ავტორი:

ქვიშაში ჩამარხული მეორე სფინქსი და შესაძლო მეგა სტრუქტურა გიზის პირამიდების ქვეშ - რა ვარაუდებს გამოთქვამენ არქეოლოგები?

ქვიშაში ჩამარხული მეორე სფინქსი და შესაძლო მეგა სტრუქტურა გიზის პირამიდების ქვეშ - რა ვარაუდებს გამოთქვამენ არქეოლოგები?

იტალიელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მათ შესაძლოა მეორე სფინქსის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს, რომელიც გიზის პირამიდების ქვეშ მდებარეობს, ეს ფაქტი თავის მხრივ ფართო მიწისქვეშა ციტადელის არსებობაზე მიანიშნებს.

რადარების ინჟინერმა ფილიპო ბიონდიმ სავარაუდო ისტორიული სენსაცია „Matt Beall Limitless“-ის პოდკასტის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში გააჟღერა.

მისი თქმით, “გიზის პლატოს ქვეშ, სადაც ხეოფსის დიდი, ხეფრენის და მიკერინის პირამიდები და ასევე სფინქსი მდებარეობენ, ძალიან დიდი სტრუქტურა ფიქსირდება“.

ბიონდის და მისი ჯგუფის განცხადებით მათ მიწისქვეშა “მცველის“ შესახებ მინიშნებას პირამიდებსა და ცნობილ სფინქსს შორის გამავალი ხაზების კვლევის შედეგად მიაგნეს, რაც პარალელური გორაკის არსებობაზე მიუთითებს, სადაც სავარაუდოდ, მეორე მსგავსი ქანდაკება იმალება.

ეს დიუნა, რომლის სიმაღლე დაახლოებით 108 ფუტს აღწევს, გიზის პლატოს სატელიტურმა სურათებმაც დააფიქსირა.

“პირველი სფინქსი ოდნავ ქვემოთ, მცირე ჩაღრმავებაში მდებარეობს, ამიტომ შესაძლებელია, რომ მეორე სფინქსი ამ უფრო მაღალი გორაკის ქვეშ იმალებოდეს, რომელსაც კლდოვანი საფუძველი არ გააჩნია და გამაგრებული ქვიშისგან შედგება“, - აცხადებს ბიონდი

მკვლევარმა ასევე ე.წ. ოცნების სტელა გრანიტის ფილა გაიხსენა, რომელიც პირველი სფინქსის წინ დგას და მასზე ორი მითოლოგიური კატის გამოსახულებაა ამოკვეთილი, რაც ფილიპოს თქმით, მეორე ქანდაკების არსებობაზეც უნდა მიანიშნებდეს.

მკვლევართა გუნდმა პირველი სფინქსისა და ხაფრენის პირამიდას შორის არსებული ზონის საფუძვლიანი სკრინინგი ჩაატარა.

ბიონდის თქმით “ მათ ვერტიკალური შახტები და ჰორიზონტალური გვირაბები აღმოაჩინეს, რაც მიწისქვეშა მეგასტრუქტურის არსებობაზე მიუთითებს, კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ღრმა შახტიდან გვირაბები სხვადასხვა მიმართულებით მიემართებიან".

“სტრუქტურები ზედაპირზე არსებული სფინქსის ქვეშ მდებარე გვირაბების ქსელს ჰგავს, რაც შთამბეჭდავ სიმეტრიას“ ქმნის“, - აცხადებს აღფრთოვანებული მეცნიერი.

საინტერესოა, რომ ბიონდი ერთადერთი მკვლევარი არ არის, ვინც მეორე სფინქსის არსებობას ვარაუდობს. ეგვიპტოლოგმა ბასამ ელ შამამ მსგავსი თეორია ათ წელზე მეტი ხნის წინ, იმ ძველი ეგვიპტური ჩანაწერებისა და მითოლოგიის საფუძველზე დაყრდნობით წამოაყენა, სადაც სფინქსზე ელვის დარტყმაა აღწერილი.

მისი აზრით, ეს შეიძლება მეორე მონუმენტის არსებობაზე მიუთითებდეს, რომელიც “ძლევამოსილი ეგვიპტური ღმერთის წყევლის“ შემდეგ განადგურდა.

წყარო