ავტორი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში - ვინ არის პიტერ ანდრეოლი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში - ვინ არის პიტერ ანდრეოლი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა?

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი, რომელიც უკვე მართავს შეხვედრებს.

"ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს“, - დააანონსა შეერთებული შტატების საელჩომ.

  • ვინ არის პიტერ ანდრეოლი?

პიტერ ანდრეოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია.

ის 20 მარტს იმყოფებოდა აშშ-ში საქართველოს საელჩოში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

"მან მიუსამძიმრა ქართველ ერს და საქართველოსადმი პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა“, - დაწერა სოციალურ ქსელში გასულ კვირას საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა.

ბატონი ანდრეოლი 2025 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო დეპარტამენტში იკავებდა რუსეთის საკითხების სამსახურის დირექტორის პოზიციას. ეს სამსახური არის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ერთ-ერთი მიმართულება.

როგორც ირკვევა, ამ პოზიციაზე ყოფნისას მან მოსკოვშიც იმოგზაურა: ის იქ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა - შეხვდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებს.

  • პიტერ ანდრეოლს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია "იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.

"მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.

საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს "საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლის ანაკლიაში ჩასვლა ღიად მიანიშნებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტია ვაშინგტონისთვის.

მისივე თქმით, ეს ვიზიტი რეალურად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არანაირ გადატვირთავს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია "საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული რეგიონში“.