ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორი, ანა ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ დაეთანხმა პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით.
როგორც ხუბეჯაშვილი აღნიშნავს, გასულ პროცესზე, როგორც დაცვის მხრიდან, ასევე, დამსწრეების მხრიდან სხდომათა დარბაზში არაერთხელ დაირღვა წესრიგი, რის გამოც, პროკურატურა პროცესის გახსნას არ დაეთანხმა.
"ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ შესავალი სიტყვა, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, რომელთაც შემდეგი ეტაპიდან გამოვიკვლევთ, როცა მოწმეთა დაკითხვას დავიწყებთ.
ამ შემთხვევაში, მივუთითეთ სასამართლოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება არაერთი პირი, რომლებიც უშუალოდ, დანაშაულის ჩადენის ადგილზე იმყოფებოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას ბრალდებულთა ქმედებების შესახებ. ვესაუბრეთ სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოვიკვლევთ ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი თუ რა ტიპის მოწოდებებს ახორციელებდნენ ბრალდებულები, ასევე, ვისაუბრეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, რომელშიც, ასევე, ნათლად არის წარმოდგენილი შეთანხმება კონკრეტულ ბრალდებულებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ასევე ვისაუბრეთ იმ ნივთიერ მტკიცებულებებზე და სხვა საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული საკითხის განხილვის დროს, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რაც არ დაკმაყოფილდა, ჩვენ დაცვის მხარეს არ დავეთანხმეთ იქიდან გამომდინარე, რომ წინა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ და უხეშად დაირღვა როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ასევე, სხდომაზე დამსწრე პირების მხრიდან წესრიგი.
მოგეხსენებათ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას დადგენილი ფორმა აქვს, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ეფექტიანად და ისეთ პირობებში, რომ მოგვეცეს მუშაობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ასეთი ტიპის ქმედებების გამო, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდეს",- განაცხადა ხუბეჯაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წაუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.
იხილეთ ასევე: