ავტორი:

პატრიარქის შთამომავალი: რას ჰყვება შვილთაშვილი ქრისტეფორე III-ზე, რომელიც 5 შვილს მარტო ზრდიდა - "უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა... უბრალო და უშუალო იყო"

პატრიარქის შთამომავალი: რას ჰყვება შვილთაშვილი ქრისტეფორე III-ზე, რომელიც 5 შვილს მარტო ზრდიდა - "უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა... უბრალო და უშუალო იყო"

სიონის ტაძარში დაკრძალულ პატრიარქთა შორის ერთ-ერთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე III ციცქიშვილი გახლავთ. ის საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი 1927–1932 წლებში იყო.

ქრისტეფორე ციციშვილი 1873 წლის 27 მარტს ვერტყვიჭალაში (შორაპნის მაზრა) დაიბადა, ხოლო 1932 წლის 23 იანვარს 57 წლის ასაკში, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ციცქიშვილების შტოში სასულიერო პირები საკმაოდ ყოფილან. მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც მღვდელი იყო. ქრისტეფორემ თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები. მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში -ხიდისთავი, იტრიაში, ნაბახტევი, ასევე თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგეც და საღვთო სჯულის მასწავლებელი, გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე, თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი. 1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნა შეიმუშავა...

მისი მეუღლე ანა ჩუბინიძე სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, რომელიც საკმაოდ ადრე გარდაცვლილა. ხუთი შვილის აღზრდა ქრისტეფორემ იტვირთა. 1922 წელს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა.

ქრისტეფორე III ციცქიშვილი

როგორც აღვნიშნეთ, კათოლიკოს-პატრიარქს 5 შვილი ჰყავდა, ცხადია, დღეს მისი შვილთაშვილები ჩვენი თანამედროვეები არიან და სიამაყით ავსებთ ის, რომ მათი დიდი ბაბუას გასულ საუკუნეში ჰქონდა პატივი, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი ყოფილიყო.

AMBEBI.GE-ს სტუმარია ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილი, ფილოლოგი და ჟურნალისტი მანანა ციცქიშვილი:

- ოჯახში, ბავშვობიდან მის შესახებ სულ მესმოდა და სულ ვიცოდი, რომ საოცარი ადამიანი იყო - ძლიერი, თბილი, სათნო, სამშობლოს და ადამიანის მოყვარე. შვილებიც ისე აღზარდა, როგორც ნამდვილ მოძღვარს, მამას შეეფერება.

ჩვენს დიდ ბაბუას 5 შვილი ჰყავდა - ნინო, გობრონი, ვასილი, ელენე, მარიამი. ბაბუაჩემი გობრონი გახლდათ, იგივე გობრონ აგარელი-ციცქიშვილი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, რვა ენა იცოდა. მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან და ტერენტი გრანელთან... მამაჩემი, გივი ციცქიშვილიც ფილოლოგი და მთარგმნელი იყო და არანაკლებ ცნობილი პიროვნება... რაც შეეხება ჩემს დიდ ბაბუას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორე III-ს, მართლაც დიდი და უაღრესად განათლებული ადამიანი გახლდათ, მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული...

ყოველთვის ვგრძნობდი მის მფარველობას, ახლაც ასე ვარ... როცა მიჭირს, თვალებს ვხუჭავ და მის სახელს გულში უხმოდ ვამბობ... ის მოდის ჩემთან და სწორ გზას მაჩვენებს, როგორც თავის დროზე სწორი გზისკენ მთელ ერს მიუთითებდა... სხვათა შორის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მაღალ შეფასებას აძლევდა პატრიარქ ქრისტეფორეს მოღვაწეობას და ამბობდა, რომ მან ეკლესია ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, რადგან უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა და მას გამორჩეულ პატრიარქად მიიჩნევდა.

მანანა ციცქიშვილი

- ახალგარდაცვლილ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ღვაწლს როგორ აფასებთ?

- უწმინდესი ილია II დიდი კაცი იყო. თანდაყოლილი სიბრძნე და ქარიზმა ჰქონდა. ყველას უყვარდა. მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს თესდა. ბავშვური იყო და ამიტომაც - გულწრფელი... მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ხალხმა შეიცნო და დააფასა კიდეც. ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე კიდევ ვერ ჩავწვდით და ნელ-ნელა გავიგებთ მის სიდიადეს.

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა პატრიარქად აკურთხეს. ეს ურთულესი დრო იყო. ხალხი ერიდებოდა ეკლესიაში სიარულს. ზოგი ჩუმად ღებავდა კვერცხებს. პატრიარქი წინ მიიწევდა. არ ჩქარობდა, რადგან იცოდა, ღმერთი არ მიატოვებდა არც მას და არც - ჩვენ. რწმენას აღვივებდა ხალხში და ამას სიყვარულითა და სითბოთი ახერხებდა.

გამორჩეულ პატრიარქს ხალხი მიენდო და აღიარა. ეკლესია მრევლით ნელ-ნელა ივსებოდა. სიონში მისვლა ზეიმად იქცა! რწმენა ყოველთვის იყო ჩვენს ერში, მაგრამ ილია მეორემ მეტი სიყვარული და დამაჯერებლობა შესძინა მას. პატრიარქი იდგა ძლიერად და მისი გზა ევროპული ღირებულებების გაგრძელება იყო. ამას გვიქადაგებდა ჩვენც. მიტევებასა და სიყვარულს გვასწავლიდა. თითქმის ნახევარი საუკუნე იდგა ხალხის სამსახურში, დაუღალავი და ოპტიმიზმით სავსე. დაგვიბარა: გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ საქართველო, ნუ დაივიწყებთ ფესვებს!

- პირადად თუ შეხვედრიხართ?

- სკოლის პერიოდში, მერეც, სტუდენტობის დროს, ხშირად ვესწრებოდი მის ქადაგებებს, წირვა-ლოცვებს. რამდენჯერ დაუდია თავზე ხელი, რამდენჯერ დავულოცივარ! მე და ჩემი მეგობრები აღფრთოვანებულნი ვიყავით მისით! ყველას გვეფერებოდა, სითბოსა და სიყვარულს არ იშურებდა ჩვენთვის! დრო გადიოდა… ერთხელ გადმოგვცა მოკითხვა: როგორ არიან ისინი? ეს მოკითხვა ჩვენ გვეხებოდა, პატრიარქ ქრისტეფორეს შთამომავლებს და უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის...

ის იყო ხალხის პატრიარქი, მისი მოყვარული და თავადაც ხალხის წიაღიდან გამოსული! მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი დიდი ბაბუა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო! ისიც მეამაყება, რომ საქართველოს ისეთი მანათობელი ჰყავდა, როგორიც იყო ილია მეორე! სევდა და სიხარული ირევა ერთმანეთში. შევალ სიონში და იქ დამხვდებიან უწმინდესი ილია მეორე და ჩემი დიდი ბაბუა, სხვა პატრიარქებთან ერთად! სულ 9 პატრიარქი მიიბარა სიონის ტაძარმა. ყველა ღირსეული იყო! მათ შექმნეს ისტორია, თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებით! დიდი მადლობა მათ! მადლიერება დიდი გრძნობაა. ქართველმა ხალხმა ეს ცრემლითა და სიყვარულით გამოხატა!

- როცა აცნობიერებთ, რომ პატრიარქის შთამომავალი ხარ, რას განცდა გეუფლებათ?

- მეამაყება, რომ მისი შვილთაშვილი ვარ, თუმცა ეს გარკვეულწილად, ძნელიცაა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ასეთი სულიერი მოღვაწის შთამომავალი... კი, ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი წინაპრის შთამომავალი ვარ...

პატრიარქი თავის სულიერ შვილებს სწორ გზას აჩვენებდა-მეთქი, მაგრამ იმ ავბედითი წლებიდან გამომდინარე, როცა მას მოუხდა მოღვაწეობა, ეს არც ისე იოლი იყო, მაგრამ პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა და ეს მხოლოდ ჭეშმარიტებას ემსახურებოდა... უბრალო და უშუალო იყო, როგორც ყველა დიდი პიროვნება...

- ციცქიშვილებს სასულიერო პირი არაერთი ჰყოლიათ...

- კი, მღვდელი იყო ბაბუას ერთ-ერთი ძმაც და სწორედ მისი გავლენით აურჩევია სასულიერო გზა.

- ქრისტეფორე III საქართველოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ შეუდგა ამ მისიას?

- დიახ და 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი პატრიარქი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიას მიერ იქნა ხელდასმული ჯერ მანგლისის, შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს კი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლიდან 1925 წლამდე პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ, 1927 წლის 26 ივნისს, IV საეკლესიო კრებაზე, იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს და მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო ვითარებაში მოუხდა ეკლესიის საჭეთმპყრობლობა. კომუნისტები სასულიერო პირებს საშინლად ავიწროებდნენ, დევნიდნენ მრევლს და უამრავ სისასტიკეს სჩადიოდნენ.

კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო (დღეს მაგალითად, ახალი წლის აღნიშვნა ჩვენ შემთხვევაში რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა)... თუმცა 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც შემოიღეს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. კათოლიკოსი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიაზე ერთ-ერთ მოხსენებაში ასე აღნიშნავდა, 1923-1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომ, 1925 წლიდან, როდესაც კათოლიკოსი ციხიდან გათავისუფლდა, ეკლესია 1927 წლამდე, ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა...

ქრისტეფორე III-ს შვილები

- ცნობილია, რომ ქრისტეფორე III სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა...

- ბევრი ისტორიული და ლიტერატურული წერილისა თუ გამოკვლევის ავტორია. მათ შორის, ძველი ქართული მწერლობის ძეგლის - „ვისრამიანის“ ეროვნების შესახებ. სამწუხაროდ, ადრე, 57 წლისა აღესრულა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყველა პატრიარქი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული... არადა, მისი გარდაცვალების შესახებ, ისეთი დრო იყო, რომ გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება გამოქვეყნდა, როგორითაც ერისკაცს აცხადებდნენ: „გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა...

თუმცა, გავიდა წლები და 2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი იტრიის სკოლას მიენიჭა. ამასთან, ვინაიდან წარმოშობით ხარაგაულიდან, სოფელ ვერტყვიჭალიდან იყო, საჯარო სკოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე მესამის მუზეუმი გაიხსნა... გახსნის იდეა ამ სკოლის ისტორიის პედაგოგს, თამაზ გოგოლაძეს და სკოლის დირექტორს, ლენა აბაშიძეს ეკუთვნით...

***

მოკლედ, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ, 1927 წლის 26 ივნისს, IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. რთული დრო იყო... სახელმწიფო სასულიერო პირებს ავიწროებდა და მრევლს დევნიდა. ქრისტეფორეს პოლიტიკა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილით გამოირჩეოდა, მაგრამ ეკლესიათა დახურვის და დანგრევის პროცესის შეჩერება ასეთი დიპლომატიითაც ვერ შეძლო...

2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი მიენიჭა იტრიის საშუალო სკოლას და ეწოდა ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა.

წაიკითხეთ ასევე: