესმენი, რომლის ქონებაც 600,03 მილიონი ლარია. 95-ე ადგილზე გასული დავით ხეჩიკაშვილი კი სიაში ახალგაზრდაა, 25 წლის. სიაში ვხვდებით კიდევ ერთ 25 წლის მილიონერს, დიმიტრი ნიშნიანიძეს, ის 37-ე ადგილს იკავებს 324,52 მილიონით.

გიორგი დიასამიძე

საპატიო ოცეულის, მე-19 ადგილოსნისთვის ციფრები მხოლოდ „სპორტული ინტერესი“ არ არის. გიორგი იმ ისტორიული მემკვიდრეობის გამგრძელებელია, რომელიც ბაბუამ, ლეგენდარულმა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ დატოვა.

18 წლის ასაკში დაწყებული დიდი პასუხისმგებლობა

გიორგი დიასამიძემ „თოდუას კლინიკის“ მართვა 2017 წელს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა. მაშინ, როცა მისი თანატოლები მხოლოდ სტუდენტური ცხოვრებით იყვნენ დაკავებულნი, მას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის ბედი და ასეულობით თანამშრომლის მომავალი მიანდეს.

მისი განათლება შთამბეჭდავია: ლონდონი, შვეიცარია, გერმანია – გიორგიმ მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებში აითვისა ბიზნესის მენეჯმენტი, რათა ქართულ მედიცინაში სრულიად ახალი, დასავლური სტანდარტი დაენერგა.

„ჯანმრთელობაა წარმატების საწყისი“

მიუხედავად მილიონებისა და გიგანტური მშენებლობებისა, ახალგაზრდა მენეჯერი მთავარ ღირებულებად მაინც ადამიანურ ნდობას მიიჩნევს.

„ფიქრი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა მომენტში თან მსდევს, არის იმ ნდობის შენარჩუნება, რომელიც თოდუას კლინიკისთვის უკვე 35-წლიანი პასუხისმგებლობაა. ჩემი სურვილია, პაციენტის პირველი აზრი აღარ იყოს უცხოეთში წასვლა,“ - ამბობს გიორგი დიასამიძე მედიასთან.

ავტოინდუსტრიის ახალგაზრდა მოთამაშე: დავით ხეჩიკაშვილი

ქართულ ბიზნეს-ელიტაში 25 წლის ასაკში მოხვედრა იშვიათი მოვლენაა, თუმცა დავით ხეჩიკაშვილი ამას ახერხებს. 88 მილიონ ლარზე მეტი ქონებით, იგი რეიტინგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

დავით ხეჩიკაშვილი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი მთავარი საქმიანობა არის ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვა და ავტომობილების საგარანტიო მომსახურება. დავით ხეჩიკაშვილი ბიზნესმენისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილია.

ტარიელ ხეჩიკაშვილს შვიდი შვილი ჰყავს. წლების წინ წინ ჟურნალ თბილისებთან ინტერვიუში ჰყვებოდა:

- ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, უპირველეს ყოვლისა, ჩემს მეუღლეს მადლობა, რომ ჩვენ ასეთი ოჯახი შევქმენით. ჩემი მეუღლე წმინდა ნინოს ტაძარში გავიცანი. ის, თავისი სიკეთითა და პატიოსნებით, სულ სხვა განზომილებაშია. შვიდი შვილიდან ხუთი საკეისრო კვეთით გააჩინა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გადარჩებოდა. გმირი და თავდადებული დედაა და მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები ამ თავდადების გამო. პროფესიით პედაგოგია, მაგრამ, არ მუშაობს. ბავშვებს ზრდის – ესაა მისი მთავარი საქმე, თუმცა, ბევრ ბიზნესშია ჩემი პარტნიორი. საქმეშიც ისეთი საიმედო პარტნიორია, როგორც სახლში (იცინის).

ჩვენი შვიდივე შვილი ტაძარში დადის, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ოთხი ბიჭი მყავს – დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე. პირველ შვილს დედის სახელი – თამარი დავარქვი, მეორეს, სიდედრის პატივსაცემად – რუსუდანი. ისეთი სიდედრი მყავს, „შაქარ დედას” ვეძახი. სიდედრი მოხევე მყავს, სიმამრი – რაჭველი, ოღონდ, საუკეთესო რაჭველია – მესამე შვილიშვილზე მიხვდა, რომ სიძე ვიყავი, მანამდე ხან ოჯახის ახლობელი ვეგონე, ხან – მეგობარი. ვცდილობ, ვიყო კარგი მამა; გოგონების მესაიდუმლე ვარ, რაზეც დედა ჩივის (იცინის). ჩემი რეჟიმის მიუხედავად, შაბათ-კვირა ჩემს ოჯახს ეკუთვნის. გვაქვს ჩვენი ოჯახური ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ – გვიყვარს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა, ლამაზ კუთხეში ყოფნა, ქართული ისტორია და ხელოვნება – ქართული სიმღერა და ცეკვა ჩვენი ერის დიდი მონაპოვარია.

კიდევ ერთი 25 წლის მილიონერი დიმიტრი ნიშნიანიძეა. დიმიტრი ფლობს 34%-იან წილს კომპანია "შარმ ტრეიდინგში" 2000 წელს დაარსებული ეს გიგანტი ბაზარზე მრავალ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს და საკუთარი სატრანსპორტო თუ სასაწყობო სიმძლავრეებით ოპერირებს.

უძრავი ქონება ძველ თბილისში: ის არის კომპანია „მეიდანის“ 100%-იანი წილის მფლობელი. ეს კომპანია ფლობს კომერციული ფართების ვრცელ პორტფელს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ ნაწილში. ეს მსხვილი აქტივები დიმიტრიმ მამისგან, ბიზნესმენ ზაზა ნიშნიანიძისგან მიიღო, რომელიც 2025 წელს აქტიურ ბიზნესს საქმიანობას ჩამოშორდა და მართვის სადავეები შვილს გადააბარა.

წაიკითხეთ ასევე: