ავტორი:

თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე  - რა ხდება ცნობილი?

თავდასხმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე  - რა ხდება ცნობილი?

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, 27 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ირანში მდებარე რამდენიმე ბირთვულ ობიექტზე მიიტანეს იერიში, დარტყმები ურანისა და მძიმე წყლის საწარმოებზე განხორციელდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

ირანის სახელმწიფო მედიისა და თეირანის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიშები ისრაელის მხრიდან საომარი კამპანიის “ესკალაციისა და გაფართოების” შესახებ მუქარიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა.

ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაცია კი ცენტრალურ ირანში მდებარე ურანის გადამამუშავებელი საწარმოს დაზიანების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

“არდაქანის ქარხანა, რომელიც იაზდის პროვინციაში მდებარეობს, რამდენიმე წუთის წინ თავდასხმის სამიზნე გახდა, იერიშს რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ გამოუწვევია", - ნათქვამია სააგენტოს Telegram-არხზე

ამავე დროს, სახელმწიფო სააგენტო Fars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასევე დაიბომბა ხონდაბის კომპლექსის მძიმე წყლის რეაქტორი. მძიმე წყალი ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების მოდერატორად გამოიყენება.

Fars-ისა და სხვა მედიის ცნობით, იერიშის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, გასული წლის მდგომარეობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.

მისი მშენებლობის გეგმამ ადრე შეშფოთება გამოიწვია ისრაელსა და დასავლეთში, რადგან მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებაში გამოიყენება.

გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს არაკის კომპლექსში ჯერ კიდევ მშენებარე რეაქტორი დაბომბა. იმ დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორი არ ფუნქციონირებდა და არანაირ ბირთვულ მასალას არ შეიცავდა.

IRNA-ს ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების სამიზნე "yellowcake“ის საწარმოც გახდა, სადაც მადნიდან მინარევების მოცილების შემდეგ ურანის კონცენტრირებული ფორმა მიიღება.წყარო

მოგვიანებით გავრცელდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადება, რომლის თანახმადაც ისრაელმა ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.

"ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანას, ელექტროსადგურს და სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს შეუტია. ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-სთან კოორდინირებულად მოქმედებდა. თავდასხმა ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს დააკისრებს“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

ამასთანავე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გააფრთხილა რეგიონში არსებული იმ სამრეწველო ობიექტების თანამშრომლები, რომლებსაც ამერიკელი აქციონერები ჰყავთ, ასევე ისრაელის მოკავშირე მძიმე მრეწველობის თანამშრომლები, დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი სამუშაო ადგილები, რადგან საპასუხო თავდასხმების განხორციელებას გეგმავენ.

იხილეთ ასევე: