ავტორი:

"შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება... ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება" - დღეს საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება: ვილი სანიოლის კომენტარი

"შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება... ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება" - დღეს საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება: ვილი სანიოლის კომენტარი

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები ამჯერად ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი ლიეტუვაში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

თამაშამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

"ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ.

ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.

მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება".