ავტორი:

"თამარ ბაგრატიონის ვიდეო იმიტომ არ გავაზიარე, რომ არ მინდოდა ზუსტად იგივე გაევლო, რაც თავის დროზე მისმა თანამებრძოლებმა გამატარეს მე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"თამარ ბაგრატიონის ვიდეო იმიტომ არ გავაზიარე, რომ არ მინდოდა ზუსტად იგივე გაევლო, რაც თავის დროზე მისმა თანამებრძოლებმა გამატარეს მე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

წლების წინ, როდესაც ლალი მაროშკინამ თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ყელის არეში ჩანგალი დაარტყა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ფაქტზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა - მან სიტყვა "არტერია“ "არტილერიით“ ჩაანაცვლა. ეს ერთი შეცდომა წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ბულინგის საფუძველი გახდა, რამაც, როგორც თავად ამბობს, მძიმე მენტალური ტრავმა დაუტოვა.

დღეს, როდესაც საზოგადოება თამარ ბაგრატიონის გამოსვლას განიხილავს, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ გამოცდილებას იხსენებს და განმარტავს, თუ რატომ არ სურს სხვისი შეცდომების ტირაჟირებაში მონაწილეობა. ის პარალელს ავლებს საკუთარ და შვილის შემთხვევებთან და საუბრობს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც დღეს ის ადამიანები აწესებენ, ვინც თავის დროზე თავად იყვნენ დაუნდობელი კამპანიებისა თუ დეზინფორმაციის ავტორები

"ბევრი წლის წინ, როცა ლალი მაროშკინამ "არტილერიაში“ ჩანგალი დაარტყა თაკო ფხაკაძეს, მაშინ ალბათ ყველაზე რთულად წარმოვიდგენდი, დადგებოდა დღე, რომ ამ ამბავზე, ამ ფაქტზე და ამ სიტყვაზე გამეცინებოდა. დღემდე არ მჯერა, მართლა არ მჯერა, რომ აი, იმ ადამიანებმა, რომლებმაც სირცხვილის დაფაზე გამაკრეს - ოღონდ ერთი თვე, ორი თვე და ერთი დღე კი არა, ეს მიდიოდა წლები - "ნანულა“, "არტილერია“ და რაღაცნაირად ეს ამბავი გაუთანაბრეს და საპირწონედ დამიყენეს იმისა, რომ წიგნიც არ მქონდა წაკითხული, წარმოუდგენელი დამცირება იყო.

და ის სირცხვილის შეგრძნება არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ემოცია, რაც ჩვენ მენტალურ პრობლემებს გვიქმნის, მერე შენდება ბევრი სხვა ტრავმა. ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილის გრძნობა, რაც მაშინ მქონდა. იმიტომ, რომ მართლა მათრიეს, აი, წლების განმავლობაში მათრიეს და მე ვფიქრობ, რომ ისინი ყველა "ქოცები“ იყვნენ. "ქოცობა“ ხომ არ ნიშნავს იმას, ვინ შემოხაზე არჩევნებზე და ვის მიეცი ხმა.

მახსოვს, მაშინ ეს იყო ჩემთვის მძიმე ემოციური ტრავმა და მაშინ გავიკეთე ყველაზე დიდი დოზა, ავიცერი, აცრის დიდი დოზა გავიკეთე ბულინგზე. ქალბატონი თამარ ბაგრატიონის ვიდეო იმიტომ არ გავაზიარე ჩემს გვერდზე, რომ არ მინდოდა ზუსტად იგივე გაევლო მას, რაც თავის დროზე მისმა თანამებრძოლებმა გამატარეს მე რაღაცა ერთი დაშვებული შეცდომისთვის. არ მომწონს ეს ფორმატი ურთიერთობების და გულწრფელად დავწერე: ეს რატომ გაუკეთეთ? მართლა გულწრფელად მაინტერესებდა, ეს რატომ დამართეს და იქაც კი ისეთი კომენტარები იყო, რომ რაღაცებს ვმალავდი, იმიტომ, რომ არ მინდოდა, რომ ჩემი გვერდი ყოფილიყო ამის მონაწილე.

ეს ხალხი, რომლებიც მზად არიან, რომ დაგხვრიტონ, თმებით გითრიონ შენი დაშვებული შეცდომის შემდეგ, გვეუბნებიან იმას, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სტატუსით მიდის ძალიან დიდ, გლობალურ, აი, ძაან დიდ მასშტაბურ შეხვედრაზე, იქ, სადაც წარმოადგენს თავის ქვეყანას - ასე არ გვინდოდეს, რომ წარმოადგენდეს ჩვენს ქვეყანას, ამას გვითვლიან ბულინგად. აი, ის ხალხი...

ჩემი "არტილერია“ მართლა რა მოსატანია. ეს ხალხი, რომელიც დღეს გვაკრიტიკებს, აი, ამ წუხილისთვის, რომელიც გამოვთქვით, ადამიანურად გვეუბნებოდნენ, რომ სანდრა რულოვსს სკრინინგზე რომ ხალხი მიჰყავდა, ქალებს აძინებდა, მათ საშვილოსნოებს აჭრიდა, ყიდდა და ორგანოებით ვაჭრობდა. ამას აზიარებდნენ "ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობდა. და ეს ხალხი გვეუბნება ჩვენ დღეს, რომ ეს არ არის სტანდარტი, მორალური სტანდარტი არ არის ეს დღეს, რომ თქვენ რაღაცნაირად წუხილი გამოთქვათ ყოველგვარი ვიდეოს გაზიარებების გარეშე, უბრალოდ, წუხილი გამოთქვათ, რომ ასე არ გვინდა წარმოვადგენდეთ. აი, ამისთვის გვაკრიტიკებენ ეს ხალხი, "სანდრა რომ ორგანოებით ვაჭრობდა“.

აქვე ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: მარიამმა (ნანუკას შვილი - ავტ.) ერთ-ერთი ჩართვის დროს სიტყვა ვერ გამართა, ის წინადადება ვერ გამართა, სწორად ვერ თქვა. მერე იმის მცდელობაში, რომ შეესწორებინა, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, კიდევ უფრო მეტი შეცდომა და ისეთი პანიკური შეტევა დაემართა, იქიდან წავიყვანეთ საავადმყოფოში. და აი, მაშინ, როდესაც მარიამი საავადმყოფოში მიგვყავდა, ასევე "ქოცები“ აზიარებდნენ მის გვერდს და წარმოუდგენლად ათრევდნენ. მახსოვს, ასეთი გვერდი იყო "უკრაინოლოგი“. ის რომ ათრევდა მარიამს, მარიამი მაგ დროს საავადმყოფოში იყო, პანიკურ შეტევას ებრძოდა, იმ სტრესისგან გამოწვეულს, რომელიც იქ მიიღო აი, ამ ჩართვის გამო.

და ზუსტად ამით ვხელმძღვანელობ ხოლმე, რომ ჩვენ არ ვიცით ადამიანები რა მენტალურ პრობლემებს გადიან ასეთი სირცხვილის მიღების დროს. მე ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ვიდეო არ გამეზიარებინა. მაგრამ "ქოცები“, რომ იცოდეთ, ასეთები არიან: კიდევაც გათრევენ, არც შეცდომას გაპატიებენ, მაგრამ შემდეგ გეტყვიან, რომ შენ ამას ნუ აკეთებ, თორემ ცუდი ხარ, თორემ სინამდვილეში თვითონ უარესებს აკეთებენ. ასეთია "ქოცობა“.

იხილეთ ასევე: