ავტორი:

"მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა, ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

"მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა, ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით - ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე - არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, აი, ამ შფოთის, ჩვენი ადამიანური შფოთის გარდა, არაფერი არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობს, - ამის შესახებ სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

  • მისი თქმით, ყველა შემთხვევაში ღმერთი იმოქმედებს და მნიშვნელოვანია, რომ "ჩვენ შფოთი არ შემოვიტანოთ.“

"ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით - ეს პროცესები, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო სულიერ ველზე. ფიქრობთ, სინოდი რომ დაიწყება, იხელმძღვანელებს დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რომ სინოდი იწყება ლოცვით. ამ ლოცვაში სინოდის წევრები შესთხოვენ ღმერთს, სულიწმინდას, რათა მადლმოსილად, ღმერთის ჩარევით წარიმართოს ეს საქმე.

არის სულიერი მხარე და მაგიტომ არის ხოლმე თხოვნა მრევლისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ გასაგებია ვნებათაღელვა, მაგრამ იქნებ ჩვენი მოთმინებით, ამ ლოცვითი გარემოს არდარღვევით, ყველანი შევეწიოთ, რომ მართლაც ღმერთი იმოქმედებს ყველა შემთხვევაში, უბრალოდ, ჩვენ შფოთი არ შემოვიტანოთ. ღმერთი რომ არ მოქმედებდეს, 1700 წელი ეკლესია ასე მტკიცედ დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდა“, - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზს კითხვა დაუსვეს პატრიარქის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მან 2017 წელს მიიღო და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.

იაკობ მახნიაშვილის შეფასებით, "მორწმუნე ადამიანისთვის პატრიარქის ქმედება მთელი ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„[გადაწყვეტილებას] უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ, მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის, ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკაა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. სინოდის ყველა წევრი თითქმის, უწმინდესის კურთხეულია, ხელდასხმულია მღვდელმთავრად და ყველა წევრს, უმრავლესობას ბავშვობიდან იცნობს, მათ შორის მეუფე შიოსაც. ყველა მღვდელმთავარს და სასულიერო პირს თავიანთი ღირსება აქვთ. ალბათ, მეუფე შიოში დაინახა სწორედ ის უნარები, ის თვისებები, რომლის ნაყოფიც ვნახეთ - ცხრა წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას.

  • რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამდენ ინფორმაციას მე არ ვფლობ, არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, აი ამ შფოთის, ჩვენი ადამიანური შფოთის გარდა, არაფერი არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობს“, - განაცხადა დეკანოზმა.

კითხვაზე, მეუფე შიოს გარდა, დებულების მიხედვით, რომელი მიტროპოლიტები აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, დეკანოზმა განაცხადა, რომ პირველი სინოდი რომ ჩატარდება, იქ მოხდება ამ მუხლების სწორი, პროფესიონალური ინტერპრეტაცია - ვინ რას აკმაყოფილებს და როგორ წარიმართება.

"პირველი სინოდი რომ ჩატარდება, იქ მოხდება ამ მუხლების სწორი, პროფესიონალური ინტერპრეტაცია - ვინ რას აკმაყოფილებს და როგორ წარიმართება. ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ როგორც გითხარით, მე პირადად, როგორც მორწმუნე ადამიანი, რიგითი წევრი და მრავალი ადამიანი, ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილებას ან განცხადებულ ანდერძს, რომ მოსაყდრედ მეუფე შიო აირჩია თავისი თვისებების და უნარების გამო, დიდ პატივს ვცემთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“, - აღნიშნა იაკობ მახნიაშვილმა.