2026 წლის 25 მარტს სტამბოლის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სასამართლოში 14 გავლენიანი პირი წარსდგა. პროცესი, რომელიც ჩაღლაიანის იუსტიციის სასახლეში გაიმართა, პატიმრობებით, შინაპატიმრობითა და სენსაციური აღიარებებით დასრულდა.
სტამბოლის მთავარი პროკურორის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, დაკავებულთა შორის გადანაწილდა სხვადასხვა სიმკაცრის აღკვეთის ღონისძიებები. სასამართლომ უმკაცრესი გადაწყვეტილება მიიღო ოთხი პირის მიმართ: ქორაი სერენლი, მუსტაფა თარი, ონურ თალაი და სეზგინ ქოისურენ პირდაპირ სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
თუმცა, საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად "სასამართლო კონტროლის" ქვეშ მყოფმა პირებმა მიიპყრეს. ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესდათ:
ფიქრეთ ორმანს ("ბეშიქთაშის" ყოფილი პრეზიდენტი)
ბურაქ ელმასს ("გალათასარაის" ყოფილი პრეზიდენტი)
დიდემ სოიდანსა და გუზიდე დურანს (ტოპ-მოდელები)

ხოლო მსახიობ ლუთფიე თუღჩე ოზბუდაქ ქილიჩარსლანსა და კიდევ ორ პირს შინაპატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო თურქეთში ცნობილი უმდიდრესი კლანის მემკვიდრე, ჰაქან საბანჯიც, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია. ჰაქანმა პროკურატურას ვრცელი ჩვენება მისცა. მან კატეგორიულად უარყო ნარკოტიკების მოხმარება და მომხდარში აიგუნ აიდინი დაადანაშაულა. საბანჯის თქმით, ეს უკანასკნელი მასზეა აკვიატებული და ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა.
"ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე ნარკოტიკული საშუალება არ მიმიღია. არასდროს ვყოფილვარ ისეთ გარემოში, სადაც ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. თქვენ მიერ ნახსენები პირი, სახელად აიგუნ აიდინი, არის ადამიანი, რომელიც წარსულში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მოგვიანებით ის ჩემით აკვიატებულია, სასამართლოს მივმართე და მას ჩემთან მოახლოება აეკრძალა.
ამ ბრძანების დარღვევის გამო მას პატიმრობაც კი შეეფარდა.
ყველაფერი, რასაც ის ჩემზე ამბობს, ცილისწამებაა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ამ ადამიანთან ერთად ნარკოტიკების მოხმარება სრული სიცრუეა.
წარსულში ნამდვილად ვყოფილვარ სასტუმრო "ბებექში", თუმცა იქ აიგუნ აიდინთან ერთად არასდროს მივსულვარ. საერთოდ, ამ პიროვნებასთან ერთად არასდროს არსად ვყოფილვარ. აიგუნ აიდინს მხოლოდ ერთხელ შევხვდი ჩემს საცხოვრებელ სახლში. ჩვენი შეხვედრა შუა სართულზე შედგა, თუმცა იქ ნარკოტიკი ნამდვილად არ ყოფილა გამოყენებული.
ვიცნობ პიროვნებას, სახელად ჰანდე ერჩელს. ამ ადამიანს ჩემს გვერდით ყოფნისას არასდროს გამოუყენებია ნარკოტიკული საშუალება", - ამბობს თავის ჩვენებაში ჰაქან საბანჯი.
ვინ არის აიგუნ აიდინი
აიგუნ აიდინი თურქი მსახიობი და მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ არა იმდენად თავისი კარიერით, არამედ ჰაქან საბანჯისთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალებით გაიცნო.
ის მონაწილეობდა სხვადასხვა თურქულ ტელეპროექტსა და სერიალში, თუმცა მისი სახელი მედიის ყურადღების ცენტრში 2021 წლიდან მოექცა. აიდინი ამტკიცებდა, რომ მას და მილიარდერ ჰაქან საბანჯის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც საბანჯიმ ეს უარყო, აიდინმა სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერების "სქრინების" გამოქვეყნება დაიწყო.
ჰაქან საბანჯიმ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ცილისწამებისა და შევიწროების ბრალდებით. სასამართლომ აიდინს საბანჯისთან მიახლოება და მასზე საუბარი აუკრძალა.

აიგუნმა რამდენჯერმე დაარღვია სასამართლოს აკრძალვა და განაგრძო ბიზნესმენის საჯარო შეურაცხყოფა, რის გამოც მას სამდღიანი პატიმრობა მიესაჯა. სწორედ აიგუნ აიდინია ის პირი, რომელიც ჰაქან საბანჯის ნარკოტიკების მოხმარებაში სდებს ბრალს, რასაც საბანჯი "აკვიატებული ადამიანის შურისძიებას" უწოდებს.
ამ სკანდალური საქმის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფიგურა მსახიობი ჰანდე ერჩელია. თურქული მედიის ინფორმაციით, გაცემულია ჰანდეს დაკავები ორდერი, თუმცა რადგან მსახიობი თურქეთში არ იმყოფება, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ერჩელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ერთი თვეა განათლების მიღების მიზნით ქვეყნიდანაა გასული და მომხდარი მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა:
"მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ენდობა თურქულ მართლმსაჯულებას. მჯერა, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა. ქვეყანაში დავბრუნდები და გამოძიებას ჩვენებას მივცემ", - აღნიშნა ერჩელმა.

საინტერესოა, რომ ჰაქან საბანჯიმ თავის ჩვენებაში ჰანდე ერჩელიც ახსენა და აღნიშნა, რომ მას მსახიობის გარემოცვაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი უნახავს.