ავტორი:

"ეს ჰგავდა შეტყობინებას სიკვდილის შესახებ" - გერმანელი ტელევარსკვლავი ყოფილ ქმარს, AI-ის საშუალებით, მის შესახებ პორნოგრაფიული ვიდეოების მომზადებასა და გავრცელებაში ადანაშაულებს

"ეს ჰგავდა შეტყობინებას სიკვდილის შესახებ" - გერმანელი ტელევარსკვლავი ყოფილ ქმარს,  AI-ის საშუალებით, მის შესახებ პორნოგრაფიული ვიდეოების მომზადებასა და გავრცელებაში ადანაშაულებს

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითზე კი ახლა გიამბობთ.

გერმანიის პოპულარული ტელესახე, 44 წლის კოლიენ ფერნანდესი სკანდალში გაეხვა და ეს სკანდალი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ფერნანდესის მხარდასაჭერად ჰამბურგში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. მან აქციაზე ცრემლიანი თვალებით ისაუბრა იმ საფრთხის შესახებ, რომლის გამოც ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება უწევს.

"ბომბი“ Spiegel-ისგან და მძიმე ბრალდებები

ყველაფერი ერთი კვირის წინ დაიწყო, როდესაც გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა ფერნანდესის სენსაციური აღიარება გამოაქვეყნა. ტელეწამყვანი ყოფილ ქმარს, ცნობილ მსახიობსა და პროდიუსერს, კრისტიან ულმენს ადანაშაულებდა "დეიფფეიქის“, AI-ით გენერირებული ყალბი ვიდეოების გავრცელებაში. ვიდეოები პორნოგრაფიული შინაარსისაა და ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოსდა ამ ვიდეოებში მონაწილე პირი ფერნანდესია.

  • ქალი ამბობს, რომ 2024 წლის შობის ღამეს ქმარი თავად გამოუტყდა, რომ მის ფოტოებსა და ვიდეოებს სექსუალური შინაარსის ყალბ კონტენტად აქცევდა და ინტერნეტში ავრცელებდა.

"ეს ჰგავდა შეტყობინებას სიკვდილის შესახებ. ხმას ვერ ვიღებდი, ტირილიც კი არ შემეძლო“, - იხსენებს ვარსკვლავი.

საპასუხო დარტყმა და სამართლებრივი დავა

კრისტიან ულმენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისმა ადვოკატებმა, ქრისტიან შერცმა და სიმონ ბერგმანმა, BBC-სთან განაცხადეს, რომ მათ კლიენტს არასოდეს შეუქმნია და არც გაუვრცელებია მსგავსი მასალა. ულმენი სასამართლოში უჩივის გამოცემა Spiegel-საც.

ადვოკატების მტკიცებით, ყოფილი ცოლ-ქმრის დავა პირადი კონფლიქტია და მას კავშირი არ აქვს გერმანიაში მიმდინარე დებატებთან "დეიფფეიქ“ პორნოგრაფიის კრიმინალიზაციის შესახებ.

პროტესტის ტალღა და პოლიტიკური რეაქცია

ფერნანდესის საქმემ გერმანიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. 250-მდე გავლენიანმა ქალმა პოლიტიკის, ბიზნესისა და კულტურის სფეროდახელისუფლებას 10-პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინა. ისინი ითხოვენ კანონის გამკაცრებას, რომელიც "დეიფფეიქ“ პორნოგრაფიის შექმნასა და გავრცელებას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს.

ამჟამად გერმანული კანონმდებლობით დასჯადია მხოლოდ სხვისი ფოტოს გავრცელება, თუ ეს არღვევს პირის უფლებას საკუთარ გამოსახულებაზე. იუსტიციის მინისტრმა შტეფანი ჰუბიგმა უკვე დააანონსა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

  • სკანდალმა პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქცია კანცლერი ფრიდრიხ მერციც. მას ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ ქალ ამომრჩევლებთან დისტანცირების გამო. პარლამენტში გამოსვლისას მერცმა განაცხადა, რომ ძალადობის "აფეთქება“ ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში დიდწილად მიგრანტთა ჯგუფებიდან მოდის.

ამ განცხადებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კანცლერი სტრუქტურული ძალადობის მიჩქმალვასა და საკითხის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.

გამოძიება გრძელდება

კოლიენ ფერნანდესმა სარჩელი ესპანეთშიც შეიტანა, რადგან თვლის, რომ იქ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი კანონებია. გერმანიაში კი იცეჰოს პროკურატურამ ხელახლა გახსნა საქმე, რომელიც გასულ წელს "სამხილების არარსებობის“ გამო შეჩერებული იყო.

ამ დროისთვის კოლიენ ფერნანდესი პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. "აქ ტყვიაგაუმტარი ჟილეტით ვდგავარ, რადგან მამაკაცებს ჩემი მოკვლა სურთ“, - განაცხადა მან ჰამბურგში გამართულ აქციაზე.