აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, “ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან შიშობენ, რომ მოკლავენ“.
"ისინი, სხვათა შორის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ არ მიიღო ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ მუშაობს პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე, რათა გამოსავლის გზები განიხილონ.
„განა ამერიკელებმა არ თქვეს „უპირობო დანებება“? მაშ, რატომ საუბრობენ ისინი ახლა მოლაპარაკებებზე? ის ფაქტი, რომ ისინი ახლა მოლაპარაკებებზე საუბრობენ, ზუსტად დამარცხების აღიარებაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აშშ-მ ბოლო დღეებში თეირანს არაერთი შეტყობინება გაუგზავნა „მეგობრული ქვეყნების“ მეშვეობით, თუმცა ეს კომუნიკაციები მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.
„იმ ფაქტს, რომ შეტყობინებები იგზავნება და ჩვენ გაფრთხილებებით ვპასუხობთ ან ვაცხადებთ ჩვენს პოზიციებს, არ ჰქვია მოლაპარაკება ან დიალოგი; ეს არის შეტყობინებების გაცვლა. ამ შეტყობინებებში წამოიჭრა იდეები, რომლებიც გადაეცა უმაღლეს ხელისუფლებას და თუ პოზიციის დაკავება იქნება საჭირო, ისინი ამას გამოაცხადებენ“, - აღნიშნა არაღჩიმ.
მისივე თქმით, ირანის პოლიტიკა ამ ეტაპზე თავდაცვის გაგრძელებაა და მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავენ.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკების განზრახვა არ გვაქვს. ეს ისრაელის ომია და რეგიონის ხალხი და ამერიკელი ხალხი ამის ფასს იხდის“, - აღნიშნა არაღჩიმ.