აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ნაფიცმა მსაჯულებმა მოსარჩელე, რომელმაც Meta-სა და YouTube-ის წინააღმდეგ პროცესი წამოიწყო, გაამართლეს. მედია გიგანტებს მისთვის 6 მილიონი დოლარის გადახდა დაევალათ - თანხის 70%-ს Meta გადაიხდის, ხოლო დარჩენილ ნაწილს YouTube-ი.
ყველაფერი ექვსი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ლოს-ანჯელესის სასამართლოს ვინმე KGM-მ მიმართა. 20 წლის ქალი ამტკიცებდა, რომ YouTube-ზე 6 წლის ასაკში, ხოლო Instagram-ზე 9 წლის ასაკში გახდა დამოკიდებული, რამაც, დამანგრეველი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე. შედეგად, 10 წლის ასაკში KGM-ს დეპრესია განუვითარდა და თვითდაზიანებებს იყენებდა. სოციალური მედიის გამოყენებამ, გაურთულა ურთიერთობები ოჯახსა და სკოლაში. 13 წლის ასაკში თერაპევტმა სხეულის დისმორფული აშლილობა და სოციალური ფობია დაუდგინა. ამ ყველაფერს ქალი Instagram-ისა და YouTube-ის გამოყენებას უკავშირებს.
ექვსკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში მსაჯულებმა მოისმინეს Meta-ს და YouTube-ის მაღალჩინოსნების, მამხილებლებისა და სოციალური მედიის დამოკიდებულების ექსპერტების ჩვენებები.
ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად ცხრა დღე დასჭირდათ. საბოლოოდ ინტერნეტ გიგანტები დამნაშავედ ცნეს “ისეთი დამოკიდებულების გამომწვევი პროდუქტების შექმნაში, რომლებმაც ახალგაზრდა მომხმარებლები“ჩაითრიეს და მათ ზიანი მიაყენეს". მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გამოიჩინეს გულგრილობა და არ გაავრცელეს სრულმასშტაბიანი გაფრთხილება მათი პროდუქტების პოტენციური საფრთხეების შესახებ.

“როგორ უნდა აიძულო ბავშვი რომ არასდროს დადოს ტელეფონი? ამას დამოკიდებულების ინჟინერია ჰქვია, მათ ეს შექმნეს, ასეთი ფუნქციები ჩადეს მოწყობილობებში, ფაქტიურად ტროას ცხენია - გარედან მშვენივრად გამოიყურება, თუმცა როდესაც შემოუშვებ, მთლიანად გიპყრობს“, - განაცხადა KGM-ის ადვოკატმა, მარკ ლანიერმა.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სოციალური მედიის პლატფორმებში ჩაშენებული ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად, უსასრულო სქროლი და ვიდეოების ავტომატური ჩართვა სპეციალურადაა შექმნილი, რათა მომხმარებლები აპლიკაციებში დიდხანს დარჩნენ და დამოკიდებულება განვითარდეს.
აღნიშნული პროცესი პირველი იყო კალიფორნიაში, რომელიც Meta-ს, TikTok-ის, YouTube-ისა და Snap-ის წინააღმდეგ 1 600-ზე მეტი მოსარჩელის სახელით არის შეტანილი. TikTok-მა და Snap-მა KGM-ის საქმე სასამართლოს გარეშე, შეთანხმებით, მოაგვარეს.