სტამბოლის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული რეზონანსული გამოძიება, რომელიც ცნობილი სახეების მიერ ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებას ეხება, ახალ ფაზაში შევიდა. სკანდალის ეპიცენტრში პოპულარული თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი მოექცა, რომელიც დღეს დილით სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.მსახიობი აეროპორტშივე დააკავეს და წაიყვანეს სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში საკუტარი ნებით დაბრუნდა, მასზე ორდერი იყო გაცემული და ამიტომ საზღვრის კვეთისთანავე დააკავეს.
ჰანდე ერჩელის დაბრუნება და დაკითხვა
მსახიობი, რომელიც ოპერაციის დაწყებისას საზღვარგარეთ, სასწავლო მიზნით იმყოფებოდა, თურქეთში დაბრუნებისთანავე სასამართლოში გამოცხადდა. მის მიმართ მანამდე ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ჰანდე ერჩელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. მას თმისა და სისხლის ნიმუშები აუღეს, რათა დადგინდეს, მოიხმარდა თუ არა იგი აკრძალულ ნივთიერებებს.

"მე ვარ ჩემი ქვეყნის მოყვარული, კანონმორჩილი მოქალაქე და ვენდობი თურქულ მართლმსაჯულებას. როგორც კი გავიგე ჩემს მიმართ არსებული ბრალდებების შესახებ, მაშინვე დავბრუნდი სამშობლოში, რათა სიმართლე გაირკვეს,“ – განაცხადა მსახიობმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვა პირებზე
გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია 14 პირი. სასამართლომ ოთხი ეჭვმიტანილის (ქორაი სერენლი, ონურ თალაი, სეზგინ ქოისურენი და მუსტაფა თარი) პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება სხვა ცნობილ სახეებს, მათ შორის ჰაქან საბანჯისა და დიდემ სოიდანს, მათ მიმართ გამოყენებულია „სასამართლო კონტროლის“ ღონისძიება, რაც გულისხმობს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას და პერიოდულ გამოცხადებას პოლიციაში.
რა ხდება ახლა?
თურქული საზოგადოება მოუთმენლად ელოდება ექსპერტიზის პასუხებს. ეს საქმე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც პირდაპირ ეხება ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად და პოპულარულ ვარსკვლავებს.
წაიკითხეთ ასევე: