ავტორი:

სკანდალი თურქულ ელიტაში: ჰაქან საბანჯი დაკავებულია, ჰანდე ერჩელი კი სამშობლოში ჩვენების მისაცემად ბრუნდება - თურქი ვარსკვლავის პირველი განცხადება

სკანდალი თურქულ ელიტაში: ჰაქან საბანჯი დაკავებულია, ჰანდე ერჩელი კი სამშობლოში ჩვენების მისაცემად ბრუნდება - თურქი ვარსკვლავის პირველი განცხადება

თურქული შოუბიზნესი და ბიზნეს-ელიტა უპრეცედენტო სკანდალის ეპიცენტრშია. სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და ხელშეწყობის ბრალდებით ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას მოულოდნელი შედეგები მოჰყვა: დაკავებულებს შორის ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე, ჰაკან საბანჯი აღმოჩნდა.

ოპერაცია "წმენდა" და ძებნილი ვარსკვლავი

პოლიციამ ერთდროულად 16 მისამართზე ჩაატარა სპეცოპერაცია. საზოგადოება ყურადღებით ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები პოპულარული მსახიობის, ჰანდე ერჩელის გარშემო, რომლის დაკავების ბრძანებაც, უკვე გაცემულია. გამოძიების ვერსიით, მსახიობი შესაძლოა, იმ ჯგუფის წევრი ყოფილიყო, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გავრცელებაშია ეჭვმიტანილი.

ჰანდე ერჩელი დუმილს არღვევს

მას შემდეგ, რაც მედიაში მისი ძებნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჰანდე ერჩელმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მსახიობი განმარტავს, რომ ბოლო ერთი თვეა სასწავლო მიზნით, საზღვარგარეთ იმყოფება და მომხდარის შესახებ პრესიდან შეიტყო.

"ჩემი განათლების გამო, დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვიმყოფები. გუშინ ღამით, ისევე როგორც თქვენ, მეც პრესაში გავრცელებული ამბებიდან შევიტყვე მომხდარის შესახებ. იმისათვის, რომ საკითხს ნათელი მოეფინოს, ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში, გავაკეთებ საჭირო განმარტებებს და მივცემ ჩვენებას. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ენდობა სახელმწიფოსა და თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია უმოკლეს დროში გაირკვევა", - აცხადებს ერჩელი, რითაც უარყოფს მიმალვის მცდელობას.

"იდეალური" წყვილის დაშორება - რა მოხდა სინამდვილეში?

ერჩელისა და საბანჯის 3-წლიანი ურთიერთობა, რომელიც 2025 წლის აგვისტოში მოულოდნელად დასრულდა, ახალ კონტექსტს იძენს. თუ აქამდე დაშორების მიზეზად საბანჯების ოჯახის წინააღმდეგობა სახელდებოდა, დღევანდელი მოვლენები მიანიშნებს, რომ რეალური მიზეზი შესაძლოა, სწორედ ის "საშიში წრე" ყოფილიყო, რომელშიც წყვილი ტრიალებდა.

დარტყმა საბანჯების იმპერიაზე

ომერ საბანჯის ვაჟი, ჰაქანი, ყოველთვის იყო კრიტიკის საგანი თავისი ელიტური წვეულებებისა და "ფლეიბოის" იმიჯის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის საოჯახო ბიზნესშიც მონაწილეობდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდება საბანჯების ოჯახის რეპუტაციისთვის უმძიმესი დარტყმაა. ამ დროისთვის ადვოკატები მის გირაოთი გათავისუფლებას ცდილობენ, თუმცა პროკურატურა საქმის განსაკუთრებულ სიმძიმეზე მიუთითებს.

სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო აცხადებს, რომ ოპერაცია გრძელდება და მისი მიზანი "საზოგადოებრივი მორალის დაცვაა". მთელი თურქეთი ახლა ჰანდე ერჩელის დაბრუნებასა და მის ჩვენებას ელოდება.