ავტორი:

"პუტინმა რუს ოლიგარქებს ომის დასაფინანსებლად ფული მოსთხოვა" - რა ხდებოდა დახურულ შეხვედრაზე, რას წერს მედია და რას აცხადებენ კრემლში?

"პუტინმა რუს ოლიგარქებს ომის დასაფინანსებლად ფული მოსთხოვა" - რა ხდებოდა დახურულ შეხვედრაზე, რას წერს მედია და რას აცხადებენ კრემლში?

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც მათ უკრაინაში ომისთვის თანხების შეწირვა მოსთხოვა - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემებმა The Bell -მა (რუსეთში შეყვანილია"უცხოური აგენტების“ რეესტრში) და Financial Times-მა გამოაქვეყნეს.

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გააგრძელებს კონფლიქტს, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, მანამდე, ვიდრე მოსკოვი არ დაიკავებს უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში დარჩენილ ტერიტორიებს, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

გაზეთის ინფორმაციით, ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, სულ მცირე ორმა ოლიგარქმა უთხრა პუტინს, რომ მზად იყო თავდაცვის ბიუჯეტში ფინანსური წვლილის შეტანისთვის.

დახურული შეხვედრის შესახებ, სადაც გახმაურდა "ომისთვის თანხის შეგროვების“ იდეა, პირველად გამოცემა The Bell-მა გაავრცელა ინფორმაცია. წყაროების თქმით, პუტინმა შეხვედრა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (РСПП) ყრილობის შემდეგ გამართა.

ასეთი შეხვედრების შინაარსი, როგორც წესი, საჯაროდ არ ვრცელდება, ხოლო ომის დაწყების შემდეგ მათი მონაწილეების სია საერთოდ გასაიდუმლოებულია. თუმცა The Bell-ის წყაროების მტკიცებით, ამჯერად პუტინი ოლიგარქებთან უკრაინაში ომის გაგრძელებასა და მის დაფინანსებას განიხილავდა.

"თქვეს, რომ ვიომებთ“, - ასე გადმოსცა პუტინის გამოსვლის არსი გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. "დონბასის საზღვრებამდე მივალთ", - აღნიშნა სხვა წყარომ.

მსგავსად აღწერენ პუტინის გამოსვლას Financial Times-ის წყაროებიც. მათი თქმით, პრეზიდენტმა ბიზნესმენებს უთხრა, რომ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინაში დონბასის ტერიტორიების სრულ დაკავებამდე და ეს იმით ახსნა, რომ კიევმა უარი თქვა დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანაზე აშშ-ის შუამავლობით გამართულ ბოლო მოლაპარაკებებზე.

FT-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, თავდაპირველად პუტინი მხარს უჭერდა იდეას, რომ დონბასი "დემილიტარიზებულ ზონად“ ან "სპეციალურ ეკონომიკურ ზონად“ ქცეულიყო აშშ-ის ეგიდით, თუმცა ამ გეგმაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც კიევმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რეგიონის დათმობა მისთვის "წითელი ხაზია“.

წყაროების ცნობით, იდეა, "მძიმე დროს ბიზნესისგან თანხების მიღების“, შესაძლოა ეკუთვნოდეს "როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს, რომელმაც ეს პუტინს წერილობით შესთავაზა, თუმცა Financial Times არ აკონკრეტებს, ვინ იყო იდეის ავტორი.

Financial Times აღნიშნავს, რომ პუტინისთვის უარის თქმა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია: "ქვეყნის ბიზნეს-ელიტა პრეზიდენტის გარშემო ერთიანდება, მიუხედავად ომისა და მისი გავლენის შესახებ არსებული შეშფოთებისა“.

  • ორივე გამოცემის ინფორმაციით, სულ მცირე ორმა ბიზნესმენმა პუტინს განუცხადა, რომ მზად იყო ბიუჯეტის დასაფინანსებლად ნებაყოფლობითი შეწირულობა გაეღო.

The Bell-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი იყო სულეიმან კერიმოვი, რომელმაც, წყაროების თანახმად, ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის გადარიცხვა იკისრა. Financial Times კი ამტკიცებს, რომ მეორე ბიზნესმენი მეტალურგიული მაგნატი ოლეგ დერიპასკაა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, ეს არ იყო არც იგორ სეჩინის იდეა და არც პუტინის თხოვნა.

პესკოვის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თავად გამოთქვა სურვილი, სახელმწიფოსთვის "ძალიან დიდი თანხა“ გამოეყო, რაც მისი "ოჯახური გადაწყვეტილება“ იყო.

პესკოვის თქმით, ამ პირმა განაცხადა, რომ დამსწრე ბიზნესმენების უმეტესობამ საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო და მათი ბიზნესის დაწყება, ასე თუ ისე, სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბევრმა მათგანმა თავის მოვალეობად მიიჩნია წვლილის შეტანა. პესკოვმა არ დაასახელა ბიზნესმენი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა.

"ეს აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო და არა პრეზიდენტ პუტინის. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური მიესალმა ასეთ ინიციატივას“, - დასძინა პესკოვმა.

ამასთანავე, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თანხა ომისთვისაა განკუთვნილი.