ავტორი:

"იქ სამხედროებმა დამაყენეს... მეტი ადგილი არსად იყო, რომ დავმშვიდობებოდი პატრიარქს" - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან: ცხოვრება ტრაგედიითა და უწმინდესის სიყვარულით

"იქ სამხედროებმა დამაყენეს... მეტი ადგილი არსად იყო, რომ დავმშვიდობებოდი პატრიარქს" - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან: ცხოვრება ტრაგედიითა და უწმინდესის სიყვარულით
  • ფოტოს ავტორი: Te Te

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს. 2026 წლის 22 მარტს, ილია მეორე ათასობით ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რიგი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა...

  • სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონის - სულიკო ღვინჯილიას ფოტომ მიიპყრო, რომელიც სამხედროებს შორისაა და პატრიარქს დაჩოქილი ემშვიდობება...

AMBEBI.GE ქალბატონ - სულიკო ღვინჯილიას და შვილს - სოფო იზორიას გაესაუბრა...

სოფო იზორია

- დედა - სულიკო ღვინჯილია 86 წლისაა, სენაკში ცხოვრობს, სენაკის მკვიდრია. სპეციალობით აგრონომია, მაგრამ უშტატო კორესპონდენტიც გახლდათ, სტატიებს ხშირად წერდა ადგილობრივ პრესაში. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობდა, სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა. შემდეგ პარტიული ბილეთი დახია და ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მიმდევარი იყო, მათ ბოლომდე უერთგულა, მეგრულადაც დაიტირა... ზვიად გამსახურდია რომ გარდაიცვალა, დედა ჩემთან იყო ჩამოსული პეტერბურგში (პეტერბურგში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი) და პეტერბურგიდან გროზნოში ჩავიდა დასატირებლად...

ფოტო: Te Te

- პატრიარქს პირადად შეხვედრია?

- დიახ, სამახსოვრო ფოტოც აქვს უწმინდესთან გადაღებული... დედა თბილისში წირვას ხშირად ესწრებოდა, სვეტიცხოვლობას სვეტიცხოველში ჩავდიოდით. 1978 წლიდან მრევლია, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან. მაშინ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ შეიძლებოდა, მაგრამ ხალხი ჩუმად მაინც დადიოდა ტაძრებში. დედა აქ დადიოდა ადგილობრივ ტაძარში, შვილებიც დავყავდით...

- წერდნენ, რომ დედამ დიდი ტრაგედია გადაიტანა...

- დიახ, ჩემი ძმა და მამა კოვიდის შედეგად ერთად გარდაიცვალნენ. ძმა 43 წლის იყო, მამა 80 წლის. ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ტაძარში სტიქაროსანი იყო... მე პეტერბურგში ვცხოვრობ, სამსახური იქ მაქვს, ექიმი ვარ, მაგრამ ძმის და მამის გარდაცვალების შემდეგ დედას მარტო არ ვტოვებ და ძირითადად მასთან ვარ სენაკში.

სულიკო ღვინჯილია

- ჩვენ წმინდანი პატრიარქი გვყავდა და ახლა იქიდან დაიფარავს სრულიად საქართველოს მისი სიწმინდე და ლოცვა... ძალიან განვიცდი უწმინდესის გარდაცვალებას, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ კიდევ ერთი წმინდანი შეემატა ზეციერ საქართველოს.

- გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ფოტოა გადაღებული?

- ტაძარში არ შემიშვეს და მეტი ადგილი არსად იყო, რომ დავმშვიდობებოდი. მინდოდა ახლოს მისვლა, მეგრულად რომ მეთქვა - უწმინდესო და უნეტარესო, ქრისტე აღსდგა! კაციშვილმა არ მიმიშვა სიახლოვეს. არადა პატრიარქი რომ დამინახავდა, მანქანაში თუ იჯდა, გააჩერებინებდა და გულში ჩამიკრავდა. სამხედროებმა იქ დამაყენეს და როცა პატრიარქი ჩამოაბრძანეს, დავიჩოქე, ისე დავემშვიდობე.