მსახიობი რუსკა მაყაშვილი ძირითადად ასოცირდებოდა დაუღალავ ენერგიასთან, იუმორსა და ხალისიან ცხოვრებასთან, თუმცა ირაკლი ებიტაშვილის პოდკასტში მსახიობმა მის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეზე ისაუბრა. გულწრფელი ლაპარაკი გაშორებაზე, იმედგაცრუებაზე, "საშინელ ფსკერზე“ ყოფნასა და იმ სიმამაცეზე, რომელიც ქალს საკუთარი ბედნიერებისთვის სჭირდება. როგორ ხდება 18 წლის ასაკში გაწერილი გეგმების მსხვრევა და რატომ არის "ბედნიერი დედა“ ერთადერთი გზა ბედნიერი შვილებისკენ - ინტერვიუდან საინტერესო მომენტები ამოვკრიბეთ.
- ძალიან რთულად ვემშვიდობები ადამიანებს, ძალიან მიჭირს ეს პროცესი. ვცდილობ ხოლმე, მაქსიმალურად გავწელო დრო. თუმცა, როდესაც ხვდები, რომ ეს ადამიანი უკვე დასამშვიდობებელია, უნდა დაემშვიდობო მაშინვე, იმიტომ, რომ სხვაგვარად აზრი არა აქვს. რატომ არა აქვს აზრი? - იმიტომ, რომ ურთიერთობაში ყოველთვის დაუშვებთ ერთი და იგივე შეცდომებს ერთმანეთთან. მაგრამ, თუ ვემშვიდობები, რა თქმა უნდა, სტანდარტულად მეც ვიტყვი: მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სამუდამოდ დავემშვიდობო.
- ძალიან გადაღლილი ვარ, ძალიან. ოღონდ არასდროს მნდომია, ვინმეს შევცდებოდი. პირიქით, რაღაცნაირად გული მისკდება ამაზე და ხანდახან ვამბობ: რატომ, რა მოხდა, რომ ვინმეს შეეცოდო? რა მოხდა, რომ ვინმემ თავზე ხელი გადაგისვას და გითხრას: "რა კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ, რუსკა"? თუნდაც იმაზე, რამდენს მუშაობ, რამდენს აკეთებ, რა ყოჩაღი ხარ... ახლა დამიდგა ის პერიოდი, როცა ვაღიარებ: ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ჩემს მიმართ კომპლიმენტებს ამ თვალსაზრისით. „შემეცოდე, რა, მაგრამ კარგი გოგო ხარ“ - აი, ამის მოსმენა მინდა.

საკმაოდ ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული საკუთარ თავზე, რომლებზეც საერთოდ არ ვწუწუნებ. ვთვლი, რომ ეს ასე უნდა იყოს და სხვანაირად არც წარმომიდგენია.
- ადრე ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ახლა ძალიან შემიყვარდა მარტო ყოფნა - ოღონდ მხოლოდ ჩემს შვილებთან ერთად. მათ გარეშე ყოფნა არ მიყვარს. გაშორება ძალიან რთულია დედისთვისაც და მამისთვისაც. ეგოისტურად რომ ვილაპარაკოთ ჩვენს თავებზე და მათ ტკივილზე არაფერი ვთქვათ - თუ როგორ ღელავენ და განიცდიან მშობლების დაშორებას - ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. რაღაც პერიოდი ჩემთან არიან, რაღაც პერიოდი - სანდროსთან. ბავშვებს დედაც უნდათ და მამაც, ამიტომ მეც და სანდროც ვცდილობთ, ეს პროცესი მათ შევუმსუბუქოთ.
მარტო დარჩენილი, ძირითადად, სულ მომავალზე ვფიქრობ. მინდა, ყველაფერი ისე დალაგდეს და ისე დავალაგო მე თვითონ, რომ ჩემს შვილებსაც და მეც ყველაფერი კარგად გვქონდეს. ჩემს ირგვლივ, სამწუხაროდ, ჩემ გარდა "დამლაგებელი“ არავინ არის. ჯანსაღი, მშვიდი და ბედნიერი დედა ნიშნავს ბედნიერ შვილებს.
- სანდროზე მეტ ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებ. ერთს გეტყვით: ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დავასრულეთ. არ მიფიქრია, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ უკეთესად ვსუნთქავ!
არაფრით ვამაყობ, ერთადერთი - ძალიან მომწონს ჩემი თავი, როგორც დედა. ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ. სხვათა შორის, მგონია, რომ ვინც თვლის, რომ კარგი დედაა, არ უნდა მოერიდოს საკუთარი თავის შექებას, რადგან, აბსოლუტურად, ყველა დედაა შესაქები. იმდენად მადლიერი ვარ იმ სიამოვნების, რასაც ჩემი შვილები მანიჭებენ, რომ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ყველაფერს მათთვის ვაკეთებ და ვცდილობ, დავიცვა ისინი იმ სტრესისგან, რომელშიც ახლა არიან. ამაში დამნაშავე მხოლოდ ჩვენ, მშობლები ვართ. ამიტომ, ახლა ვცდილობ გავხდე ძალიან ბედნიერი, რომ ჩემი შვილებიც კიდევ უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს ბედნიერება გამოიხატება იმ დამსახურებულ სიმშვიდეში, რომელსაც ახლა ველოდები.
- ერთი წამითაც არ მქონია წარმოდგენილი, რომ ოდესმე ოჯახი დამენგრეოდა. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ცხოვრება გეგმის მიხედვით წაიყვანა. 18 წლის ასაკში ჩამოვწერე გეგმა წლების მიხედვით: როდის უნდა გავთხოვილიყავი, როდის გამეჩინა შვილები, სქესიც კი მეწერა! ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულე, მაგრამ გაშორება იქ არსად ეწერა.
ბევრი წელი ვცდილობდი შენარჩუნებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ ქვეყანაზე ერთხელ ვცხოვრობთ. სადღაც, რაღაც მომენტში, 1000%-ით აცნობიერებ "ერთხელ ვართ ამ ქვეყანაზე“. და არ იცი, მერე რა იქნება, რას გააკეთებ. მიუხედავად საშინელი შიშის, სტრესის...]
გაშორება საშინლად რთული პროცესია, მაშინაც კი, როცა ორივე მხარე თანახმაა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება. მერე ამ ბრძოლაში შედიხარ, ჭიდაობ, შენი სიმართლე დაამტკიცო, რაღაც შენი თქვა. მერე იწყება საშინელ ფსკერზე ყოფნა, ერთმანეთის უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანა. ეს ძალიან რთულია, ყველას სტკივა, ყველა განიცდის, მაგრამ მგონია, რომ რაღაცები თავისი ბედნიერებისთვის უნდა გააკეთოს ქალმა. ბედნიერი დედა ბედნიერ შვილებს ნიშნავს. ჩემი ბედნიერება კი ახლა ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა, საქმის კეთება და მეც ვიყო დამსახურებულ სიმშვიდეში, რომელსაც ნამდვილად ვიმსახურებ.
წაიკითხეთ ასევე: