ავტორი:

იტალიელი სენიორების მოსამსახურე ქუთაისელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ბრენდი შექმნა: დღისით ტრაქტორზე ზის, ღამით კი - ძვირადღირებულ სამკაულებს ქმნის

იტალიელი სენიორების მოსამსახურე ქუთაისელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ბრენდი შექმნა: დღისით ტრაქტორზე ზის, ღამით კი - ძვირადღირებულ სამკაულებს ქმნის

იტალიაში მცხოვრები ქართველი დიზაინერი, დავით რინალდი, ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საკუთარი გზა ნულიდან, ემიგრაციაში, მძიმე ფიზიკური შრომის პარალელურად გაიკვალა. რინალდი მისი ფსევდონიმია - სახელი, რომლითაც მას დღეს იტალიაში იცნობენ. მისი ბრენდი DAME სიმბოლოა იმისა, რომ "შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის".

ბავშვობის გაკვეთილები და პირველი "გული"

დავითის შემოქმედებითი ძიება ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, ქუთაისში დაიწყო. მაშინ, როცა სხვა ბავშვები ერთობოდნენ, ის პლასტიკურ მასალას ფორმას აძლევდა.

"10 წლის ვიქნებოდი, როდესაც პლასტიკური ქვების კეთება დავიწყე. სულ მინდოდა რაღაც ჩემი შემექმნა. 2020 წელს პირველი კულონი რაც გავაკეთე, დღემდე შენახული მაქვს. მას შემდეგ, რაც ასტროლოგიით დავინტერესდი, გადავწყვიტე პლასტიკურ ქვებში ზოდიაქოს ნიშნები ჩამესვა, თუმცა ორი წლის შემდეგ, მთლიანად ბუნებრივ ქვებზე გადავედი".

საქართველოდან იტალიამდე: "გაჭირვება, რომელიც თავად შევიქმენი"

ბევრისთვის ემიგრაცია იძულებითი ნაბიჯია, თუმცა დავითი საკუთარ თავთანაც და მკითხველთანაც გულწრფელია - ის საკუთარ შეცდომებზეც ღიად საუბრობს:

"28 წლამდე საქართველოში ვიყავი. წასვლა ბანალურად მოხდა, გაჭირვების გამო, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს გაჭირვება თავად შევუქმენი საკუთარ თავს. ბიზნესიც მქონდა, სამსახურებიც, მაგრამ საქართველო მაინც დავტოვე. მანამდე ორ სხვა ქვეყანაში ვცადე ბედი და ბოლოს იტალიაში დავრჩი. უკვე 9 წელია აქ ვარ. თუმცა მე ვინც ვარ დღეს, რაც გამაჩნია, ჩემი შინაგანი მე და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ - ეს ყველაფერი ჩემმა ქვეყანამ მომცა. თუ რამ კარგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნიდან მაქვს".

ემიგრანტის "სიზმარი" და რეალობის მსხვრევა

იტალიაში ჩასვლა თავიდან სხვა პლანეტაზე მოხვედრას ჰგავდა, თუმცა ილუზია მალევე გაქრა. დავითი ემიგრანტის ყოფას წყლიდან ამოყვანილ თევზს ადარებს:

"გგონია, რომ სხვა პლანეტაზე მოხვდი, ყველაფერი უცხოა შენთვის. პირველ ეტაპზე გგონია, რომ ქერის ორმოში აღმოჩნდი. თუმცა ეს ილუზია მალე იმსხვრევა, იწყება გაუცხოება. ვერ ცნობ ხალხს, ვერც ისინი გცნობენ. წარმოიდგინეთ, თევზს ხომ უჭირს წყლის გარეშე, ასეა ემიგრანტისთვისაც, როცა ისე ვეღარ გრძნობ თავს.“

მსახურებიდან "ბატონობამდე"

დღეს დავითი იტალიური ოჯახის მეურნეობას უძღვება - აკეთებს ყველაფერს, რასაც საქართველოში არასოდეს გაჰკარებია.

"აქ ბევრი სამსახური მქონდა, მიმუშავია ალბანელებთანაც, მაგრამ ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდი ამ ქვეყანას. ძალიან პატარა ასაკიდან ვშრომობდი. ძნელია მათთვის, ვინც ზრდასრულ ასაკში იწყებს მუშაობას. თუნდაც საკუთარ ეზოში რომ რაღაც გაქვს ნაკეთები, ეს ძალიან გეხმარება. დღევანდელ დღემდე ისეთი არაფერი ყოფილა, რაზეც მეთქვას, რომ ვერ შევასრულებდი.“

დღეს ის იტალიელის ოჯახში მოსამსახურედ მუშაობს და ამას არ თაკილობს: "მომყავს მოსავალი, მიწას ვამუშავებ. გამიკეთებია რემონტები სახლში, რაც იქამდე არასოდეს გამიკეთებია. ყოველწლიურად ერთ ტონამდე ღვინოს ვაყენებ, ნატურალურს. ორ ტონამდე ბოსტნეული მომყავს პატარა ტრაქტორით. ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შედუღებას და მიწის დამუშავებას ვისწავლიდი".

DAME: ბრენდი, რომელიც იტალიური „სიესტის“ დროს დაიბადა

დავითის წარმატება სხვისი დასვენების ხარჯზე მოვიდა. მაშინ, როცა იტალიას სძინავს, ის ქმნის.

"იყო რეალობიდან გაქცევაც. სულ ვფიქრობდი: ის ადამიანები, ვისაც მსოფლიო დონის ბრენდები აქვთ, ჩვენნაირი ხალხია. თუ იმან შეძლო, მეც უნდა შევძლო. ყველა ოდესღაც ნულიდან იწყებს. როდესაც DAME შევქმენი, პირველი კლიენტი ბრაზილიელი ქალბატონი იყო. 11-ჯერ გავაკეთე მისთვის კულონი, რომ სრულყოფილებამდე მიმეყვანა. ვამბობდი: ღმერთო, კიდევ ერთხელ ვცდი და თუ ჩემი საქმე არ არის, აღარ გავაკეთებ-მეთქი. მეთორმეტე ვარიანტი იყო ის, რაც მინდოდა. ამ ქალმა 20 ევრო გადამიხადა და ეს კუპიურა დღემდე ჩარჩოში მაქვს შენახული".

დავითი მადლიერია იმ ოჯახის, სადაც მუშაობს: „ეს იტალიელის ოჯახია, სადაც ჩემი ბრენდი შევქმენი. ბევრი ამის უფლებას არ მოგცემს, რადგან აქ ერთი ზედმეტად ანთებული ნათურაც კი მათთვის ხარჯია. პირველი საათის შემდეგ, როცა ნახევარ იტალიას სძინავს, მე ჩემს ბრენდზე ვმუშაობ. თუმცა ამის გამო ამ სახლში და ეზოში არაფერი მომიკლია.“

რწმენა და მომავალი

მისთვის წარმატების ფორმულა მარტივია: ღმერთი და დაუღალავი შრომა.

„ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის ღმერთი უნდა ჩარიოს თავის საქმეში. წამოწოლილი ყოფნით არაფერი მოდის. შრომა ადამიანებს სიცოცხლის კოდში აქვთ. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა ჩვენს თაობას 90-იან წლებში. მიხარია, რომ ყაჩაღი არ გამოვედი. რამდენჯერ მიფიქრია, ფუფუნებაში რომ გავზრდილიყავი, დღეს სულ სხვანაირი ვიქნებოდი.“

მისი აზრით, ბევრი ემიგრანტი მიზანს იმიტომ ვერ აღწევს, რომ „მეტ დროს სხვისი ცხოვრების გაქექვას უთმობენ“. თავად კი უკვე დაბრუნებაზე ფიქრობს:

„დრო აჩქარდა და დიდი შიში მაქვს იმის, რომ წასვლა მინდოდეს და ვეღარ მივდიოდე. მეშინია, მოვა დრო, რომ საზღვრები ჩაიკეტება. მინდა სახლში დავბრუნდე და იქ დავასაქმო ადამიანები.“