"არავის მივცემთ საშუალებას ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები - თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
"ახლა ბევრი ვნებათაღელვაა, დაბნეულია ერი. მიდის საუბარი, ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს რა თქმა უნდა, გამოვირჩევთ, ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარია ის, რომ ხშირად დაბნეულები რომ ვიყავით, ზოგი ამბობდა ამას დაუჭერთ მხარი, იმას დაუჭერთ მხარს. მოდი ჩავთვლით, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, მაგიტომ ვამბობდით. ქრისტიანმა ადამიანმა რომ მაგით დაიწყოს: "ეგ აირჩიეთ", "იქ აირჩიეთ", ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან გაშორებულია. არჩევა სულიწმიდით ხდება.
მეც ვერ ვეტყვი ვინმეს ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას. ვიცი, ვინ უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი?! აქ მთავარია ის, თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, რომ როდესაც უწმინდესი საჭეთმპყრობელი ბრძანდებოდა ეკლესიის, გადახედეთ აბა, სინოდის წევრები ყოველთვის ისე ვიქცეოდით, რომ მასთან ვიდექით? ნერვებსაც ვუშლიდით...შეგვინდოს უფალმა. ადამიანები ვართ და ჩვენი სისუსტეა. მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე ერთსულოვნებით. ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება პატრიარქი. ჩვენ პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღონ, იმის ფასი არ ვართ არცერთ! ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და რა საქმეც დაიწყო ბოლომდე მისაყვანი გვაქვს. ჩვენი პატრიარქის სურვილი იყო საქართველოში ერთმანეთთან გვქონდა ის დამოკიდებულება, როგორც ქრისტიანებს შეეფერება. ვერ იტანდა ერთმანეთს რომ რაღაცას ვუშავებდით, ცუდს რომ ვლაპარაკობდით... დაგვინახოს ყველამ როგორ გვიყვარს ერთმანეთი და შეგვაფასონ თუ ვისები ვართ.
გგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რაიმე გადაწყვეტილებაში?! - გამორიცხულია! უწმინდესი ჩემზე იძახდა, მეუფე ისეთი ადამიანია, ჩიხში და მსგავს რაღაცაში არ მოხვდებაო. საქმისთვის თუ საჭირო გახდა, თავით კლდეებსაც გადაანგრევს და გავაო. არავის მივცემთ საშუალებას ჩვენთან რომ ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები: ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! მე ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას ეკლესიაში ხელები აფათუროს. უფლის შეწევნით, ისევ ის ვარ, ვინც ვარ, უფრო გაძლიერებული ვარ ჩემი უწმინდესის. ერთი წამთ არ დავუტოვებივარ, ვგრძნობ ჩემთან არის“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.