ავტორი:

თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე ამბავი - ეს სერია თქვენთვისაა!

თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე ამბავი - ეს სერია თქვენთვისაა!

ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე ამბავი, თუკი მას სხვადასხვა პერსპექტივიდან გავიცნობთ?

ერთი შეხედვით, ძველბერძნული მითოლოგიის თავბრუდამხვევი სამყარო ჩვენგან ძალიან შორსაა, თუმცა, თუკი სხვა თვალით შევხედავთ ღმერთებისა და ძლევამოსილი გმირების ამბებს, მათში ჩვენთვის ნაცნობ და ახლობელ სიუჟეტებსა და პერსონაჟებსაც ვიპოვით. არგონავტების მითი იქცევა ერთი კოლხი ქალის, მედეას ამბად და, თუ ყურს დავუგდებთ მედეას ხმას, მალევე აღმოვაჩენთ, რომ მისი შეგრძნებები და ფიქრები სულაც არაა შორს ჩვენგან. ასე მოხდება სხვა მითების შემთხვევაშიც. მინოტავროსისა და ლაბირინთის ცნობილი მითი გარდაისახება არიადნეს ამბად, რომელსაც მომხიბლავი გმირი შეუყვარდება, ის კი მიატოვებს და სასიკვდილოდ გასწირავს. ოდისეა იქცევა პენელოპეს ამბად, რომელიც ოცი წელი ელოდება ოდისევსს და ამ ოცი წლის განმავლობაში საუცხოოდ მართავს სამეფოს, ინარჩუნებს მშვიდობას სასიძოებს შორის და სიყვარულით ზრდის ვაჟს.

სწორედ ამ ნაცნობი და ახლობელი პერსონაჟების ჩვენთვის უკეთ გასაცნობად შექმნა გამომცემლობა პალიტრა L-მა ახალი სერია, ანაგენისი. ეს სერია აერთიანებს წიგნებს, რომლებიც სულ სხვა თვალით გვაჩვენებს კარგად ნაცნობ და ლეგენდად ქცეულ მითებს. ანაგენისის წიგნების ფურცლებზე გაიგონებთ მედეას, არიადნეს, პენელოპეს, ფედრასა და დანაეს ხმებს, გაიცნობთ კოლხ, ბერძენ, ტროელ ქალებს. ამ სერიაში შეხვდებით გმირი ენეასის ცოლს, ლავინიასაც, რომელიც ვერგილიუსმა სამუდამო დუმილისთვის გასწირა, ურსულა კ. ლე გუინმა კი საუკუნეების შემდეგ აალაპარაკა.

ანაგენისის სერიაში აღმოაჩენთ თანამედროვე მწერლის, კოსტანცა კასატის „კლიტემნესტრას“. ნაწარმოები მოგვითხრობს ბერძნული მითოლოგიის გამორჩეული პერსონაჟის, ტროის ომის მთავარსარდლის, აგამემნონის, ცოლისა და ორესტესის დედის, კლიტემნესტრას ამბავს. ბერძნულ ტრადიციულ მითოლოგიაში კლიტემნესტრა ვერაგ, მოღალატე ცოლად გვევლინება. კლასიკურ წყაროებში, მათ შორის, ესქილეს ტრაგედიებში, იგი სიცრუისა და ამბიციურობის სიმბოლოა. მითი თითქმის არ გვიტოვებს სივრცეს მისი მოტივების გასაგებად.

კოსტანცა კასატი კი ამ ძლიერი ქალის ამბავს სულ სხვა მხრიდან გვაჩვენებს. გვაცნობს მას ყმაწვილქალობიდან, როცა კლიტემნესტრა თავის დასთან, მშვენიერ ელენესთან ერთად ცხოვრობდა სპარტის ძლევამოსილ სამეფოში. მეფის ასული მიკენეს დედოფლობამდე სპარტის პრინცესა იყო – ყველასთვის საყვარელი, ქარიზმატული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მაიონიის მეფე, ტანტალოსი შეუყვარდა. თუმცა მასთან ბედნიერი ქორწინება მოულოდნელად და ტრაგიკულად სრულდება სპარტაში გამოქცეული ატრევსის ვაჟების, აგამემნონისა და მენელაოსის გამოჩენით.

კოსტანცა კასატი შესაშური ოსტატობით გვიხატავს დაპირისპირებებით სავსე სამყაროს, კლიტემნესტრას ცხოვრებას, რომელიც მიმართულებას იცვლის. სპარტის პრინცესა მოულოდნელად ხდება ღალატის მსხვერპლი. მოსწყვეტენ მოსიყვარულე ოჯახს და გაიტაცებენ სამყაროში, რომელსაც სისასტიკე, ძალადობა და ტყუილები მართავს. თუმცა კლიტემნესტრა ამ სამყაროშიც წარმოუდგენელ სიმამაცეს გამოავლენს. შვილების სიყვარული და შურისძიების სურვილი მას სიცოცხლის გაგრძელებისთვის საჭირო ძალას აძლევს.

ავტორი თანამედროვე, მკაფიო ენით გვესაუბრება. მკითხველს არ სჭირდება ბერძნული მითის სიღრმისეული ცოდნა იმისათვის, რომ კლიტემნესტრას ამბავი გულთან ახლოს მიიტანოს. ამ პერსონაჟის ფიქრები და განცდები ყოველი ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი. მკითხველი მალე აღმოაჩენს, რომ მთელი გულით გულშემატკივრობს ქალს, რომელსაც ცხოვრება უამრავ სირთულესა და გამოწვევას ახვედრებს. რომანი გვიბიძგებს, კლიტემნესტრას პერსონაჟში უფრო მეტი დავინახოთ, ვიდრე „მოღალატე ცოლი“ და „უგულო დედაა“. სწორედ ამ გზით გარდაიქმნება ბერძნული მითი თანამედროვე და ჩვენთვის აქტუალურ ამბად.

R