რიაზანის რკინიგზის სადგურზე, ერთ ცივ შემოდგომის დილას, მილიციამ პატარა, დაახლოებით 4 წლის გოგონა იპოვა. ბავშვი დასვრილი, შეშინებული და აკანკალებული იყო, ხელში კი წიგნი ჰქონდა ჩაბღუჯული. მან მხოლოდ საკუთარი სახელი - იულია და მშობლების სახელები - ვიტია და ლუდა იცოდა. არავინ იცოდა, როგორ აღმოჩნდა პატარა ბავშვი მარტო სადგურზე, ან საიდან მოვიდა.
ეს არ არის დრამატული ფილმის სცენარი, ეს იულია მოისეენკოს რეალური ცხოვრებაა, რომელსაც საკუთარი ოჯახის მოსაძებნად 20 წელი დასჭირდა.

"ვიღაც ძიამ ვაგონიდან ჩამომიყვანა და მითხრა, დამელოდეო"
როდესაც პატარა იულია განყოფილებაში მიიყვანეს, ის მხოლოდ გაურკვეველ ფრაგმენტებს ჰყვებოდა: როგორ დაჰყავდათ ვიღაც „ძიასა და დეიდას“ ქუჩებში სამათხოვროდ, როგორ ეძინა ნანგრევებში და როგორ გაურბოდნენ ფორმიან ადამიანებს. გამომძიებლები ბავშვს მთელ რუსეთში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 4 წლის გოგონას საზღვარი ჰქონდა გადაკვეთილი.
სინამდვილეში, იულია ბელარუსში, დაბა ოსიპოვიჩში ცხოვრობდა. 1999 წლის 1 ოქტომბერს ის მამასთან ერთად მინსკიდან შინ ელექტრომატარებლით ბრუნდებოდა. მამას ჩაეძინა, ხოლო როცა გაიღვიძა, თავი გატეხილი ჰქონდა, შვილი კი - გამქრალი იყო. მშობლები წლების განმავლობაში ეძებდნენ შვილს, ამოწმებდნენ ჭებს, მიტოვებულ სახლებს, აკრავდნენ განცხადებებს, მაგრამ გოგონა გაქრა.
ახალი ცხოვრება
რუსეთში იულიას ახალი გვარი მისცეს - ივანოვა. მალე ის ალპატოვების ოჯახმა იშვილა. ირინა ალპატოვამ, რომელმაც ოდესღაც პირობა დადო, რომ თუ მისი ავადმყოფი შვილი გადარჩებოდა, ბავშვთა სახლიდან ბავშვს აიყვანდა, იულია პირველივე ნახვისას შეიყვარა.

„მკითხა, სტაფილოთი თუ გამიმასპინძლდებითო. რომ ვუთხარი, კი-მეთქი, ხელი ჩამკიდა და მითხრა, შენთან წამოვალ საცხოვრებლადო,“ - იხსენებს ირინა.
იულია სიყვარულში გაიზარდა, თუმცა ყოველთვის აწვალებდა კითხვა: მართლა მიატოვეს მშობლებმა თუ რაღაც სხვა მოხდა? ის ხშირად აკვირდებოდა გამვლელებს რიაზანის ქუჩებში და ფიქრობდა, რომ რომელიმე მათგანი შესაძლოა მამამისი ყოფილიყო.
საბედისწერო სიყვარული და სიმართლის გაგება
გოგონა გაიზარდა, ფარმაცევტი გახდა, გათხოვდა და შვილიც შეეძინა. 2019 წელს მან ილია კრიუკოვი გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მისი მეორე ქმარი გახდა. სწორედ ილიამ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა იულიას ტანჯვისთვის.
მან ინტერნეტში ძებნა დაიწყო იმ მცირე მონაცემებით, რაც იულიას ახსოვდა. სულ მალე ბელარუსული გაზეთის არქივში 1999 წლის განცხადებას წააწყდა: იძებნებოდა 4 წლის იულია, მამა - ვიქტორი, დედა - ლუდმილა. აღწერილობა, იარა შუბლზე - ყველაფერი ემთხვეოდა.

შეხვედრა 20 წლის შემდეგ
დნმ-ის ტესტმა დაადასტურა ის, რასაც ლუდმილა მოისეენკოს გული პირველივე დანახვისას კარნახობდა - იულია მისი შვილი იყო. მამამ, რომელიც 20 წელი დანაშაულის გრძნობით ცხოვრობდა, შვილს შენდობა სთხოვა. იულიამ გაიგო, რომ ის არავის მიუტოვებია - ის უბრალოდ საბედისწერო შემთხვევის მსხვერპლი გახდა.
დღეს იულიას ორი ოჯახი აქვს. ის რიაზანში ცხოვრობს, სადაც მისი გამზრდელი მშობლები და სამსახურია, თუმცა ბელარუსში ხშირად ჩადის. 20-წლიანი გაურკვევლობის შემდეგ მან ყველაზე მთავარი გაიგო: ის უყვარდათ და მის დაბრუნებას მაშინაც ელოდნენ, როცა იმედი თითქმის აღარ არსებობდა.