ავტორი:

"კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს... მოლაპარაკების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს" - ექსპერტი

"კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს... მოლაპარაკების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს" - ექსპერტი

ირანის მიმართულებით ვითარება ახალ, სახიფათო ფაზაში შედის: ერთის მხრივ, დონალდ ტრამპი თეირანის წარმომადგენლებს "უცნაურ მომლაპარაკებლებად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით უკვე დასუსტებულია და შეთანხმებას "ემუდარება“, ხოლო მეორეს მხრივ, თავად ირანი უარყოფს დიალოგის არსებობას და მიმდინარე კომუნიკაციებს მხოლოდ "შეტყობინებების გაცვლად“ აფასებს. ამ წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი "საბოლოო დარტყმისთვის“ სამხედრო სცენარებსაც ამზადებს, რაც ჰორმუზის სრუტის ირგვლივ ესკალაციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რას ნიშნავს მხარეების ასეთი რიტორიკა, რამდენად რეალურია კონფლიქტის კიდევ უფრო მასშტაბურ ფაზაში გადასვლა და რა გამოწვევების წინაშე დააყენებს რეგიონს, მათ შორის საქართველოსაც კონფლიქტის გახანგრძლივება, ამის შესახებ ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა გვესაუბრება:

ვასილ პაპავა:

- ამ ეტაპზე მოვლენების განვითარების დინამიკა მიუთითებს, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დღეს არსებული რეალობით ირანისთვის ამერიკის პირობებზე დათანხმება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ირანის პოლიტიკური სისტემისთვის ამერიკის მიერ შეთავაზებული პირობები ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ კაპიტულაციას, რაც ირანისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო და ახლა, როდესაც სამხედრო ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა, საერთოდ გამორიცხულია.

- როგორ გგონიათ, რის საფუძველზე განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომ ირანს შეთანხმება სურს, თუმცა ამის საჯაროდ თქმის ეშინია?

- გარკვეული არაოფიციალური კონტაქტები, სავარაუდოდ, არსებობს, თუმცა ეს უფრო ნიადაგის მოსინჯვას ჰგავს, ვიდრე რეალურ მოლაპარაკებებს. ოფიციალური რიტორიკიდან გამომდინარე, ამერიკის მიერ შეთავაზებული პირობები ირანისთვის, ფაქტობრივად, "თეთრი დროშის“ აღმართვას ნიშნავს. ასეთი ნაბიჯი კი ირანის ხელისუფლებისთვის საკუთარ დასასრულს ნიშნავს, ამიტომ ამ პირობებზე დათანხმება არარეალურია.

- რა არის ის მთავარი "წითელი ხაზები“, რომელსაც ირანი არ გადაკვეთს?

- მთავარი პრობლემა უნდობლობაა. როგორც ვიცით, ამერიკის პირობებია ბირთვული პროგრამის სრული შეწყვეტა, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დახურვა, რეგიონული გავლენის შემცირება და გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა - ფაქტობრივად, ამერიკა ირანის რეჟიმს უსაფრთხოების ძირითადი ბერკეტების დათმობას სთხოვს. ირანს უკვე აქვს გამოცდილება: 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ იყო და რომლის ფარგლებში თეირანი ვალდებულებებს ასრულებდა, თუმცა 2018 წელს აშშ შეთანხმებიდან გამოვიდა. შესაბამისად, ირანელები სვამენ კითხვას - რა გარანტია არსებობს, რომ იგივე არ განმეორდება?

- არანაკლებ არარეალისტურია ირანის წინაპირობებიც, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ითხოვს - მაგალითად, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის რეპარაცია, სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ბაზების დახურვა და ყველა სახის სანქციის მოხსნა.

- ეს არის ასიმეტრიული პასუხი. ირანი, პრაქტიკულად, იმავე სტრატეგიას იყენებს, რასაც ამერიკა, აყენებს ისეთ პირობებს, რომელზეც მეორე მხარე წინასწარ არ დათანხმდება. ეს უფრო მოლაპარაკებების ტაქტიკაა, ვიდრე რეალური შეთავაზება, მიზანი კი დროის მოგება და პოზიციების გამყარებაა.

- ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, ირანის სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებას, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამერიკა კულუარულ მოლაპარაკებას აწარმოებდეს ირანის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან?

- ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ირანის პოლიტიკური სისტემა განსაკუთრებით სამხედრო ვითარებაში მკაცრად კონტროლდება. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ფლობს მნიშვნელოვან ძალაუფლებას და აკონტროლებს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ პროცესებს. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლების ოფიციალური ხაზის მიღმა იმოქმედებს, სწრაფად იქნება განეიტრალებული.

- ცოტა ხნის წინ, დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ "საბოლოო დარტყმისთვის“ ოთხ სამხედრო სცენარს განიხილავს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის სტრატეგიული წერტილების კონტროლსა და ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ გეგმების განხორციელება და რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ოპერაციამ კონფლიქტი დასასრულამდე მიიყვანოს?

- დიახ, ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი "საბოლოო დარტყმისთვის“ ოთხ ვარიანტს განიხილავს: 1. ხარგის კუნძულის დაკავება ან ბლოკადა. 2. კუნძული ლარაკის დაკავება, რომლითაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. 3. ჰორმუზის სრუტის შესასვლელში მდებარე აბუ მუსას სტრატეგიული კუნძულის დაკავება. 4. ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ირანული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავება. უნდა ითქვას, რომ ამ სცენარების განხორციელება სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. ირანის სამხედრო პოტენციალი სრულად არ არის განადგურებული, განსაკუთრებით სარაკეტო შესაძლებლობები. შესაბამისად, ამ გეგმების სრულად განხორციელების შემთხვევაში, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ირანი დათანხმდება ამერიკის პირობებს. პირიქით, ეს კიდევ უფრო გაამყარებს მის პოზიციას, რომ არ წავიდეს კაპიტულაციაზე.

- თქვენვე გაქვთ ნათქვამი, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი არ აქვს იმის უნარი რომ ამერიკის სამხედრო მანქანას გაუმკლავდეს. მაშინ რა რესურსი იმედად აგრძელებს ირანი წინააღმდეგობას და როგორ აპირებს, პოზიციების გამყარებას?

- დიახ, ირანი პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ვერ გაუწევს კონკურენციას ამერიკას, თუმცა შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა რეგიონულ და გლობალურ დონეზე. მაგალითად, სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების მცდელობა, რაც ნავთობის მიწოდებაზე პირდაპირ აისახება. ასევე, იემენის მიმართულებით მოქმედი ძალების გამოყენება და ბაბ ელ-მანდების სრუტეზე მოსალოდნელი ზეწოლა. ასეთი ნაბიჯები გლობალურ ბაზრებზე მყისიერ რეაქციას გამოიწვევს. ირანის მთავარი ბერკეტი არის ენერგეტიკა, შესაბამისად იმედოვნებენ, რომ სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის კონტროლით, იემენში მოქმედი პროქსი ძალების საშუალებით გლობალურ ვაჭრობასა და ნავთობის მიწოდებაზე ისეთ სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რომ ამერიკის რეგიონული მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ რათა ტრამპი ირანთან რეალური მოლაპარაკებების აუცილებლობაში დაარწმუნონ. მანამდე კი მაქსიმალურად გააჭიანურებენ პროცესს. საბოლოოდ, შეთანხმება ალბათ მაინც დადგება, მაგრამ არა იმ პირობებით, რაც დღეს დევს მაგიდაზე. ირანს სჭირდება ისეთი შედეგი, რომელსაც შიდა აუდიტორიას გამარჯვებად წარუდგენს.

- თუ ვვარაუდობთ, რომ კონფლიქტი გაჭიანურდება, რა გავლენა ექნება ამას რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე?

- იმის გათვალისწინებით, რომ გეოგრაფიულად ირანთან ახლოს ვიმყოფებით, ნებისმიერი დესტაბილიზაცია პირდაპირ აისახება სამხრეთ კავკასიაზე. თუ პროცესები წავიდა ირანის შიდა დეცენტრალიზაციისა და ე.წ. სომალიზაციის მიმართულებით, ეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება. პირველ რიგში, გაიზრდება ლტოლვილთა ნაკადების რისკი, შემცირდება ინვესტიციები და გაუარესდება ეკონომიკური გარემო. ამასთანავე, გაიზრდება ტერორიზმის საფრთხეც, რადგან ირანი, მსგავს ვითარებაში, სხვადასხვა მიმართულებით ეცდება ზიანი მიაყენოს შეერთებულ შტატებსა და მის ინტერესებს. ფორმალურად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ და ომის პირდაპირ ჩართვას არ დაუშვებენ, თუმცა პროვოკაციების რისკი სრულად გამორიცხული არ არის.

- ეკონომიკური თვალსაზრისით რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

- ეკონომიკური ვითარებაც მნიშვნელოვნად გართულდება. პირველ რიგში, გაიზრდება ნავთობის ფასები, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, გაძვირდება ტრანსპორტირება, ლოგისტიკა და პროდუქცია. სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების შეფერხება ან გადამისამართება დამატებით ზეწოლას მოახდენს ბაზრებზე. საბოლოოდ, ეს პროცესები აისახება როგორც გლობალურ ეკონომიკაზე, ისე რეგიონულ დონეზე, მათ შორის საქართველოზეც.