ონლაინ მედია პლატფორმა Karavan Info რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ავრცელებს, - შს მინისტრი, ულან ნიიაზბეკოვი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოწევისთვის დააჯარიმეს.
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეწევა მინისტრი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და სიგარეტს მიწაზე აგდებს.
პოლიციის თანამშრომლებმა კანონით დადგენილი წესით შეადგინეს ადმინისტრაციული ოქმი. მინისტრმა 3,000 სომის (ადგილობრივი ვალუტა) ოდენობის ჯარიმა უკვე გადაიხადა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ კანონის დაცვა სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის, მათ მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
ეს შემთხვევა იშვიათი და საინტერესოა, რადგან მაღალჩინოსანი ასეთ წვრილმან დარღვევაზეც კი საჯაროდ აგებს პასუხს.
საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის თქმით, დასანანია მსგავსი მიდგომა საქართველოშიც რომ არ არის და მაღალჩინოსნების მიერ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ხშირად კანონი იჩაგრება.
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგის დროს, გასაუბრებაზე, რესტორნების მეპატრონეები და ადმინისტრატორები აცხადებენ, რომ დახურულ სივრცეში მოწევის რეგულაციას ყველაზე ხშირად სამართალდამცველი ჩინოსნები ეწინააღმდეგებიან. კანონის დამრღვევებიც ძირითადად პოლიციელები და მოსამართლეები არიან, როდესაც რესტორნებში მოლხენის დროს გარეთ გასვლას უკადრისობენ და გასახურებელ თამბაქოს ან ელექტრონულ სიგარეტებს ეწევიან. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღსრულდეს.