ნიუ-იორკის ხმაურიან ქუჩებში, ჟურნალისტ ალექსი მეგრელიშვილის გადაცემაში „უეჭველი ქართველია“, გამოჩნდა ქალი, რომელიც წლებია მედიასთან კომუნიკაციას გაურბის. მაია კვესელავა, გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, დღეს ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარ ისტორიას პირველად ჰყვება ასე ვრცლად.
ინტერესი, ჟურნალისტები და წარსულის ჩრდილები
მაია არ მალავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მისი პერსონის მიმართ დიდწილად მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდება, თუმცა თავად ამ ფაქტს ემოციების გარეშე ხვდება:
"ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ ვარ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, მე ვფიქრობ, ინტერესი იქნება მაყურებლის ამასთან დაკავშირებით. თუმცა, არ მიყვარს არც კამერები, არც ჟურნალისტები. იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრებისას, მოტყუებით, ჩუმად ჩამწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ჩამწერეს სრულიად სხვა მიზეზით. ვიყავი ირაკლი ალასანიას პარტიაში და როგორც პარტიის წევრი ერთ-ერთი. თითქოს აინტერესებდათ რაღაც ამ პარტიასთან დაკავშირებით... თუმცა, შემდეგ გამორთეს კამერა და, სხვათა შორის, მკითხეს: „უი, თქვენ ხომ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე ბრძანდებით?“ იქ უკვე გავაჩერე და ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა. ვერაფერი მათქმევინეს. იმიტომ, რომ არ მიყვარს მე ამ თემაზე საუბარი. ჩემს უკან დგას ჩემი შვილი".

მაია ხაზს უსვამს, რომ წარსულზე საჯაროდ საუბარი მისი სტილი არ არის, მით უმეტეს, როცა საქმე შვილის მამას ეხება:
"მყავს გადასარევი რძალი, შვილი, შვილიშვილები. და აი, რატომ? რატომ უნდა გამოვფინო ახლა მე საჯაროდ ჩემი განვლილი ცხოვრება? ჩემს ყოფილ მეუღლეზე რატომ უნდა ვილაპარაკო ცუდი ან კარგი? საერთოდ არ ვეხები, იმიტომ რომ ის არის ჩემი შვილის მამა და მე მადლიერი ვარ მაგისთვის. მაგის შემდეგ მქონდა ტელევიზიებიდან შემოთავაზებები. როგორც იცით, სკანდალი უფრო აინტერესებთ, ვიდრე, ადამიანის ცხოვრება. არანაირი ემოციები არ მაქვს ახლა გიას მიმართ...“

საინტერესოა იურიდიული მხარეც - წყვილს ხელი დღემდე არ გაუწერია, რის გამოც მაია ჯერ კიდევ სურამელაშვილის გვარს ატარებს:
"კი, მინდოდა ისევ ჩემს გვარზე გადავსულიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ სანამ არ გააწერ ხელს, ვერ დაიბრუნებ შენს გვარსო…“
ბავშვობა, პროფესია და ქორწინება 18 წლის გიასთან
განათლებით ფრანგული ენის სპეციალისტია, თუმცა პროფესიით მუშაობა ოჯახური გარემოებების გამო ვერ შეძლო.
"დავიბადე თბილისში. შემდეგ დედა და მამა გაშორდნენ ერთმანეთს და გადავედით ქობულეთში საცხოვრებლად. მე დედას გავყევი. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე კრასნოდარში. ვარ ფრანგული ენის და ლიტერატურის პედაგოგი. შემდეგ დავოჯახდი, გამიჩნდა შვილი. ჩემი პროფესიით არასდროს არ მიმუშავია. გია ამბობდა, დედა უნდა იყოს შვილთანო. გია ძალიან კარგი მამა იყო. მალე დავშორდით. ქორწინებისას მე 22 წლის ვიყავი, გია 18-ის. 1987 წელს შევქმენით ოჯახი.“

ქორწინება სპონტანური აღმოჩნდა, კარიერული წინსვლა კი ფეხმძიმობის პერიოდს დაემთხვა:
"სპონტანურად მოხდა ყველაფერი. თავიდან ნორმალურად ვცხოვრობდით. შემდეგ გია ჯარში წაიყვანეს, ნუ, მალევე გაათავისუფლეს ჯარიდან, რადგან შვილი შეეძინა. ბათუმში მსახურობდა, ჩვენ ქობულეთში ვცხოვრობდით მე და ბავშვი. ნუგოზე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაშინ იყო ასეთი კონკურსი - „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“. ფილარმონიაში ტარდებოდა და გიამ, ეკა კვალიაშვილმა და ცხონებულმა ლელა სიხარულიძემ გაიმარჯვეს. და აქედან წამოვიდა გიას კარიერა. მერე აიყვანა თავის ორკესტრში პევზნერმა. პევზნერის მერე „პირამიდაში“ მღეროდა. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა სოლო კარიერა დაიწყო...“
90-იანების გაჭირვება და ემიგრაციული გზა
მაიას ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი 90-იან წლებსა და დედის ავადმყოფობას უკავშირდება. ამან აიძულა იგი, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ევროპასა და ამერიკაში ეძებნა ხსნა.
„აირია სიტუაცია საქართველოში, ძალიან ჭირდა მაშინ, 90-იანი წლებში. უკვე მარტოხელა დედა ვიყავი და გადავწყვიტეთ მოსკოვში წასვლა. ჯერ მარტო წავედი, შემდეგ დედა წავიყვანე, მერე ნუგო. დედას მოსკოვში ორჯერ ინსულტი დაემართა, მთხოვა, საქართველოში წამიყვანე იქ მოვკვდეო. ასე დავბრუნდით. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის დედის გარდაცვალება, იმიტომ რომ სრულად დამოკიდებული ვიყავი დედაზე. ყველანაირად დავობლდი. იმდენად არ ვიყავი ამ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეჩვეული, რომ დავიბენი. რამდენიმე წელი ვმუშაობდი მოლარედ, შემდეგ უკვე საბავშვო ბაღში...“
შვილის ემიგრაციაში წასვლამ მაიას ცხოვრება კვლავ რადიკალურად შეცვალა:
„შემდეგ ჩემმა შვილმა სიურპრიზი მომიწყო. ერთი დღეს გამომიცხადა ემიგრაციაში მივდივართო. ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო. ჩემს გულში რა ხდებოდა, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ. ოჯახით წავიდა შვედეთში. ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით შვილიშვილების გარეშე.“

ისრაელი, დეპორტაცია და ამერიკა
შვილების დასახმარებლად მაიამ ჯერ ისრაელი აირჩია, თუმცა იქაური თავგადასავალი დეპორტაციით დასრულდა.
"უვიზო მიმოსვლა რომ შემოვიდა სტოკჰოლმში ჩავფრინდი. ორი კვირა დავყავი იქ. ჩემი რძალი დილის ხუთ საათზე დგებოდა, სახლში გვიან მოდიოდა სამსახურიდან. თან სახლს იშენებდნენ. ვიფიქრე, რომ ამ ტვირთს შევუმსუბუქებდი და ისრაელში წავედი სამუშაოდ. შვიდ თვეში სახლში მოვიდა საემიგრაციო სამსახური და რამდენიმე ქალი დაგვადეპორტეს.“
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იყო შვედეთი და ბოლოს - ამერიკა, სადაც მაია უკვე ოთხი წელია იმყოფება:
„საქართველოში ვეღარ გავჩერდი. წავედი შვედეთში სადაც ორი წელი ვმუშაობდი დალაგებებზე. სხვა პერსპექტივა ქართველებს არ აქვთ. ან არიან მომვლელები, ან დამლაგებლები. მაგრამ შვედეთში, მომვლელები არ სჭირდებათ, იმიტომ რომ სასწაული მოხუცთა თავშესაფრები აქვთ. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით ამერიკაში. ჩემი რძალი ამბობს: „ინგლისის დედოფალი ხომ უპასპორტოდ დაფრინავდა ყველგან“, და ხუმრობს ხოლმე: „მეორე დედოფალი სახლში მყავსო, სადაც უნდა, იქ დაფრინავს, პრობლემა არა აქვს არსადო“. ზუსტად ოთხი წელი გახდა. ვმუშაობ ძალიან კარგ ბაბუასთან, არიან ოდესელი ებრაელები, ძალიან კარგი ხალხი. აი, მაგაში ძალიან გამიმართლა. დილით მივდივარ, საღამოთი მოვდივარ.“
პოლიტიკური იმედგაცრუება
დღეს მაიას მთავარი სიხარული მისი ოჯახია. მიუხედავად იმისა, რომ 61 წლისაა და ნიუ-იორკში თავს კარგად გრძნობს, მისი საბოლოო მიზანი მაინც საქართველოა.
"დღეს მაბედნიერებს ჩემი ოჯახი: ჩემი შვილი, ჩემი რძალი, ჩემი შვილიშვილები, ჩემი მეგობრები. შვილიშვილები - გოგო 13 წლის ხდება, ბიჭი 19 წლისაა და ამერიკაში სწავლობს. სამშობლოში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ მე საქართველოს გარეშე არსად არ შემიძლია ცხოვრება. ბინას ვიშენებ და როგორც კი ჩაბარდება, მაგ დროისთვის უკვე გავემგზავრები. ასაკს არ ვმალავ, 61 წლის ვარ.“
პოლიტიკურ გამოცდილებაზე საუბრისას მაია 2012 წლის მოლოდინებსა და შემდგომ იმედგაცრუებას იხსენებს:
„უფრო მეტი მოლოდინი მქონდა იმ არჩევნებისგან, რაც ჩატარდა 2012 წელს. მაშინ კოალიციაში შევდიოდით ჩვენ, თუმცა მალევე დამემსხვრა ილუზიები.“