ახალგაზრდა ქალბატონი შველას ითხოვდა. კიბის უჯრედზე, სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იწვა... მაისური ავუწიეთ და გულ-მკერდის წინა კედელზე დავაფიქსირეთ შემავალი ჭრილობა. კითხვაზე, რა მოხდა, ქალისგან პასუხი ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული "ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ განაცხადა.
"შიგნით ვიყავი, ქალის ტირილის, კივილის ხმა გავიგე, შველას ითხოვდა. სწრაფად გამოვედი გარეთ, ახალგაზრდა ქალბატონი დამხვდა, რომელიც შველას ითხოვდა, ტიროდა, წამოდით, ჩქარა დამეხმარეთო, იძახდა. ჩავსხედით სასწრაფოს მანქანაში, იქვე კორპუსთან რომ შემოვატრიალეთ, დავინახეთ, ბოლო სადარბაზოსთან იდგა ქალბატონი, რომელიც შველას ითხოვდა.
არ ვიცოდი, რაზე მივდიოდით, ჩვენ ყოველთვის კითხვას ვსვამთ - რა მოხდა და პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ სასწრაფოს მანქანიდან ყველაფერი ავიღეთ. ქალბატონი შევიდა, ცარიელი სადარბაზო იყო, კიბე ავიარეთ, მეორე კიბის პარალელურად, კიბის უჯრედზე, სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იწვა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დავიწყეთ... თავი კედლის მხარეს ჰქონდა, მახსოვს, რომ თავთან პატარა შავი ჩანთა ედო.
პაციენტს ვათვალიერებთ ხოლმე და ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ გულ-მკერდზე მარცხენა მხარეს, ლავიწის მიდამოში სისხლის კვალი შეამჩნია. ჭრილობა ხომ არ არისო, მაისური ავუწიეთ და გულ-მკერდის წინა კედელზე დავაფიქსირეთ შემავალი ჭრილობა. პარალელურად პაციენტის ბოლომდე დათვალიერება ხდებოდა, თან რადგან მომხდარზე ინფორმაცია არ მქონდა, ირგვლივ თვალიერება დავიწყე, სად წავიდა ეს ქალბატონი რაღაც მაინც მითხრას-მეთქი. პაციენტი ჩავიყვანეთ მანქანაში. სასწრაფოს მანქანის გვერდითა კარიდან რომ ვჯდებოდი, ეს ქალბატონო იქ დავინახე, პატარა ბავშვი ეკავა ხელში.
კლინიკის ეზოში შეყვანისას დამძიმდა, გულგაჩერებული შევიყვანეთ“, - განაცხადა მოწმემ.
"არაერთხელ მქონია უეცარი სიკვდილის შემთხვევა, ამ დროს ოჯახის წევრების მაღალი ემოციური ფონია - კივილი, ტირილი. ჩვენი პირველი კითხვა არის ხოლმე, რა მოხდა. ამ დროს ოჯახის წევრები რაღაცას მაინც გეუბნებიან ტირილთან ერთად, მინიმუმ იმას მაინც, არ ვიციო. ჩემთვის გასაოცარი იყო ის, რომ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, მათ შორის „არ ვიცი“. ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ არაფერს ამბობდა“, - განაცხადა მოწმე ექიმმა.
პროკურორის კითხვაზე, ჰქონია თუ არა, თვითმკვლელობის შემთხვევა გულში დანის ჩარტყმით, ექიმმა უარყოფითი პასუხი გასცა.
"მე პირადად, არ მქონია გულში დანით შემავალი ჭრილობით თვითმკვლელობის შემთხვევა“, - განაცხადა ექიმმა... წაიკითხეთ ვრცლად