ავტორი:

"პარკინსონის პრობლემა რომ დაეწყო, ხატებს ვეღარ წერდა და მაშინ გადაერთო მუსიკაზე, "ალილუია" ჩეხეთში შეიქმნა... ბოლოს უწმინდესი 4 იანვარს ვნახე" - ზვიად ბოლქვაძის მოგონებები ილია II-ზე

"პარკინსონის პრობლემა რომ დაეწყო, ხატებს ვეღარ წერდა და მაშინ გადაერთო მუსიკაზე, "ალილუია" ჩეხეთში შეიქმნა... ბოლოს უწმინდესი 4 იანვარს ვნახე" - ზვიად ბოლქვაძის მოგონებები ილია II-ზე

22 მარტს საყვარელ პატრიარქს მისივე საგალობლით "ალილუია" დაემშვიდობა. ზვიად ბოლქვაძემ ის აფხაზეთის კაპელასთან ერთად შეასრულა...ზვიადი ქართველი მუსიკოსებიდან შეიძლება ითქვას, იშვიათი გამონაკლისია, ვისაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელზე მუშაობის პატივი ერგო...

მუსიკოსი და კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე AMBEBI.GE-ს პატრიარქზე, მასთან ურთიერთობაზე და მის საგალობლებზე მუშაობის შესახებ გულახდილად გვესაუბრა...

ზვიად ბოლქვაძე:

- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კათოლიკოს-პატრიარქთან ასეთი შეხვედრა მექნებოდა... კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, ალბათ უფრო მაგისტრატურის პირველკურსელი, როცა სვიმონ ჯანგულაშვილმა, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა მთხოვა, იქნებ უწმინდესის საგალობელს საგუნდო არანჟირება გაუკეთოო... მე და სვიმონ კონსერვატორიაში ერთ პერიოდში ვსწავლობდით, ვმეგობრობდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. რა თქმა უნდა, ძალიან ავღელდი. იმაზე ვინერვიულე, რომ სასულიერო მუსიკას უნდა შევხებოდი და თან უწმინდესის ნამუშევარს. ეს ჩემთვის გასამმაგებული პასუხისმგებლობა იყო...

სვიმონი არ მომეშვა, დაჟინებით მთხოვდა, - სცადეო. მოკლედ გავუკეთე არანჟირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხმებში გავშალე... მახსოვს იმაზეც ძალიან ვღელავდი, უწმინდესი რას იტყოდა.როდესაც პატრიარქთან მივედი, ძალიან თბილად შემხვდა, დამლოცა, "კირიე ელეისონი“ მოისმინა და კმაყოფილი დარჩა. მეც მოვისმინე მერე ტაძარში რომ შესრულდა და ჩემთვისაც რაღაც განსაკუთრებული წამები იყო, საოცრად ჟღერდა... უწმინდესის ყველა საგალობელი ძალიან დიდი ღვთაებრიობით გამოირჩევა. ძალიან დიდი ზემოქმედების უნარი აქვს. თითოეული გულში ჩამწვდომია... "კირიე ელეისონზე“ მუშაობისას, როგორც გითხარით, გამორჩეული ღელვა იმიტომ მქონდა, უწმინდესის სულის ამოძახილს - მისი სულიდან ამოსულ ბგერებს ვეხებოდი. სასულიერო მუსიკა ზოგადად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს... ამის გამო ჩემი მხრიდან დიდი მონდომებაც იყო. ყოველ შემთხვევაში თითოეულ ბგერაში, ძალიან ბევრი ფიქრის შედეგად, რაც შემეძლო, მთელი სული და გული ჩავდე.

- მართლა საოცარი საგალობლები აქვს...

- ასევე ყველა სახალხოა - დიდი სისადავით გამორჩეული და ამიტომაც არის ყველასთვის გასაგები. მისი საგალობლების გარკვეულ ნაწილს არანჟირება საერთოდ არ დასჭირვებია. მაგალითად, "წმინდაო ღმერთის", რომელიც ძალიან ადრე აქვს შექმნილი...

- და მერე უკვე პატრიარქის არაერთ საგალობელს გაუკეთეთ, ხომ არანჟირება? იქნებ იმ პერიოდიდან რაიმე ეპიზოდი უფრო კონკრეტულად გაიხსენოთ...

- დეტალები შეიძლება ზუსტად ვერ გავიხსენო, რადგან დიდი ხნის წინ იყო, დაახლოებით, 23 წელია მას მერე გასული, მაგრამ მახსოვს, რომ საერთოდ ძალიან თბილად მიმიღო, ჩამიხუტა და დამლოცა. ნეტავ, ადამიანებს შეგვეძლოს ისე ზუსტად შემოვინახოთ ასეთი წუთები და ზუსტად ჩავიწეროთ ისინი გულის წიგნაკში... სვიმონი მაწვდიდა ხოლმე მისი საგალობლებს, მელოდიებს. მას ძალიან დიდი როლი აქვს ამ საქმეში და მისი ჩართულობა ძალიან დიდი იყო. მერე ფოლკლორისტი გიო დონაძეც შემოგვიერთდა და უწმინდესთან ხშირად ვიკრიბებოდით.

- უწმინდესთან ასეთ შეკრებებზე ყოფნა ყველას ხვედრი არ ყოფილა... როგორი იყო იმ შეკრებებზე პატრიარქი?

- როგორიც ქადაგების დროს იყო ხოლმე, მრევლს როგორი სიყვარულითაც მიმართავდა, ისეთივე იყო პირად ურთიერთობებში. ძალიან ყურადღებიანი და თბილი. უბრალოდ ადამიანობის ამაზე დიდი მაგალითი არ არსებობს. ყველასთან ყოველთვის მოწიწებით ფორმაში იყო. ამიტომ მასთან თითოეული შეხვედრა სასიამოვნოდ მახსოვს. სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, დიდი დოზით კი, მუსიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი ჟანრის მუსიკაზე დიდი ინფორმაცია ჰქონდა. კლასიკური მუსიკა გამორჩეულად უყვარდა და ასევე საოპერო ხელოვნება. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ ყოველდღიურად ასობით ადამიანთან ურთიერთობდა, ჰქონდა შეხვედრები. მისი საოცარი ნიჭიერება კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანილი, რაღაც ზებუნებრივი, უჩვეულო, გამორჩეული, სხვანაირი იყო. დიდი ბედნიერებაა, რომ ღმერთმა ჩვენთვის ასეთი პიროვნება მოავლინა.

ქართულ საეკლესიო საგალობლებს გალობდა. უმაღლესი განათლება მუსიკაში არ ჰქონდა, მაგრამ ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვისაც გაუგებარია, მუსიკაში ასე კარგად როგორ ესმოდა არც ისე მარტივი ნიუანსები. 23 წლის წლის წინ, როცა გავიცანი, ალბათ 70 წლის იქნებოდა, თავლშისაცემი იყო ის, თუ როგორ პროგრესირდებოდა როგორც სულიერებაში, ასევე ნებისმიერ საკითხში, თანამედროვე ცხოვრებას ვგულისხმობ. განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებული იყო. ჩვენი აზრი სულ აინტერესებდა. რაღაცებს სულ გვეკითხებოდა.როდესაც ჩემი მუსიკა მოვასმენინე, მანუგეშა და მითხრა, ცხოვრებას უფრო ოპტიმიზმით უნდა შეხედო... გვანუგეშა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ჩემთვის დღემდე ეს გამომაფხიზლებელი ფრაზაა. როცა სევდა წამიღებს, უწმინდესის ეს სიტყვები აუცილებლად თავს შემახსენებს ხოლმე... ღმერთს ვთხოვ, რომ შეაძლებინოს სიკეთით, სიყვარულით და იმ შეგროვებით ცხოვრება, რასაც მთელი მოღვაწეობის მანძილზე უწმინდესი ქადაგებდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიანისთვის, საერთოდ ადამიანისთვის. კი, მასთან ურთიერთობის შემდეგ პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა.

- მისი გასვენების დღეს გუნდთან ერთად მისივე საგალობელი, „ალილუია“ შეასრულეთ და ფაქტობრივად ასე გამოემშვიდობეთ მას...

- კი... „ალილუიას“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. პარკინსონის პრობლემა რომ დაეწყო, ხატებს ვეღარ წერდა და მაშინ მეტად მუსიკაზე გადაერთო. როდესაც უცხოეთში სამკურნალოდ მემგზავრებოდა, იქ სამუშაოდ მეტი დროც ჰქონდა. მოკლედ, საგალობელი „ალილუია“ უცხოეთში, კერძოდ, ჩეხეთში შეიქმნა. დილით რომ დავიწყეთ, საღამოს მთლიანი ფორმა უკვე ჰქონდა.

- ე.ი. თქვენც ახლდით?

