ავტორი:

"რუსეთში სამუშაოდ ჩასული ჩრდილოეთ კორეელები ფაქტობრივად, მონებად ჰყავთ, მათი სიცოცხლე მწერებზე ნაკლებად ფასობს", - რა წერია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ფონდის ანგარიშში

"რუსეთში სამუშაოდ ჩასული ჩრდილოეთ კორეელები ფაქტობრივად, მონებად ჰყავთ, მათი სიცოცხლე მწერებზე ნაკლებად ფასობს",  - რა წერია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ფონდის ანგარიშში

ჩრდილოეთ კორეამ ასობით მოქალაქე რუსეთში სამუშაოდ გაგზავნა - შედეგად ქვეყანაში მუშახელის დეფიციტი შეივსო. რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ადამიანური რესურსი მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ფონდ "Global Rights Compliance“-ის ანგარიშში გამოქვეყნებული ჩვენებები მუშების მძიმე ყოველდღიურობას დეტალურად აღწერს: მათ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება - ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ, უკიდურესად პატარა სივრცეში იძინებენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხშირად, კვირაში შვიდი დღე, დღეში 16 საათამდე მუშაობენ. დასვენების დღეები და შვებულება მათთვის პრაქტიკულად არ არსებობს.

"ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენი სიცოცხლე მწერებზე ნაკლებად ფასობდა" - ვკითხულობთ ერთ-ერთი მუშის ჩვენებაში.

  • ეს რეალობა ბევრისთვის მონობას ჰგავს, სადაც ადამიანები ცხოვრების მინიმალური პირობებისა და თავისუფლების გარეშე მუშაობენ. ანაზღაურება უკიდურესად დაბალია. თვეში სახლში მხოლოდ დაახლოებით 10 დოლარს აგზავნიან, მაშინ, როცა დანარჩენ თანხას სახელმწიფო ითვისებს.

64 წლის ჩრდილოეთ კორეელი მუშა ამბობს, რომ მუდმივი კონტროლის განცდა დღემდე არ ტოვებს:

"ვერ ვიშორებ იმ შეგრძნებას, რომ მიყურებენ. მშვიდ ოთახშიც კი მგონია, ვიღაც მაკვირდება. ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა ყველაზე რთულია. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება. ამასთან, ძალიან რთულია ცოლისა და შვილისგან შორს ყოფნა. თუ საკმარის ფულს ვერ ვუგზავნი, მგონია, რომ მათ იმედს ვუცრუებ", - ამბობს ერთ-ერთი მათგანი ანონიმურად.

  • პრობლემები მათთვის ჯერ კიდევ გამგზავრებამდე იწყება. მუშებს "საზღვარგარეთ მუშაობის საფასურის“ გადახდა უწევთ, რაც თვეში დაახლოებით 400-დან 750 დოლარამდე აღწევს. თუ სამუშაო ნორმას ვერ ასრულებენ, ვალი კიდევ უფრო იზრდება და მათ მდგომარეობა მძიმდება.

ამავდროულად, უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრება ჩრდილოეთ კორეაში იშვიათ შესაძლებლობად ითვლება. ზოგიერთისთვის ეს ერთგვარი ჯილდოა.

გამგზავრება ყოველთვის ჯგუფურად, ზედამხედველის თანხლებით ხდება. ინფორმატორები მუდმივად აკვირდებიან მუშებს და ატყობინებენ ხელმძღვანელობას, თუ ვინ იყენებს ინტერნეტს ან უყურებს აკრძალულ კონტენტს, მათ შორის უცხოურ ან სხვა შეზღუდულ მასალებს.

წესების დარღვევის შემთხვევაში, მუშებს მკაცრად სჯიან. ზოგიერთს ჩრდილოეთ კორეაში აბრუნებენ, სადაც სასჯელი კიდევ უფრო მძიმე შეიძლება იყოს.

სამუშაო ადგილზე ზედამხედველებს თითქმის სრული კონტროლი აქვთ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფიზიკური ძალადობა იშვიათია, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოველდღიური რეალობაა.

ექსპერტების თქმით, ამ სქემას ბოლო უნდა მოეღოს - აუცილებელია უფრო მკაცრი და მიზანმიმართული მოქმედება. უნდა მოხდეს დამსაქმებლებისა და ამ პროცესში ჩართული პირების საფუძვლიანი გამოძიება, ფინანსური ნაკადების დეტალური შემოწმება და სახელმწიფოების კოორდინირებული ჩარევა.

წყარო