- კი, ჩემთან ერთად შეიქმნა ეს საგალობელი. თავიდან თვითონ წაიმღერა და დაუკრა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონ ბრძანა - „ადამიანს რაც სულში აქვს, ის გადმოსდის ბგერების, ფერების სახით“. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საგალობელი მის გონებასა და სულში დიდხანს იხარშებოდა, ტრიალებდა, გზას ეძებდა, ერთი ბგერა მეორეს ებმოდა და მასში ნელ-ნელა ფორმირდებოდა. შემდეგ ღიღინებდა ხოლმე და სვიმონი მის მელოდიებს იწერდა...ერთ-ერთი ამის მაგალითი ჩემთან ერთად ყოფნისას მოხდა. ღიღინებდა, მე ვისმენდი. მერე იმ კონკრეტულ მელოდიას, რომელსაც წაიღიღინა, ინსტრუმენტთან ვიჯექი და ვუჩვენებდი, ხმებში როგორ იჟღერებდა. კორექტირება შეგვქონდა, თან მუშაობას ვაგრძელებდით, - ისევ ჰარმონიულ ბერებს, ფერებს ვეძებდით. ვასმენინებდი და მასთან შეთანხმებით იძერწებოდა საგალობლები საორკესტრო თუ აკაპელა. დიდი დრო მიჰქონდა საორკესტრო პარტიტურებზე მუშაობას. მელოდიის დამუშავებას, ნოტებში გადატანას ა.შ.

- მასთან ასე ახლოს ყოფნა რას ნიშნავდა თქვენთვის?

- ბედნიერება იყო, რაღაც სხვა სულიერი მდგომარეობა. ამ სულიერ მდგომარეობას მისი არსებობა ქმნიდა. იმ ყველაფერს სიტყვებით ვერც აღვწერ, ალბათ ეს სიტყვის ოსტატებს უფრო გაუადვილდებათ... მე ვეცდები, მუსიკით გადმოვცე ჩემი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მასთან გატარებული დრო. მისი გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. უდიდესი საყრდენი იყო მთელი ერისთვის. ახლა ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, არასდროს დავივიწყოთ და დავკარგოთ მისი შეგონებები. ყველამ ვიცით, რა გაუხარდება მის სულს და რა გაუხარდება ღმერთს ჩვენგან, მისი სულიერი შვილებისგან.უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავაკეთოთ. სიყვარულით ვიცხოვროთ, რათა ჩვენს სამშობლოს სიკეთე დავუტოვოთ.

- ბოლოს როდის ნახეთ პატრიარქი?

-ყოველ ჯერზე გვაჯილდოებდა უდიდესი სიყვარულით და მასთან შეხვედრის შემდეგ სიხარულით დავფრინავდით. ასეთი იყო ხოლმე მასთან შეხვედრა - ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე.თუ ძალიან დავიკარგებოდი, ყოველთვის უდიდესი სიყვარულით მსაყვედურობდა - სადა ხარ?... მამა დავითი მეუბნებოდა, მოდი, მოდიო, მაგრამ ხშირი სტუმრობა მერიდებოდა. თუმცა ყოველ მისვლაზე, რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, მაინც ცდილობდა, სათანადო ყურადღება მოექცია. ბოლოს წელს, 4 იანვარს უწმინდესის დაბადების დღეზე ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ იყო, ვინც იქ ვიყავით, სიყვარულით მაინც დაგვაჯილდოვა. ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ, გამოგვეხატა სიყვარული და სითბო.

საპატრიარქოს გუნდმა „ბასიანმა“ საგალობლები, ხალხური სიმღერები შეასრულა და „ალილუია“ ყველამ ერთად ვიგალობეთ. ფაქტობრივად ასე დავემშვიდობეთ.დიდი დანაკარგია... მიჭირს და ალბათ ყველას გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. რომ დავმშვიდდებით, უფრო თამამად შევძლებთ საუბარს. ახლა ყველანი დამძიმებულები ვართ. ჩემს ცხოვრებაში უწმინდესთან ურთიერთობა ზღაპრული ფურცლები იყო, ცოტა დაუჯერებელიც. არ ვიცი, რით დავიმსახურე, ეს პატივი რომ მხვდა, მის ღვთაებრივ საგალობლებთან მქონოდა შეხება. დიდი სიყვარული დამრჩა და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვატარო. ამ პასუხისმგებლობით ცხოვრება არ არის მარტივი, მაგრამ ფაქტია, დიდი წყალობაა, უწმინდესის გვერდით გატარებული წლები. ამისთვის ბედნიერი ვარ და უფლის მადლობელი... ვეცდები, ვიცხოვრო ისე, რასაც უწმინდესი ქადაგებდა, რა შეგონებებსაც გვაძლევდა...